აბზინდა (Artemisia absinthium) — ბუნებრივი ინსექტიციდი და ფუნგიციდი ორგანულ მეურნეობაში

აბზინდა, ბყნებრივი, პესტიციდი

აბზინდა საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა როგორც სამკურნალო და დამცავი მცენარე. ორგანულ მეურნეობაში მისი ნაყენები და ნახარშები ბუნებრივ ინსექტიციდად და რეპელენტად ითვლება.

ბოტანიკური დახასიათება და გავრცელება

აბზინდა (Artemisia absinthium) რთულყვავილოვანთა (Asteraceae) ოჯახის, აბზინდას (Artemisia) გვარის მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. იგი გამოირჩევა მრავალთავიანი, მოკლე, ნაწილობრივ გახევებული ფესვურითა და კარგად განვითარებული ფესვთა სისტემით, საიდანაც გაზაფხულზე ვითარდება 60–120 სმ სიმაღლის (ზოგჯერ 150 სმ-მდეც) სწორმდგომი, დატოტვილი და წიბოებიანი ღეროები. მთელი მცენარე დაფარულია ხშირი, ვერცხლისფერ-ნაცრისფერი, აბრეშუმისებრი ბუსუსებით, რაც მას დამახასიათებელ მოვერცხლისფრო შეფერილობას ანიჭებს და ჭარბი აორთქლებისგან იცავს.

ფოთლები მორიგეობითაა განლაგებული. ფესვთანური და ქვედა ღეროსეული ფოთლები გრძელყუნწიანია, ორჯერ ან სამჯერ ფრთისებრ დანაკვთული, ხოლო ზედა ფოთლები შედარებით მცირე ზომისაა, მოკლეყუნწიანი ან მჯდომარე, ვიწრო ლანცეტისებრი ნაკვთებით. ფოთლებისა და ღეროების დაზელვისას გამოიყოფა ძლიერი, სპეციფიკური და მკვეთრად მწარე სურნელი.

ყვავილედი შედგება მცირე ზომის (2,5–4 მმ დიამეტრის), სფეროსებრი ან ფართო კვერცხისებრი, ოდნავ ჩამოკიდებული კალათებისგან, რომლებიც ღეროსა და ტოტების წვეროებზე ფართო საგველასებრ ყვავილედად არის შეკრებილი. ყვავილები წვრილი, მილისებრი და ყვითელი ფერისაა. აბზინდა ყვავილობს ივნისიდან აგვისტომდე, ხოლო ნაყოფი — წვრილი, მოგრძო, მუქი ნაცრისფერი თესლურა — სექტემბერ-ოქტომბერში მწიფდება.

აბზინდა ფართოდ არის გავრცელებული ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, აზიასა და კავკასიაში. იგი გვალვაგამძლე და სინათლის მოყვარული მცენარეა, რომელიც ბუნებრივად იზრდება გზისპირებზე, საძოვრებზე, მინდვრებში, ბაღებში, ღობეების გასწვრივ, ნატყუარ ადგილებსა და სხვა დაუმუშავებელ, მშრალ ფართობებზე. საქართველოში გავრცელებულია თითქმის ყველა რეგიონში — დაბლობიდან საშუალო მთის სარტყლამდე.

ნედლეულის შეგროვება, შრობა და შენახვა

სამკურნალო და სამეურნეო დანიშნულებით ძირითადად გამოიყენება აბზინდის ფოთლები და აყვავებული წვეროები. ნედლეულის შეგროვება რეკომენდებულია ყვავილობის დაწყების წინ ან ყვავილობის საწყის ეტაპზე. ამ დროს დანით ჭრიან მცენარის ნორჩ, აყვავებულ წვეროებს, უხეში და გახევებული ღეროების გარეშე.

შეგროვებული მასალა შრება ჩრდილში, კარგად განიავებად ადგილას — სხვენში, ფარდულში ან სხვა მშრალ სივრცეში. მცენარეული მასალა ქაღალდზე ან ქსოვილზე თხელ ფენად უნდა გაიშალოს და გაშრობის პერიოდში პერიოდულად გადაბრუნდეს, რათა თანაბრად გამოშრეს.

