ცხრატყავა (ჰასკაპი) – მომავლის კენკრა თუ ახალი აგრობიზნესის შესაძლებლობა?

ცხრატყავა, ჰასკაპი, აგრობიზნესი

როდესაც კენკროვან კულტურებზე საუბრობენ, პირველ რიგში მოცვი, ჟოლო ან მაყვალი გვახსენდება. თუმცა ბოლო წლებში საერთაშორისო ბაზარზე სულ უფრო ხშირად ჩნდება კიდევ ერთი სახელი – ცხრატყავა (ჰასკაპი).

ეს შედარებით ნაკლებად ცნობილი კენკრა უკვე კომერციულად იწარმოება კანადაში, იაპონიაში, პოლონეთსა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც მისი პლანტაციების ფართობი წლიდან წლამდე იზრდება.

ცხრატყავა (Lonicera caerulea), იმ კულტურებს მიეკუთვნება, რომლებმაც თავდაპირველად მომხმარებელთა ყურადღება კვებითი ღირებულებით მიიპყრეს, მოგვიანებით კი ფერმერებისა და ინვესტორების ინტერესის საგნადაც იქცნენ. ნაყოფი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ანთოციანინებითა და C ვიტამინით, რის გამოც მას ხშირად „სუპერკენკრის“ კატეგორიაშიც მოიხსენიებენ.

ცხრატყავას პოპულარობის მთავარი მიზეზი მხოლოდ მისი სასარგებლო თვისებები არ არის. ეს კულტურა საკმაოდ გამძლეა დაბალი ტემპერატურების მიმართ და ბევრ რეგიონში სხვა კენკროვანებზე ადრე იძლევა მოსავალს. სწორედ ეს ადრეულობა აძლევს მწარმოებლებს საშუალებას, ბაზარზე კონკურენტებზე ადრე გამოჩნდნენ.

აგრობიზნესის თვალსაზრისით, ცხრატყავა საინტერესოა იმითაც, რომ მისი რეალიზაცია მხოლოდ ახალი ნაყოფით არ შემოიფარგლება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მისგან ამზადებენ წვენებს, მურაბებს, ღვინოს, ჩირს, იოგურტებს, ნაყინს და სხვა გადამუშავებულ პროდუქტებს. ეს მნიშვნელოვნად ზრდის დამატებითი ღირებულების შექმნის შესაძლებლობას.

კანადაში, რომელიც დღეს ცხრატყავას ერთ-ერთ მთავარ კომერციულ ცენტრად ითვლება, კულტურის მიმართ ინტერესი იმდენად გაიზარდა, რომ მწარმოებელთა სპეციალური ასოციაციებიც შეიქმნა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბოლო წლებში ჰასკაპის წარმოების ფართობები და მწარმოებელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც მზარდი მოთხოვნის ერთ-ერთი მაჩვენებელია.

თუმცა ცხრატყავა პლანტაციის გაშენება ავტომატურად წარმატებულ ბიზნესს არ ნიშნავს. როგორც ყველა ნიშური კულტურის შემთხვევაში, აქაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბაზრის სწორ შეფასებას. პროდუქტის გაყიდვის არხების გარეშე მხოლოდ მოსავლის მიღება საკმარისი არ არის. ბევრ ქვეყანაში ყველაზე წარმატებული მეურნეობები სწორედ ის ფერმერები აღმოჩნდნენ, რომლებმაც წინასწარ დაგეგმეს პროდუქციის რეალიზაცია – იქნება ეს ახალი ნაყოფის გაყიდვა, გადამუშავება თუ საექსპორტო მიმართულება.

საქართველოში ცხრატყავას სამრეწველო წარმოება ფართოდ გავრცელებული არ არის. მიუხედავად ამისა, ქვეყნის შედარებით გრილ და მაღალმთიან რეგიონებში მისი გამოცდა საინტერესო მიმართულებად შეიძლება ჩაითვალოს. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ფერმერები სულ უფრო ხშირად ეძებენ მაღალი ღირებულების მქონე ალტერნატიულ კულტურებს.

ცხრატყავას კომერციული წარმოება

ცხრატყავას კომერციული წარმოება ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა და მსოფლიო მასშტაბით ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. კულტურის უდიდესი მწარმოებლები არიან კანადა, იაპონია და პოლონეთი, ხოლო ბოლო წლებში მისი პლანტაციები აქტიურად ფართოვდება ჩეხეთში, სლოვაკეთში, გერმანიასა და ბალტიის ქვეყნებში.

კანადა დღეს ცხრატყავას ინდუსტრიის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად ითვლება. ქვეყნის ოფიციალური მონაცემებით, 2024 წელს ცხრატყავას ბაღების ფართობმა დაახლოებით 1 128 ჰექტარი შეადგინა.

მიუხედავად იმისა, რომ ცხრატყავა ჯერ კიდევ ნიშურ კულტურად ითვლება, მრავალი ექსპერტი მას ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ კენკროვან მიმართულებად მიიჩნევს. მოთხოვნის ზრდას ხელს უწყობს როგორც მისი მაღალი კვებითი ღირებულება, ისე გადამუშავებული პროდუქციის ფართო ასორტიმენტი – წვენები, მურაბები, ჩირი, ღვინო და ფუნქციური საკვები.

ავტორი: მალხაზ ხაზარბეგიშვილი
გამოყენებული რესურსები: Haskap Canada Association, Agriculture and Agri-Food Canada

ცხრატყავა – კენკროვანი კულტურა

თქვენი რეკლამა