„მომავლის ფერმერი“ 2007 წლიდან ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე და ეწევა მნიშვნელოვან, მრავალპროფილურ საქმიანობას. მასში გაერთიანებულია ფერმერთა საკმაოდ დიდი ნაწილი, რომლებიც სხვადასხვა სახის დახმარებას იღებენ. ინფორმაციით უზრუნველყოფა, ტრენინგები, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, ადვოკატირება და სხვა.
„აგროკავკასია“ ამ ორგანიზაციისა და მისი საქმიანობის შესახებ ესაუბრა ასოციაციის თავმჯდომარეს, ქალბატონ რუსუდან გიგაშვილს.
საუბარი შეეხო ასევე დარგში არსებულ სხვადასხვა მნიშვნელოვან, ძირეულ პრობლემებს, როგორიცაა ფერმერის ხელმისაწვდომობა სხვადასხვა რესურსებზე, მათ შორის, საჭირო ინფორმაციაზე, დარგის განვითარებაზე, მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილზე და ამ ყველაფერში როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო სექტორების ჩართულობაზე.
– „მომავლის ფერმერი“ დიდი ხანია ფუნქციონირებს. როგორ გაჩნდა მისი ჩამოყალიბების იდეა. ხომ არ განაპირობა ეს თუნდაც იმ ფაქტმა, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარი სოფლის მეურნეობის პროდუქტს აწარმოებს და ამის მიუხედავად, მისი წილი ჩვენი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში საკმაოდ მცირეა?
– ჩვენი ორგანიზაციის შექმნის თავდაპირველი მიზანი გარკვეული ბიზნეს ინტერესებით იყო ნაკარნახები. ჯერ კიდევ 1990-იანი წლების დასაწყისში,არსებობდა და დღესაც არსებობს ორგანიზაცია „ბიოტეკსი“, რომელიც ვეტერინარული პრეპარატების წარმოებითა და რეალიზებით არის დაკავებული. მისი მიზანი იყო თანამედროვე ტექნოლოგიების და პრეპარატების დანერგვა, საბჭოური დამოკიდებულების მოხსნაჩვენს ფერმერებში, რომელიც მაშინ არსებობდა. ანუ საჭირო იყო საგანმანათლებლო საქმიანობა, რომელიც კონკრეტული მიმართულების მქონე ბიზნესკომპანიის მხრიდან არ გამოდიოდა. ამდენად გადავწყვიტეთ შეგვექმნა ისეთი ორგანიზაცია, რომელიც საგანმანათლებლო მისიას იტვირთებდა და მოამზადებდა ფერმერებს, სოფლის მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტების, ახალი თაობის ვეტერინარული პრეპარატებისთვის. ორგანიზაციას „ახალგაზრდა ფერმერთა სახლი“ ვუწოდეთ და ამ სახელით ფუნქციონირებდა 2011 წლამდე.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მაშინ ჩვენმა ასოციაციამ მეცხოველეობაში, მეფრინველეობაში, მეღორეობაში საკმაოდ სერიოზული ძვრები შეიტანა. იმ დროს, როცა ფერმერის ინფორმირებულობა, განვითარება და ზოგადად სოფლის მეურნეობა არავის ახსოვდა, ჩვენ და ჩვენნაირმა სულ რამდენიმე ორგანიზაციამ გააკეთა უდიდესი საქმე. დღეს, როდესაც გარკვეულ სიახლეებზე და ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით მიდის საუბარი, ფერმერი ერთგვარად შემზადებულია, მთლად ყამირი მიწა არ არის. ეს სწორედ კერძო ორგანიზაციების დამსახურებაა, რომლებიც წლების განმავლობაში ერთგვარ ექსტენციას წევდნენ.
