ხავერდულების (ხავერდას, Tagétes ) ჯგუფის მცენარეთა მიმართ დიდია ადამიანის დაინტერესება, მათ მოხმარებას ძალზე დიდი ხნის ისტორია აქვს.
სახელწოდებას ეს მცენარეები იღებენ უძველესი ბერძნული მითოლოგიიდან _ იუპიტერის შვილიშვილის _ ტაგესის პერსონაჟიდან. ის გამოირჩეოდა განსაკუთრებული სილამაზითა და მომავლის წინასწარჭვრეტის უნარით. ამ ოჯახის მცენარეები, გარეგნულად, ძალზე მიმზიდველია.
ლიტერატურაში მითითებულია ცნობები მათი წარმოშობის გენიალოგიური ცენტრების შესახებ. წყაროების მიხედვით ისინი ამერიკიდანაა წარმოშობილი, სადაც ველურადაა გავრცელებული _ ნიუ მექსიკიდან და არიზონადან, არგენტინამდე. მათი გავრცელების არეალი ძალზე დიდია. (მხედველობაში არა გვაქვს მისი თანამედროვე გავრცელების მდგომარეობა, რადგან ის გავრცელებულია მრავალ ქვეყანაში).
გვხვდება ამ მცენარის როგორც ერთწლიანი, ასევე მრავალწლიანი ფორმები. ისინი უმთავრესად ბალახოვანი მცენარეებია. ლიტერატურული წყაროების მიხედვით აღწერილია მათი 30-მდე სახეობა.
ბოტანიკური დახასიათება
ღერო სწორმდგომია, მტკიცე, რომლებიც ქმნიან კომპაქტურ ან გაშლილ ბუჩქს. ბუჩქის სიმაღლე მერყეობს 20-დან 120-სმ_მდე. მცენარეს მკვეთრი სურნელება აქვს.
ფოთლები ფრთისებრ-გაყოფილი ან ფრთისებრ-ფოთლოვანია, იშვიათად მთელი, დაკბილული-ღია-მწვანედან მუქ-მწვანემდე. ისინი განლაგებულნი არიან მოპირდაპირედ ან მორიგეობითი წესით.
ყვავილედი-კალათაა, ძალიან მკაფიო, ყვითელი, ნარინჯისფერი, მოწითალო-ყავისფერი, ყავისფერი, ჭრელი, ერთეულა ან შეკრებილი რთულ ყვავილედებად. განაპირა ყვავილები ენისებრია, ფართო, ჰორიზონტალური ყვავილის გვირგვინი შუაში მილისებურია. ყვავილები ორსქესიანია. მისი ყვავილობის პერიოდი გრძელია და ითვლის პერიოდს ივნისიდან-წაყინვებამდე.
ნაყოფი თესლურაა. მისი თესლისათვის დამახასიათებელია აღმოცენების დიდი ენერგია და ინარჩუნებენ მას დიდი ხნის განმავლობაში _ 3-4 წელი. თესლების რაოდენობა 1 გ. მასაში _ 280-დან 700 ცალამდეა.
მცენარე იძლევა დიდი რაოდენობით თვითნათესს. მას გამოყენება აქვს დეკორაციულ მებაღეობაშიც. ამ მიზნით გამოიყენება მისი მრავალრიცხოვანი ჰიბრიდული ფორმები.
ფრანგული ხავერდულა (ხავერდა), იმერული ზაფრანა, ყვითელი ყვავილი
გადახრილი ან ფრანგული ხავერდულა (ხავერდა) _ Tagetes patula L_ მცენარე ერთწლიანია. მისი ღერო სწორმდგომია _ სიმაღლით 15-დან 50 სანტიმეტრამდე, ძლიერ დატოტვილი ძირიდანვე. კულტურაშია XVI საუკუნის დასაწყისიდან.
გვერდითი ყლორტები გადახრილია. ფოთლები მცირე ზომის, ფრთისებრ-გაყოფილი, ხაზობრივ-ლანცეტური სახით, მუქი-მწვანე. მათი განლაგება მოპირდაპირეა ან მირიგეობითი.
