დაფნის თესლით და ვეგეტაციური გამრავლება

დაფნა, დაფნის, გამრავლებოს, აგროწესები

დაფნა მრავლდება ვეგეტაციურად და გენერაციულად, ე. ი. თესლითაც და მცენარის ნაწილებითაც.

თესლით გამრავლების დადებითი მხარეებია: რეპროდუქციის მაღალი კოეფიციენტი, სიადვილე, შეცვლილ გარემო პირობებისადმი შეგუების უკეთესი უნარი, სიცოცხლის მეტი ხანგრძლივობა და დაავადებებისადმი და მავნებლებისადმი მეტი გამძლეობა. უარყოფითი მხარეა ნარგაობის სიჭრელე და გვიანი მოსავლიანობა.

ვეგეტაციური გამრავლების დადებითი მხარეა – ერთფეროვანი ნამრავლის მიღება და მოსავლიანობაში ადრე შესვლა, უარყოფითი სამუშაოს შესრულების სირთულე და სიძვირე, ნაკლები სიცოცხლის ხანგრძლივობა, დაავადებათა და მავნებელთა გავრცელების მეტი საშიშროება და სხვ.

ვეგეტაციური გამრავლების სახეებია: ღეროსეული და ფოთლისეული კალმების დაფესვიანება, ტოტების გადაწვენა, ბუჩქის დაყოფა და მყნობა.

საწარმოო პლანტაციების გასაშენებლად იყენებენ დაფნის თესვას ადგილზე თესვით ან გამოყვანილი თესლნერგის გადარგვას. ამ წესით გაშენებული პლანტაციები მნიშვნელოვანი მორფოლოგიური და სამეურნეო ნიშან-თვისებების სიჭრელით ხასიათდება.

დაფნის სადედე და სათესლე პლანტაციების მოსაწყობად სარგავი მასალა აუცილებლად უნდა გამოყვანილ იქნეს ვეგეტაციურად გამრავლების გზით.

დაფნა, დაფნის, გამრავლებოს, აგროწესები

დაფნის თესლით გამრავლება

თესლი სიმწიფეში შედის სექტემბერში და გარემო პირობების, მცენარეთა ბუნების და სხვა მიზეზით შეიძლება გაგრძელდეს დეკემბრის ბოლომდე.

მძიმე მექანიკური შედგენილობის ნიადაგებზე დაფნა სტრატიფიცირებული თესლით ადრე გაზაფხულზე ითესება. ტენიანი სუბტროპიკული ზონის, თბილი და რბილი ზამთრის პირობებში კი დაფნა ითესება შემოდგომაზე.

1 ჰექტარი სანერგისათვის საჭიროა 500 კგ სტანდარტული თესლი. შემოდგომით დათესილი თესლი ნიადაგში უნდა დაიფაროს 3-4 სმ სიღრმეზე, ხოლო გაზაფხულზე დათესილი – 5-6 სმ-ზე. თესლი ითესება მწკრივთა შორის 30 სმ -ზე დაცილებულ ღარში 5-6 სმ-ის დაცილებით.

დაფნის თესლი ტენით უზრუნველყოფის დროს, 8 გრადუსზე იწყებს გაღვივებას, 10-12 გრადუსზე კი- აღმოცენებას. მასიური აღმოცენება იწყება 16-18 გრადუსზე.

ახალი აღმონაცენის მგრძნობელობა მზის პირდაპირი სხივების მიმართ, არის დაფნის ბუნების ისტორიულად ქვეტყის პირობებში ჩამოყალიბების შედეგი, ამიტომ ჩვილი ნათესარების მზის სხივების მოქმედებისაგან დასაცავად, ნათესი კვლები უნდა დაიჩრდილოს დოლბანდით, მოთიბული ბალახით ან სხვა რამ მსგავსით.

დოლბანდის გადასაკრავად უნდა გაკეთდეს 35-40 სმ სიმაღლის ნახევრად სფერული კარკასები.

ვეგეტაციის პირველ წელს დაფნა ნელა იზრდება. ფესვის ზრდა კი უფრო გაძლიერებულია. სავეგეტაციო პერიოდში შეინიშნება ზრდის ორი ტალღა. ცენტრალური ღერო, ნორმალური კვების და მოვლის პირობებში, პირველ წელსვე იტოტება და სიმაღლით 35 სმ-ს აღწევს.