მოგვიანებით, ჩვენი პროფილი გაფართოვდა, გაიზარდა ჩვენი სერვისებიც. დღეს ჩვენი სერვისებით დაახლოებით 25 000-მდე ფერმერი და სოფლის მოსახლე სარგებლობს. დღეში საშუალოდ გვაქვს 90-115 კონსულტაცია, ცხელ ხაზზე ყოველდღიურად შემოდის 100-120 ზარი, ონლაინ-კონსულტაცია – 12-15, გადამზადებული გვყავს 9520 ფერმერი და სპეციალისტი, ჩატარებული გვაქვს 480 ტრენინგი. გვაქვს აგრობროკერის სერვისიც და ფერმერებს ვეხმარებით სავაჭრო საკითხებში. ყოველდღიურად ამ მიმართლებით 15-25 ფერმერი მოგვმართავს. ასევე, ფერმერებს და საწარმოებს შევთავაზეთ ლაბორატორიული სერვისი, რომელსაც ვახორციელებთ ჩვენი ინდუსტრიული პარტნიორი ორგანიზაცია ბიორაციონალური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის, „ბიოტეკსის“ საშუალებით. ამ მხრივ, საკმაოდ დიდი გეგმები გვაქვს.
ჩვენ სულ რაღაც ორი წელიც არ არის, რაც ოფიციალურად დავიწყეთ ფერმერთა გაწევრიანება, რადგან ფერმერს არ უყვარს ზედმეტი ფორმალობები. ახლაც ძალიან დელიკატურები ვართ ამ საკითხში, ჩვენთვისაც და მისთვისაც მთავარია, საქმე გაკეთდეს. ამიტომ, ოფიციალურად დარეგისტრირებული ფერმერი დაახლოებით 3000- მდეა, თუმცა, არაოფიციალური ჩვენთან კომუნიკაციაში მყოფთა რიცხვი 25 000-მდეა. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, თუკი ვინმე ამ დარგთან ახლოს დადგა, ყველა ინარჩუნებს ჩვენთან ურთიერთობას, რადგან აქ მოსული ფერმერი არ იღებს მშრალ ინფორმაციას, ვეხმარებით რეალურად, შეიძლება ბაზრის რეალიზებამდე მოვუგვაროთ პრობლემები, ამიტომ იშვიათად არის, რომ აქ მოსული, შემდეგ სხვა გზებს ეძებდეს.
– მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილზე რას გვეტყვით?
– რაც შეეხება, ზოგადად, მშპ-ში ჩვენს წილს, ეს სერიოზული პრობლემაა. მართლაც, მოსახლეობის ნახევარი არის ჩართული სოფლის მეურნეობაში და შედეგი ძალიან დაბალი გვაქვს.თუ რატომ,ეს ძალიან კომპლექსური საკითხია, თუმცა, თავი და თავი ამ ყველაფრის მაინც განათლებაა. პირველ რიგში, სწორედ აქ გვიჭირს და მაქსიმალური უნდა გაკეთდეს სწორედ ამ მიმართულებით.
იაფ რესურსზე ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაბრკოლებაა. ბანკები ითხოვენ სესხის მაღალი ლიკვიდობის მქონე ქონებით უზრუნველყოფას, რაც სოფლად მცხოვრები ფერმერისთვის ძალიან ძნელია. ყველა კვლევაში პირველ პრობლემად სწორედ ეს სახელდება.
აუცილებლად გვჭირდება კონსოლიდაცია, გაერთიანება და ამ მხრივ არის, გარკვეული ხელშემწყობი ინიციატივები. ვფიქრობ, დღეს წამოწყებული კოოპერატივები ამის საკმაოდ კარგი საშუალებაა, მაგრამ გვესმის, რომ კოოპერატივები ხშირად მხოლოდ კონკრეტული დახმარების მიზნით, ფასადურად იქმნებიან და რეალურ საქმეზე ორიენტირებულები ნაკლებად არიან. არ შეიძლება დასაწყისშივე მახინჯი ფორმით დავიწყოთ ესა თუ ის რეფორმა. ამაში თითოეული ჩვენთაგანის, ფერმერების, კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციების პასუხისმგებლობაა. ჩვენ თუ გადავხედავთ უცხოეთის მაგალითებს, ვნახავთ, რომ იქ კოოპერატივი მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი სუბიქტია, ბევრგან ის არის ერთგვარი სახელმწიფო სახელმწიფოში, ფერმერი თუ არის კოოპერატივში, ის არის დაცული, დგას მყარად და მისი შესრულებული საქმეც ჩანს. თუმცა, იქ ფერმერი სხვაგვარად აზროვნებს, აქვს კონკრეტული სტრატეგია და მოლოდინები, საკუთარ თავს ბიზნესის წარმომადგენლად მიიჩნევს, აქვს ინიციატივები და მოქმედებს.