ყვავილედი-კალათაა _ დიამეტრით 4-6 სმ., ერთეულა ან ფარისებრი ყვავილედით, ჯამისებრი, მრგვალი ფორმის, გრძელ საყვავილე ღეროებზე. ყვავილები ყვითელი ფერისაა, ან ლიმონისფერი. ბოლო-ყავისფერი ან მუქი წითელი, ხავერდისნაირი, ხშირად ორყვავილიანი, ფერით ყვითელი ან ნარინჯისფერი. მისი თესლების 1 მაგრამ მასაში 300_700 ცალი თესლია.
პრაქტიკული მიზნებისათვის ამ სახეობის მრავალ ჯიშს ყოფენ ჯგუფებად: 60 და მეტი სმ. სიმაღლის, მარტივი ყვავილედით. საშუალო სიმაღლის_ 50 სმ. სიმაღლის, ბანჯგვლიანი ყვავილედებით და დაბალი_25_დან 40 სმ. სიმაღლის, უბრალო, ბანჯგვლიანი ყვავილებით. ძალზე დაბალი სიმაღლის („ლილიპუტები“) _ 15-20 სმ., უბრალო ან ბანჯგვლიანი ყვავილედით.
მისი გავრცელებული ჯიშებია: „გოლდ ბოლი“, „ფოიერბალი“,„ფოიერბალი“, „ხავერდოვანი თავთავი“, „კვინ სოფია“, „კარმენი“,„ორანჟფლამე“ და სხვა.
სწორედ ამ მცენარეს ეძახიან ჩვენთან „ზაფრანას“ სახელწოდება „ზაფრანა“ მან ფერის გამო მიიღო. „ზაფრან“ არაბულად ყვითელს ნიშნავს. რაც შეეხება ნამდვილ ზაფრანას (crocus) ყვავილები ყვითელ-ნარინჯისფერი აქვს, არის მრავალწლოვანი ბოლქვიანი მცენარე და მისგან მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სანელებელი მზადდება.
სწორმდგომი ხავერდულები (ხავერდა)
სწორმდგომი ხავერდულები (ხავერდა) _ T. Erecta სამშობლო სამხრეთ მექსიკაა. მცენარეები ერთწლიანია. ბუჩქი კომპაქტური ან გაშლილია. მათ კარგად აქვთ გამოხატული ცენტრალური ლიდერი. ღერო ძალზე შეფოთლილია, სიმაღლით 80-120 სმ. ფოთლები ფრთისებრ- განცალკავებულია, ქმნიან უკუპირამიდალურ ვარჯს.
ყვავილები მსხვილია. კალათები 6-13 სმ დიამეტრით (ერთეულა, მარტივი, ბანჯგვლიანი ან ნახევრადბანჯგვლიანი, გრძელ ყვავილსაჯდომით). ყვავილობს ივნისისა და ივლისის დასაწყისიდან. ყვავილედის შეფერვა ერთტონალურია _ ღია ყვითელი, ყვითელი, ნათელყვითელი, ნარინჯისფერი ან ორყვავილიანი. მისი თესლების ერთ გრამ მასაში სამასამდე თესლია. მისი თესლები აღმოცენების უნარს ინარჩუნებს 1-2 წლის განმავლობაში.
მისი კულტურაში შეყვანის თარიღია მე-16 საუკუნე. რეკომენდებულია კლუმბებისათვის, ყვავილნარებისათვის, ლარნაკებისა და აივნებისათვის. კარგია ასაჭრელადაც. ჯიშებს განასხვავებენ სიმაღლის მიხედვით (გიგანტური _ 90-სმ-ზე უფრო მაღალი, მაღალი _ 60-90სმ და დაბალი _ 45 სმ-მდე).
მისი გავრცელებული ჯიშებია: „ანტიგუა“, „გელბერ შტაინ“, „გოლდ დოლარი“, „გოლდდიხტი“, „ზონნენშაინი“ და სხვა.
