რუსეთი სომხურ პროდუქტებს იწუნებს

პროდუქტებში

რუსეთის „როსელხოზნაძორმა“ (Rosselkhoznadzor) სომხეთიდან მცენარეული პროდუქტების მიწოდებაში „მზარდი დარღვევების“ შესახებ განაცხადა.

2023 წელს როსელხოზნაძორის ტერიტორიულმა დეპარტამენტებმა გამოავლინეს საკარანტინო მავნებლების აღმოჩენის 72 შემთხვევა, სომხეთის რესპუბლიკიდან შემოტანილ ყვავილებსა და ხილ-ბოსტნეულ პროდუქტებში, ნათქვამია სააგენტოს ვებსაიტზე.

„ამავდროულად, ნოემბერში დაფიქსირდა დარღვევების მკვეთრი ზრდა – მხოლოდ 24-დან 26 ნოემბრის ჩათვლით რუსეთში დაბინძურებული ყვავილების, კიტრის, ჩირის, ყურძნის, ყვავილოვანი კომბოსტოს, პომიდვრის, წიწაკის, ბადრიჯნის, ვაშლის, მსხლის შემოტანის 36 შემთხვევაა.

პროდუქტებს ახლდა სომხეთის რესპუბლიკის სურსათის უვნებლობის ინსპექციის ორგანოს მიერ გაცემული ფიტოსანიტარული სერტიფიკატები.

მარეგულირებლის ინფორმაციით, ნოემბერში სომხეთიდან შემოსულ პომიდორში, მარწყვში, ვაშლსა და ყურძენში პესტიციდების ნარჩენების ზღვრულად დასაშვები დონის გადამეტების 5 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც შესაძლოა მწარმოებლების მიერ პესტიციდების გამოყენების რეგულაციების დარღვევაზე მიუთითებდეს.

ეს მიუთითებს „სომხეთის სურსათის უვნებლობის ინსპექციის ორგანოს მხრიდან კონტროლის შემცირებაზე და საფრთხეს უქმნის რუსეთის ფიტოსანიტარულ კეთილდღეობას“, – მიიჩნევს როსელხოზნაძორი და აღნიშნავს, რომ სომხეთის კომპეტენტურ სააგენტოს ეცნობა ყველა დარღვევის შესახებ, მაგრამ ინფორმაცია სამსახურში ჩატარებული გამოძიების შესახებ ჯერჯერობით მიუწვდომელია.

ამ სიტუაციის გათვალისწინებით, „როსელხოზნაძორმა“ ოფიციალური წერილი გაუგზავნა სომხეთს თხოვნით, დაუყოვნებლივ მიიღოს ყოვლისმომცველი ზომები რუსეთში დაბინძურებული პროდუქციის გადაზიდვის თავიდან ასაცილებლად და ამ კუთხით შესრულებული სამუშაოს შესახებ რუსეთის დეპარტამენტს აცნობოს.

ამასთან, საზღვარზე ფიტოსანიტარული კონტროლი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს, სომხეთიდან შემოსული ტვირთის შემოწმებისა და აღრიცხვის წესი არ შეცვლილა, აღნიშნეს დეპარტამენტში.

თქვენი რეკლამა