იქ კოოპერატივები ბევრად მოქნილი ორგანიზმები არიან, სადაც მკაფიოდ არის დარეგულირებული შიდასაწარმოო ურთიერთობები, ხდება კოოპერაცია თავად კოოპერატივებს შორის, არსებობს სპეციალური აგროსაკრედიტო ხაზი მხოლოდ კოოპერატივების გასაძლიერებლად და სხვ. რა თქმა უნდა, ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამ ამ მხრივ მოძრაობა გაცილებით ადრე დაიწყო და ჩვენ ბევრ მათგანს თითქმის საუკუნით ჩამოვრჩებით, მაგრამ მთავარია სწორად ვიაროთ და გამოვიყენოთ ის ხელშემწყობი პროექტები, რომლებიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს. ვფიქრობ, ეს პროცესი დღეს სასიცოცხლოა სოფლის მეურნეობისთვის და ზოგადად სოფლის განვითარებისთვის, ამიტომ ყველა მიზეზი, რაც ხელს უშლის მის სწორად წარმართვას უნდა იყოს სიღრმისეულად განხილული და გაანალიზებული საჯაროდ.
დღეს ჩვენ ჰაერივით გჭირდება ქვემოდან ზემოთ წამოსული სისტემები, ეს არის მთავარი გასაღები. აუცილებელია ფერმერმა იგრძნოს, რომ ის არის დარგის ნაწილი, მისი ხმა განსაზღვრავს დარგის მომავალს. აქ ისევ და ისევ, მნიშვნელოვან როლს კოოპერატივები უნდა ასრულებდნენ.
შემდეგი პრობლემა არის ის, რაზეც ყველა საუბრობს – ვართ მცირემიწიანები და ეს მცირემიწიანები კიდევ ჩაშლილები და დაქუცმაცებულები. სამწუხაროდ, ბოლო წლებშიც კი, სახელმწიფო ამ საკითხთან დაკავშირებით არ აღმოჩნდა მყარი. იყო გარკვეული ინიციატივები, რომლებმაც კი არ შუწყო ხელი მიწების გაერთიანებას, არამედ, პირიქით, ხელი შეუწყო დანაწევრებას, იგივე ე.წ. ვაუჩერების პროგრამასთან დაკავშირებით, ოჯახები დაიშალა, ეს ძალიან არაეფექტური იყო.
თუ ჩვენ გვინდა სოფლის მეურნეობაში სერიოზული ძვრები, რეალური ინვესტიციები და ხელშესახები შედეგები, მიწის რეფორმასთან დაკავშირებით ერთიანი ხედვა უნდა არსებობდეს. ის, რომ არ არსებობს მიწის ერთიანი კადასტრი და რთულია იმის გარკვევა, რა მოცულობის მიწა ეკუთვნის სახელმწიფოს, რა -კერძოს, ხშირია გადაფარვები, მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი ე.წ. ‘რუხზონებშია“ და კიდევ ბევრი პრობლემაა, აუცილებლად მოსაგვარებელი. ანუ ძალიან ბევრი ნიუანსია, რომელიც კომპლექსურადაა დასანახი, უნდა ვიცოდეთ საით მივდივართ გრძელვადიან პერსპექტივაში. დღეს მიწის ისეთი რეფორმა გვჭირდება, რომელიც მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილის გაზრდას მოემსახურება.
სამი წლის წინ ითქვა, რომ ძალიან მალე შემუშავდებოდა ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც ყველა მტკივნეულ საკითხს მოიცავდა, რომლის შემუშავებისას ჩართული იქნებოდა ყველა დაინტერესებული მხარე. საუბარი იყო მიწის კონსოლიდაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ, რომელიც მოგვიანებით სოფლისმეურნეობის განვითარების სტრატეგიაშიც ჩაიწერა.
მკაფიოდ არ არის ჩამოყალიბებული სახელმწიფო მიდგომები იგივე სათემო საძოვრებთან, საერთო საკუთრების მიწებთან დაკავშირებით. არ არის ბოლომდე დახვეწილი საკუთრების მარწმუნებელი კანონმდებლობა. გარკვეული საკითხები დაიძრა, თუმცა არა თანმიმდევრულად.