წვრილფოთოლა ხავერდულები (ხავერდა)
წვრილფოთოლა ხავერდულები (ხავერდა) _ T. tenuifolia _ მათი სამშობლო მთიანი მექსიკაა, მცენარეები ერთწლიანია, დაბალი კომპაქტური, 20-40 სმ სიმაღლის. მათთვის დამახასიათებელია ხშირდატოტვა. ტოტები პირდაპირია, შიშველი, მტკიცე ყლორტებით.
ფოთლები წვრილი ორმაგად ფრთისებრ- გაყოფილი, ვიწრო, იშვიათად დაკბილული ნახევრებით, ნათელმწვანე შეფერილობით. ისინი განლაგებუნი არიან ღეროებზე მორიგეობით.
ყვავილედი პატარა კალათაა _ 1-2 სმ დიამეტრით, უბრალო, მარტივი ყვავილსაჯდომებზე შეგროვილი, თავის მხრივ, ფარისებრ ყვავილედშია. ყვავილედის შეფერვა ყვითელია ან ყვითელ-ნარინჯისფერი. ყვავილები ერთრიგიანია. შედგება 5 ერთმანეთს შეზრდილი ჯამის ფოთოლაკისაგან. მცენარისათვის დამახასიათებელია ძალიან უხვი ყვავილობა.
მისი კულტურაში შესვლის თარიღად ლიტერატურაში სახელდება 1795 წელი. ის, როგორც სელექციის სუბიექტი, ძალიან საინტერესოა. ამ მიზნით გამოყენებულია მისი 70-ზე მეტი, რთული ჰიბრიდული ფორმა.
ამ მცენარის ჯიშებიდან მრავალი ცნობილი ჯიშია, მათ შორის: ,,გოლდენ რინგ“, ,,გნომი“,,,ლემონ ჯემი“ და სხვა.
აგროტექნოლოგიური დახასიათება
ხავერდულების (ხავერდას) ჯგუფის მცენარეები სწრაფმზარდი არიან. მათთვის დამახასიათებელია მედეგობა გვალვის მიმართ. ახალგაზრდა მცენარეების ზრდისათვის ოპტიმალური ტემპერატურაა 18-20 გრადუსი. 10 გრადუსზე დაბალი ტემპერატურის პირობებში ფოთლები ღებულობენ ანტოციანურ შეფერვას და ზრდა ჩერდება. მინუს 1-2 გრადუსზე მცენარეები იღუპება.
როგორც ლიტერატურული მონაცემები მიუთითებენ – ისინი არ საჭიროებენ მზის ინტენსიურ განათებას, თუმცა მაქსიმალურ დეკორაციულობას აღწევენ მზის განათებულ ადგილებზე. განსაკუთრებით ეს ეხება წვრილფოთოლა ხავერდულებს. ისინი ძალზე ცუდად იტანენ გაზაფხულისა და შემოდგომის წაყინვებს. მათ განსაკუთრებული მოთხოვნილება აქვთ ნიადაგური პირობების მიმართ.
ისინი კარგად ხარობენ საკვები ნივთიერებებით მდიდარ, კარგად გატენიანებულ ნიადაგებზე. ეს განსაკუთრებით ეხება ზაფხულის პირველ ნახევარს. ისინი, აგრეთვე, მოვლის ღონისძიებების მიმართ გარკვეულწილად მოთხოვნილებადნი არიან. მართალია, ისინი ითვლებიან გვალვაგამძლეებად, მაგრამ, ზრდის დასაწყისში საჭიროა მორწყვა, რადგან ამ ღონისძიების გარეშე მცენარეები იქნება ფუყე, ხოლო ყვავილედები – წვრილი.
რაც შეეხება ნიადაგში ტენის სიჭარბეს, ხავერდულები, განსაკუთრებით სწორმდგომები, კარგად ვერ ეგუებიან. წვიმიან ამინდში, მათი მსხვილი ყვავილედები იწყებენ ლპობას. თუ ნიადაგი გაჯერებულია წყლით, მცენარეები იღუპებიან, ფესვის ყელის სოკოვანი დაავადებების გამო. მინერალური სასუქების საგაზაფხულო შეტანას თან ახლავს ძლიერი ზრდა და ყვავილობის დაყოვნება. ისინი, როგორც ყველა სხვა დანარჩენი მცენარე, თავისებურად რეაგირებენ დაავადებებისა და მავნებლების გამოვლენაზე.
