დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებმა, bp საქართველოსა და British Council Georgia -ს მხარდაჭერით, ინგლისური ენის სასწავლო კურსი გაიარეს.
კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ, ბიპი-ს ვიცეპრეზიდენტმა კასპიის რეგიონში კომუნიკაციის და საგარეო ურთიერთობის საქმეში ბახტიარ ასლანბაილიმ, დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილმა გადასცეს.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლებს ყოველდღიური შეხება აქვთ საერთაშორისო ვიზიტორებთან, შესაბამისად, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანია სააგენტოს თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერება უცხო ენების ცოდნის მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და bp საქართველოს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს დაცული ტერიტორიების სისტემის მდგრადი განვითარების გაძლიერების ხელშეწყობას – ბიომრავალფეროვნების დაცვის, ეკოტურიზმის პოტენციალის ზრდის, დაცულ ტერიტორიებთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიმართულებებით.
მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, რომლის ფარგლებშიც, სააგენტოს პერსონალის ინგლისური ენის ცოდნის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანი ინიციატივა განხორციელდა British Council-თან ერთად.
დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის თანამშრომელთა პროფესიული განვითარება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და სამუშაო პირობების გაუმჯობესება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სააგენტო აღნიშნული მიმართულებით არაერთ ღონისძიებას ახორციელებს.