რაც არ უნდა რესურსი ვხარჯოთ და რაც არ უნდა ინვესტირება მოვახდინოთ, თუ არ იქნება ის ახალ ტექნოლოგიებზე დამყარებული, ფასი არ ექნება, ვერ მივიღებთ შედეგს. ძალიან მნიშვნელოვანი როლი იტვირთა სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა და დაველოდოთ, როდის დადებენ შედეგებს. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კერძო ორგანიზაციებსაც ბევრი აქვთ ნამუშევარი ამ მიმართულებით, საინტერესო ინოვაციური პროექტები შემუშავდა და განხორციელდა. საჭიროა მოხდეს კოორდინაცია და სახელმწიფომ ეფექტურად გამოიყენოს კერძო სექტორის პოტენციალი. ვფიქრობ, მხარდამჭერი პროექტები სწორედ ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით უნდა იყოს ფოკუსირებული.
როგორიც არ უნდა იყოს სოფლის მეურნეობის სუბსიდიის შედეგი და გავზრდით თუ არა მოწეულ პროდუქტის მოცულობას, მას სოფლის მეურნეობის ბიზნესის მარკეტინგული პრობლემები დაჩრდილავს. სუბსიდიას თუ არ მივაყოლეთ კონკრეტული ბაზრების მოძიება, არაფერი გამოვა. მაგალითად, ახლა არის პრობლემა ატმის ჩაბარებასთან დაკავშირებით, ფერმერებს უფუჭდებათ პროდუქცია, ვინც აბარებს ისიც ფასით უკმაყოფილოა. იაფი კრედიტით დაფინანსებული ერთ-ერთი საწარმო იბარებს მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქტს. არადა, წელს სეტყვა იყო და პროდუქცია გაფუჭდა. აღარ გადის აზერბაიჯანშიც და ალტერნატიულ ბაზრებზეც არ ხდება მუშაობა სათანადოდ. ანუ, პროდუქტი გვაქვს, ბაზარი არ გვაქვს. ამ სიტუაციას დღეს არ მივიღებდით, თუკი პირველ რიგში, არ ექნებოდათ გლეხებს და ფერმერებს გადამამუშავებელ საწარმოსთან დაკავშირებით ტყუილი მოლოდინები და იქნებოდნენ დროულად ინფორმირებულები. მეორე – მოძიებული იქნებოდა ალტერნატიული ბაზრები.
საერთოდ კი ფერმერები უნდა გაიზარდნონ საკუთარ აზროვნებაში, საკუთარ საქმეს, როგორც ბიზნესს ისე შეხედონ და ბევრი რამე დალაგდება. თუკი მე ესა თუ ის პროდუქტი არ მაძლევს შესაბამის შემოსავალს, არარენტაბელურია, ვერ მოვიპოვე ბაზარი და ვერ დავიმკვიდრე თავი, ესე იგი პრობლემაა და უნდა შევცვალო მიდგომა. ჩვენთან სერიოზული პრობლემაა კულტურაზე დამოკიდებულების, უნდა ხდებოდეს კულტურათა ჩანაცვლება. ვიცით ფერმერები, რომლებმაც გაჩეხეს ცისტრუსი მაღალმთიან აჭარაში და გადავიდნენ სუფრის ყურძნის წარმოებაზე, რომლის ბაზარიც არის და საკმაოდ კარგი შედეგიც მიიღეს. დღეს გვაქვს რეალობა – მწირი გადამამუშავებელი საწარმოები და შესანახი საწყობები, შესაბამისად, ფერმერმა სწორი მარკეტინგული გათვლები უნდა გააკეთოს, რა კულტურიდან რა სარგებელი ექნება, რა რისკებია და ისე შეუდგეს ბიზნესს. ცხადია გლეხები და მცირე ფერმერები მარკეტინგზე და ბაზრებზე თავად ვერ იფიქრებენ, ამიტომ გვჭირდება რეალურად მოქნილი და მდგრადი კოოპერატივები. ხელისუფლება კი თავის მხრივ, უნდა გათავისუფლდეს სოციალური ხასიათის პროექტებისგან და საკუთარი ფუნქცია საგანმანათლებლო და საკანონმდებლო მხარდაჭერაში დაინახოს. ასევე, ხელი შეუწყოს კონკრეტული დარგების კომერციალიზაციას.
მოძველებული ინფრასტრუქტურა და ირიგაციის პრობლემები მნიშვნელოვანი თავისტკივილია, რაც იმთავითვე ამცირებს დარგების განვითარების შესაძლებლობას.