დიდი ხნის წვიმიანი ამინდების შედეგად, ამ კულტურის ყვავილედები ლპება. მშრალი და ცხელი ტემპერატურის პირობებში, ისინი ზიანდებიან აბლაბუდიანი ტკიპით. იმისათვის, რომ მცენარეები ვიხსნათ მისგან, საჭიროა ავამაღლოთ ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა. ეს შესაძლებელია რამდენიმეჯერ მორწყვით გავაკეთოთ. პარაზიტის მთლიანი განადგურებისათვის იყენებენ ხახვის ნაყენით შესხურებას 2-3-ჯერ. შესაძლებელია გამოყენებულიქნას ნაყენი წითელი წიწაკისა, ათასწლოვანასი.
ამ მცენარეთა გამრავლების ხერხებიც ისეთივეა, როგორიც ამ ოჯახის სხვა წარმომადგენლებისა. გამრავლების ძირითადი ხერხი მაინც თესლითაა. ხავერდულების დათესვა შესაძლებელია ღია გრუნტში – მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში. პირველი აღმონაცენები გამოვლინდება დათესვიდან 5-10 დღის შემდეგ.
საუკეთესოა ნიადაგის დაფარვა (დამულჩვა) როგორც ბუნებრივი მულჩით ისე უქსოვადი ქსოვილით (აკრილი, ლუტრასილი და სხვა). ამ შემთხვევაში შეიძლება თესვის ჩატარება – კვირა – კვირანახევრით ჩვეულებრივი ვადებზე ადრე.
ჩითილების გამოზრდისათვის, ყველაზე ადრე, სხვებთან შედარებით, თესენ სწორმდგომი ხავერდულების თესლებს – მარტის შუა რიცხვებში. გადახრილსა და წვრილფოთოლა ხავერდულებს თესენ აპრილის დასაწყისში. ამ ვადების დაცვისას, ყველა სამი ჯიშის ყვავილობა დაიწყება ივნისში.
ხავედრულების ჩითილების გამოზრდა არაა ძნელი ოთახის პირობებშიც, განათებულ ფანჯარასთან. უკეთესია აპკიან სათბურებში, სადაც მცენარეები იქნებიან ძალზე გამძლენი. ჯანმრთელი მცენარეების მიღებისათვის საჭიროა საკვები ნივთიერებებით მდიდარი ნიადაგი. საჭიროა სპეციალური ნარევი ნიადაგისა – ერთი წილი ნაკელი + ერთი წილი ტორფი + ერთი წილი კორდის მიწა + 0.5 წილი ქვიშა.
საჭიროა თანაბარი ტემპერატურის დაცვა (18-22 გრადუსი) და ზომიერი მორწყვა. ნიადაგური და ტემპერატურული პირობებისადმი ნაკლებმოთხოვნადია გადახრილი ხავერდულები. უმჯობესია თესვისათვის ავიღოთ ახალი ნიადაგი (განსაკუთრებით წვრილფოთოლა ხავერდულებისათვის, რომლებიც ყველაზე მეტად ზიანდებიან შავფეხათი).
ნათესარები შესაძლებელია გამოვზარდოთ ყუთში ან ქოთანში. ამისათვის საჭიროა ფსკერზე დრენაჟის ჩაყრა (ხრეში, კერამზიტი, მსხვილი ქვიშა) 3 სმ ფენად, ან გაკეთდეს ხვრელები. ამის უმისოდ, შესაძლებელია მცენარეები დაიღუპოს სოკოვანი დაავადებებისაგან.