დაფნის სტანდარტულ ნერგს უნდა ჰქონდეს კარგად განვითარებული ფესვთა სისტემა.ღეროს დიამეტრი ფესვის ყელთან უნდა იყოს არანაკლებ 5მმ, სიმაღლე კი-30 სმ.

იხილეთ: დაფნის კულტურა, თესვა, გამრავლება, ბაღის გაშენება და აგროტექნიკა

გაზეთი „ჩვენი სოფელი“

დაფნა, დაფნის, გამრავლებოს, აგროწესები

დაფნის ვეგეტაციური გამრავლება

ვეგეტატიური გამრავლების დადებითი მხარეა ნამრავლის გამოთანაბრებულობა და ნაყოფმსხმოიარობაში ადრე შესვლა, უარყოფითი – სამუშაოს შესრულების სირთულე და სიძვირე, ნაკლები სიცოცხლის ხანგრძლივობა, დაავადებათა და მავნებელთა გავრცელების მეტი საშიშროება და სხვა.

ვეგეტატიური გამრავლების სახეებია ღეროსეული და ფოთლისეული კალმების დაფესვიანება, ტოტების გადაწვენა და ბუჩქის დაყოფა.

ვეგეტატიური გამრავლების მეთოდებიდან აღსანიშნავია ღეროს ან ფოთლის დაფესვიანების ან ტოტების გადაწვენის გზით სარგავი მასალის მიღება. აღნიშნული მეთოდი თესლით გამრავლებასთან შედარებით რთულია და დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. ამ მეთოდს გამოიყენებენ მხოლოდ მაშინ, როდესაც აუცილებელია მიღებული იქნას ერთგვაროვანი სარგავი მასალა. ძირითადად ეს მეთოდი გამოიყენება დაფნის სადედე სათესლე პლანტაციის გასაშენებლად. ზოგჯერ მას მიმართავენ სამრეწველო პლანტაციების გასაშენებლადაც.

სარგავი მასალის მისაღებად იყენებენ სხვადასხვა სიძლიერით გამერქნებულ კალმებს. კალმების დაფესვიანებაზე და მათ შემდგომ ზრდა- განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს ზრდის სტიმულატორები, ასევე სუბსტრატი, კალმის სტადიური მდგომარეობა, გარემოს ტემპერატურა, დარგვის წესი და სხვა.

ახალგაზრდა სადედე ხეებიდან დამზადებული კალმები უკეთ ფესვიანდება. ფესვთწარმოქმნის მაღალ უნარს (83%) ამჟღავნებს ერთწლიანი, მეორე ადგილზეა (78%) ნახევრად გამერქნებული, შემდეგ (28%) ორწლიანი და ბოლოს – მწვანე კალმები. მიმდინარე წლის ქორფა კალმები საერთოდ არ ფესვიანდება. ერთწლიანი კალმების დამზადების და დარგვის საუკეთესო ვადაა მარტ-აპრილი, ნახევრად გამერქნებული და მწვანე გაუმერქნებელი კალმებისათვის ივლის-აგვისტო. მცენარის ვარჯის ქვედა და შუა ზონიდან აღებული კალმები უკეთ ფესვიანდება.

სტანდარტული ერთწლიანი კალმის სიგრძე 10-12 სმ უნდა იყოს, ჰქონდეს 4 კვირტი ფოთლებით. დასარგავად მომზადებისას ქვედა ორი ფოთოლი უნდა მოშორდეს და დატოვებული იქნას ოთხი კვირტი ნახევრად შეკვეცილი ორი ზედა ფოთლით.

ასეთნაირად დამზადებული კალამი დახრილად ისე უნდა დაირგოს, რომ ორი ქვედა კვირტი სუბსტრატში მოთავსდეს. კალმები დასაფესვიანებლად ირგვება 5X5 სმ კვების არით.

დარგული კალმები უნდა დაიჩრდილოს და პერიოდულად მოირწყას. დაფესვიანებიდან 2 წლის შემდეგ ღებულობენ სტანდარტულ ნერგებს.

იხილეთ: დაფნა – დაფნის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგია

შემდგენლები: როზა ლორთქიფანიძე; ნინო ავალიშვილი; ცისანა ცეცხლაძე; ვახტანგ გოლიაძე – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორები.

დაფნა, დაფნის, გამრავლებოს, აგროწესები

თქვენი რეკლამა