– როგორ გგონიათ, რით არის გამოწვეულიინფორმაციის ნაკლებობა და გამოსავალს რაში ხედავთ, რა უნდა გააკეთოს როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორმა და რამდენად სწორი კომუნიკაცია აქვს ამ ორ სექტორს ერთმანეთთან?
მინდა ვთქვა, რომ კომუნიკაცია და კოორდინაცია არის საკმაოდ დაბალ დონეზე, არა მხოლოდ კერძო სექტორებთან, არამედ სახელმწიფო უწყებებს შორის. ჩვენ ხშირად გვქონია ისეთი ხელშესახები ფაქტები, როდესაც სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროებს ერთმანეთთან კომუნიკაცია უჭირთ, არ არის ურთიერთშედეგიანი თანამშრომლობა თავად სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ სტრუქტურებსა და პროგრამებს შორის. საბოლოო ჯამში ზარალდება ფერმერი. კომუნიკაციის პრობლემა დგასთავად ამ დარგში ჩართულ ორგანიზაციებს შორისაც. სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად ერთმანეთის შესახებაც კი არ ვიცით, ვინ რა აქტივობას ახორციელებს და ეს არის ძალიან ცუდი. არადა, დარგში თითზე ჩამოსათვლელია ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც რაღაცას აკეთებენ.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც სერიოზულად აბრკოლებს დარგის განვითარებას, არის ინფორმაცია, რომელიც დღეს საკმაოდ დეფიციტური აღმოჩნდა. სულ ახლახანს, ვიმყოფებოდი მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში, სადაცძალიან დაბალია სოფლად ფერმერების ცნობადობა და ხელმისაწვდომობა ისეთი ტიპის ინფორმაციებზე, როგორიცაა,თუნდაც, კოოპერატივების შესაძლებლობები, ასეთი გაპიარებული პროექტის შესახებაც კი, აღარაფერს ვლაპარაკობ სხვა ტიპის პროგრამებზე. სოფლის მოსახლეს, ფერმერს სჭირდება კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც დაეხმარება მას ამა თუ იმ სიკეთის მიღებაში.
ვფიქრობ, ამ მხრივ განსაკუთრებით უნდა დაიტვირთოს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები, რომლებიც დღეს გარკვეულ სტატისტიკოსებად გვევლინებიან. ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლები სახელმწიფო აქტივობების შესახებაც კი ჩვენგან და ჩვენნაირი ორგანიზაციებისგან იღებენ ინფორმაციას. ეს ძალიან ცუდია.
იყო რაღაც სამუშაოები, მათი განვითარების სტრატეგიაც დაიდო, გარკვეული ძვრებიც არის, მაგრამ ძალიან ნელი ტემპებით მივდივართ. ჩემთვის ეს უკან დაწეული განათლებასავითაა, გარკვეული დარგების განვითარებისთვის ვდებთ ფულსინფორმაციით შეუიარაღებელ, საკუთარ საქმეში გაუნათლებელ სეგმენტში. ამიტომ დღეს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებს განსაკუთრებული როლი აქვთ.
ვიტყოდი, რომ ჩვენთან პრობლემაა ისიც, რომ თავად სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოწყობა არ არის ეფექტური. სამინისტროს დარგების მიმართ უნდა ჰქონდეს მკაფიოდ გამოხატული პოლიტიკადარგობრივი დეპარტამენტების სახით. ჩვენთან დარგობრივი დეპარტამენტები მცირეა და საკმაოდ გამსხვილებული, სამაგიეროდ საკმარისზე მეტია მხარდამჭერი დეპარტამენტები.კარგია პირიქით იყოს.
სერიოზული პრობლემა, რომელიც უნდა გამოვკვეთოთ, არის დარგში სპეციალისტების ნაკლებობა. ეს, მართლაც, კატასტროფულად გვანგრევს. ვეტერინარებისა და აგრონომების საშუალო ასაკი 60-65 წელია. ახალგაზრდებში უნდა მოხდეს ამ პროფესიების პოპულარიზაცია. მოკლე დროში ეფექტისთვის პროფესიული კოლეჯები საკმაოდ კარგი რესურსია, შემუშავდა საგანმანათლებლომოდულები. დღეს საჭიროა ამ ყველაფრის ათვისება და სწორად ფერხულში ჩაყენება, თუ ვინ რა როლს იტვირთავს დღეს ამა თუ იმ დარგის განვითარებაში. რაც მთავარია, პასუხისმგებლობები უნდა იყოს ადეკვატურად განსაზღვრული.
