ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, ნაკადულის კალმახის პოპულაციის აღდგენის მიზნით, ზემო იმერეთის ორი მდინარე 100 000 ცალი ნაკადულის კალმახის ლიფსიტით დაათევზიანეს. ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ 2023 წელს საქართველოს მასშტაბით ჯამში 25 სხვადასხვა მდინარე 1 000 000-ზე მეტი ნაკადულის კალმახით დაათევზიანა.
დათევზიანების პროცესში, ველური ბუნების სააგენტოს უფროსი რევაზ ბეჟაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და სამინისტროს, მათ შორის, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის მინიმალური ჩარევით მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკვის პროცესს.
2016 წლის სექტემბრიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახორციელებს პროექტს, რომელიც საქართველოში „წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს. სააგენტოს გეგმის მიხედვით წელიწად-ნახევარში არანაკლებ მილიონი ლიფსიტი იწარმოება და მდინარეები დათევზიანდება.
ნაკადულის/მდინარის კალმახი 2006 წელს „წითელ ნუსხაში“ მოხვდა. მას მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია. მსგავსი ტენდენცია ევროპის არაერთ ქვეყანაშია, რის გამოც პოპულაციის ხელოვნური გამრავლება და მდინარეთა დათევზიანება ხდება. ნაკადულის კალმახი “წითელი ნუსხის” ბინადარია. მისი დაჭერა დაშვებულია მხოლოდ რეკრეაციული თევზჭერის “დაიჭირე და გაუშვის” პრინციპით.