გამხმარი ნედლეულის შენახვა სასურველია ქაღალდის პარკებში ან მუყაოს ყუთებში, მშრალ და ბნელ ადგილას. სათანადო პირობებში სასარგებლო თვისებებს დაახლოებით 2 წლის განმავლობაში ინარჩუნებს.

მოქმედების სპექტრი

აბზინდისგან მომზადებული ნაყენები და ნახარშები ორგანულ მეურნეობაში გამოიყენება როგორც მავნებლების, ასევე ზოგიერთი დაავადების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური საშუალება.

მავნებლები:

  • ბუგრები;
  • ტკიპები;
  • კომბოსტოს თეთრულა;
  • სხვადასხვა სახეობის მუხლუხო;
  • ლოქორები;
  • ჭიანჭველები;
  • კოლორადოს ხოჭო (განსაკუთრებით განვითარების ადრეულ სტადიებზე).

დაავადებები:

  • ჟანგა დაავადებები (Puccinia spp.);
  • ნაცარი (ძირითადად პროფილაქტიკური დამუშავების შემთხვევაში).

დამზადებისა და გამოყენების წესი

აბზინდის ცივი ნაყენი (რეპელენტური მოქმედებისთვის)

შემადგენლობა:

  • 300 გ ახალი ან 30 გ გამხმარი აბზინდის ფოთლები და ყვავილედები;
  • 10 ლ წყალი.

მომზადება:
დაქუცმაცებულ მცენარეულ მასას დაასხით წყალი და გააჩერეთ 24–48 საათის განმავლობაში.

გამოყენება: ნაყენი გადაწურეთ და მცენარეებს შეასხურეთ გაუზავებლად. იგი ძირითადად მავნებლების დასაფრთხობად გამოიყენება.

აბზინდის ნახარში (გაძლიერებული ინსექტიციდური მოქმედებისთვის)

შემადგენლობა:

  • 1 კგ ახალი აბზინდის მწვანე მასა;
  • 10 ლ წყალი.

მომზადება: მცენარეული მასა ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 20–30 წუთის განმავლობაში, შემდეგ გააგრილეთ და გადაწურეთ.

გამოყენება: გამოყენებამდე ნახარში გააზავეთ წყალთან თანაფარდობით 1:2. ხსნარის ფოთლებზე უკეთ შესანარჩუნებლად სასურველია დაემატოს 20–30 გ თხევადი საპონი.

უსაფრთხოების წესები და შეზღუდვები

ალელოპათიური მოქმედება: აბზინდა შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ზოგიერთი კულტურის ზრდას აფერხებს. ამიტომ არ არის სასურველი მისი ხშირი გამოყენება ახალგაზრდა ჩითილებსა და პარკოსან კულტურებზე.

დაყოვნების პერიოდი: დამუშავებიდან მოსავლის აღებამდე რეკომენდებულია მინიმუმ 3–5-დღიანი ინტერვალის დაცვა.

დამტვერავი მწერები: მცენარეები არ დაამუშაოთ აქტიური ყვავილობის პერიოდში, რათა არ შეფერხდეს ფუტკრებისა და სხვა სასარგებლო დამტვერავი მწერების აქტივობა.

ფოტო: აგროკავკასია / AI

გამოყენებული წყაროები:
კარლო ბუაჩიძე — პესტიციდური აქტივობის მცენარეები;
D.A. Dodia, I.S. Patel, G.M. Patel — Botanical Pesticides for Pest Management.

შენიშვნა: სტატიას აქვს მხოლოდ საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათი და არ წარმოადგენს აგრონომიულ რეკომენდაციას. მცენარეული ნაყენებისა და სხვა ბიოპრეპარატების მომზადებისა და გამოყენებისას აუცილებელია უსაფრთხოების წესების დაცვა და შესაბამისი სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინება.

თქვენი რეკლამა