ჩვენ ამ კუთხით, დავიწყეთ წახალისების პროგრამა, ვიკვლევთ, ვწერთ ახალგაზრდა სპეციალისტების აქტივობის შესახებ, რომ აბიტურიენტებს დავანახოთ, რამდენად შეიძლება გამოადგნენ საკუთარ ქვეყანას და არ მოწყდნენ საკუთარ სოფელს. ასევე, იყვნენ შემოსავლიანებიც, რადგან აქ კონკურენცია დაბალია.
პრობლემებში აუცილებლად უნდა გამოვყოთ დაზღვევა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჩვენთან არ არის განვითარებული დაზღვევის კულტურა და ეს სერიოზულად უშლის ხელს ამა თუ იმ დარგის განვითარებას. დღეს გვაქვს სახელმწიფო პროგრამა და კარგია, თუმცა, არის პრობლემები. პირველ რიგში, ეს არ არის მსხვილ გადამხდელებზე, მეწარმეებზე ორიენტირებული, არამედ მხოლოდ ნატურალურ მწარმოებლებზე, რაც გრძლევადიან პერსპექტივაში არაეფექტურია. არ იზღვევა გვალვა, მეცხოველეობა, ყვავილობამდე ზარალი. ფერმერები წუხან, რომ ანაზღაურება დროში იწელება. ისინი არ იცნობენ ხელშეკრულების პირობებს, ბევრმა მათგანმა არ იცის ელემენტარული ტერმინების მნიშვნელობა. მეტია მათი მოლოდინები, რადგან არ არის ეფექტური კომუნიკაცია. ასევე, მაღალია ტარიფები, რადგან ჩვენი კომპანიები უცხოელ გადამზღვევებთან თანამშრომლობენ და რისკებიდან გამომდინარე, ისინი მაღალ ტარიფებს აწესებენ. ამას ემატება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ჩართულობა, რაც ფერმერს კიდევ უფრო უძვირებს ტარიფს.
სადაზღვევო კომპანიებს გაცილებით მეტი აქტივობა მართებს დაზღვევის კულტურის განვითარებაში, თუმცა, საბოლოო ჯამში ამ მხრივ შედეგი ნაკლები გვექნება, თუკი არ განვვითარდით ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით.
– მედიის როლს როგორ ხედავთ ამ ყველაფერში?
– ფუჭი იქნება ყველაფერი, რასაც ჩვენ გავაკეთებთ დარგებისპოპულარობისთვის, თუკი არ იქნება მედიის სწორი მხარდაჭერა. თავად მედიიდან მოვდივარ და კარგად ვიცი, როგორ მუშაობს ე.წ. „good news – bad news”, მაგრამ დღეს სოფლის მეურნეობას სხვა რამ სჭირდება. მედია, პირველ რიგში, უნდა გახდეს ფერმერის გზამკვლევი. ფერმერს სჭირდება ის,ვინც ურჩევს, როგორ გაზარდოს შემოსავალი და თუ ასეთი მრჩეველის სახით მოევლინება მედია-საშუალება, დარწმუნებული ვარ, ის ძალიან კარგად დაიმეგობრებს მას. თუმცა, იქამდე ჯერ თავად მედია უნდა განვითარდეს ამ მიმართულებით. აგროჟურნალისტიკა დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ერთ-ერთ დონორ ორგანიზაციას (შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით მერსი ქორის პროგრამა ‘მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამა’) ჰქონდა საკმაოდ კარგი აქტივობა აგროჟურნალისტიკის განვითარების მიმართულებით. შემუშავდა აგროგზამკვლევი მედიის წარმომადგენლებისთვის, იყო ტრენინგები. თუმცა, ცხადია ეს მცირედია და მოვუწოდებდი სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებს შეიმუშავონ და განახორციელონ პროექტები ამ მიმართულებით.