პირველსაწყისად, დრენაჟზე დაყრიან ნიადაგის 2/3 და ამ ფენას ამაგრებენ დატკეპნით. შემდგომი ფენა უნდა იყოს ფხვიერი, რომ გაღივებულ ფესვებს ჰქონდეს საკმარისი ჟანგბადი. ნიადაგი არ უნდა მივიდეს ჭურჭლის კიდემდე 1.5- 2.0 სმ სიახლოვეს. ხშირი აღმონაცენები უფრო იჩაგრებიან სინათლის უქონლობის გამო და იჭიმებიან. მომზადებულ ნიადაგს კარგად რწყავენ და ტოვებენ 1-2 დღით თბილ ადგილზე, რომ მან ,,ამოისუნთქოს“.
ხავერდულების თესლები მსხვილია, და შესაბამისად ის შესაძლებელია ჩაითესოს ღარებში, ერთმანეთისაგან – 1-1.5 სმ-ის დაშორებით. ღარებს შორის მანძილი უნდა იყოს იგივე. ხშირი აღმონაცენები, შესაძლოა, დაავადდეს შავფეხათი.
ყველაზე ოპტიმალური ნათესარების მიიღება, თუ დავთესთ გაღივებულ თესლებს. ამისათვის ყველაზე საუკეთესოა მათი განთავსება სველ ქსოვილზე. 2-3 დღის შემდეგ თესლები გაღივებულია. გაფენილ თესლებს დააყრიან ნიადაგს 0.5-1 სმ სისქით. თუ თესლები კარგად არაა დაფარული მიწით, შესაძლოა დაიღუპონ გამოშრობისაგან. თუ თესლი ჩაითესა ნიადაგში ძალზე ღრმად, მაშინ შესაძლოა ისინი სულაც არ აღმოცენდნენ. ეს ეხება წვრილფოთოლა ხავერდულებს.
დათესვის შემდგომ, ზედა ფენას აკურატულად რწყავენ, შემდგომ ფარავენ ქაღალდით. ჭურჭლებს დგამენ თბილ ადგილას (22-25 გრადუსი) და ყურადღებით აკვირდებიან ნიადაგის ტენის მდგომარეობას. 3-7 დღის გავლის შემდეგ, ჩნდებიან პირველი ღივები და ჭურჭლები უნდა გადავიტანოთ განათებულ ადგილზე, უფრო დაბალ ტემპერატურაზე – 18-20 გრადუსი. თუკი აღმონაცენი ჩითილი სქელია, უნდა მოხდეს მათი პიკირება.
ნათესარებს ფრთხილად იღებენ კარგად მორწყული ნიადაგიდან და თესავენ ფოსოში, აღრმავებენ რა ლებნებამდე. ეს ხელს შეუწყობს ახალი ფესვების გაჩენას. დასარგავად მომზადებულ კარგ ჩითილს, ფოთლების 2-3 წყვილი და ძლიერი ფესვთა სისიტემა უნდა ჰქონდეს. ჩითილებს რგავენ გრუნტში – მაისის ბოლოს – ივნისის დასაწყისში. მცენარეებს რგავენ ნიადაგში 1-2 სმ-ით უფრო ღრმად, ვიდრე ისინი იზრდებოდნენ ადრე.
მცენარეებს შორის მანძილის სიდიდე დამოკიდებულია მცენარის სახეობასა დაჯიშზე. სწორმდგომ ხავერდულების მაღალი ჯიშები და ჰიბრიდები ირგვება სქემით 40X40 სმ. სქემით, საშუალო ჯიშები და ჰიბრიდები F1- 30X30 სმ., ხოლო დაბალი ჯიშებისა და ჰიბრიდების ყველა სახეობა – 20X20 სმ.-ზე. გადარგვა შესაძლებელია ყველა ასაკში – მოყვავილე ფაზაშიც კი.
ხავერდულების (ხავერდას) ჯგუფის მცენარეები დიდი გამოყენებით სარგებლობენ, როგორც დეკორატიულ მეაღეობაში ისე კულინარიაში და მედიცინაში.
ავტორები: ზურაბ ბუკია; შოთა ლამპარაძე /მცენარის მორფოლოგიის, ბიოლოგიისა და სელექციის ზოგიერთი საკითხი/.
იხილეთ აგრეთვე: ზაფრანა – კულტურა, სახეობები, გამოყენება