აქვე რომ არ ვახსენო არ შემიძლია, უდიდეს შეცდომად მიმაჩნია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოცემული გაზეთი, რომელიც რეგიონებში ვრცელდება. არ შეიძლება სახელმწიფო კონკურენციაში შევიდეს კერძო სექტორთან, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც დღეს რეგიონალური გამოცემები საკმაოდ მძიმე ფინანსურ და ინფორმაციულ კრიზისში არიან. ვფიქრობ, ასეთ გადაწყვეტილებებს გარკვეული კვლევები უნდა უმაგრებდნენ ზურგს, მით უფრო საბიუჯეტო თანხებზეა საუბარი. ცხადია, სოფლად ინფორმაცია სწყურიათ, ამისთვის არსებობს რეგიონალური მედია, რომელთან თანამშრომლობითაც შეიძლება გაცილებით ეფექტური შედეგის მიღება.
ამას წინათ, ერთ-ერთ ღონისძიებაზე ფერმერმა გამოთქვა წუხილი, რომ იწერდა ჟურნალ „აგრარულ საქართველოს“ და ფოსტას აღარ ჩააქვს, რაზეც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის პასუხი იყო: „განა თქვენ არ იცით, რომ ჩვენ გაზეთს ვუშვებთ? თუ არ იცით, მოიკითხეთ“. ჯერ ერთი ცუდია, თუკი რამდენიმე თვეა გამოდის გაზეთი ფერმერისთვის და ფერმერმა არ იცის მის შესახებ, ეს უკვე სახელმწიფოს პრობლემაა და არა ფერმერის. არ არის კომუნიკაცია. და მეორე, თუკი იცის და მას მაინც არ კითხულობს, ასევე პრობლემაა, ესე იგი მას არ მოსწონს ცენზურაგავლილი გამოცემა და ურჩევნია დამოუკიდებელი ჟურნალი. ყველა შემთხვევაში, ჩინოვნიკის პასუხი იყო არაადექვატური. ამ ერთმა, მცირე პასაჟმა ნათლად გამოაჩინა, საჭირო იყო თუ არა აღნიშნული გაზეთის გამოცემა.
– თქვენს ორგანიზაციაში გაწევრიანებულნი არიან ახალგაზრდა აგრონომები, ფერმერები და ვეტერინარები. რა პრობლემები აქვთ მათ ძირითადად, იქნება ეს ფინანსურ რესურსზე, ინფორმაციაზე თუ შესაბამის განათლებაზე ხელმისაწვდომობა?
– საბედნიეროდ ბოლო პერიოდში ახალგაზრდები სულ უფრო ინტერესდებიან სოფლის მეურნეობით. ვფიქრობ, ეს ადამიანები გაუკვალავენ გზას კონკრეტულ დარგებს. ისინი არიან მიზანდასახულები, ცდილობენ მიიღონ მაქსიმალური ინფორმაცია, მიდიან ნაკლებ რისკებზე და ისე იწყებენ საქმიანობას. ძალიან კარგი თაობა მოდის, პრაგმატულად აზროვნებენ, ზუსტად უნდათ გათვალონ ყველაფერი და სურთ კონკრეტულ შედეგებზე გავიდნენ.ვფიქრობ, მათ უნდა მოვუსმინოთ.
პრობლემები მათთვისაც იგივეა, რაც ზემოთ ვისაუბრეთ.
– რა გეგმები აქვს „მომავლის ფერმერს“, უფრო კონკრეტულად, რომელი კუთხით აპირებთ განვითარებას?
ვიწრო გეგმებზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ზოგადად კი გეტყვით, რომ ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად განვითარდეს ბიომეურნეობები და ამ კუთხით გავწიოთ პროპაგანდა. ჩვენ ეს საკითხი ძალიან გვაწუხებს. დღეს ფერმერი უკონტროლოდ იყენებს შხამ-ქიმიკატებს, რაც ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. ეს მალე შეიცვალება, უკვე დაგეგმილია პესტიციდების გამოყენებაზე კონტროლის გამკაცრება და ყველა ვალდებული იქნება დაიცვას წესები. ეს ძალიან კარგია. ბიოპროდუქტებზე მოთხოვნა მსოფლიოში სულ უფრო იზრდება, ჩვენ შეგვიძლია დავიჭიროთ ბიონიშა გარკვეული მიმართულებით, თუმცა ამაზე ბევრია სამუშაო და ვფიქრობ, აქ მართლაც გვჭირდება სახელმწიფოს ხელშეწყობა და კერძო სექტორის მაქსიმალური ჩართულობა.
ჟურნალისტი: მარიამ ტაკაშვილი