ბროკოლის მოვლა-მოყვანის თანამედროვე აგროტექნიკა

ზოგადი ცნობები

ბროკოლი შედის ჯვაროსანთა-Cruciferae ოჯახში. ამ ოჯახში კომბოსტოსნაირ მცენარეთა მრავალი სახეობა შედის. კომბოსტოს ყველა სახეობას ერთი ველური წინაპარი ჰყავს, რასაც მეცნიერულად ასაბუთებს ჩ. დარვინი.

როგორც ვარაუდობენ კომბოსტოს ეს სახეობა ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნეში იყო ცნობილი.

ბროკოლი საქართველოში სატაცურისებრი კომბოსტოს (BRASSICA ASPARAGOIDES GMELIN) სახელით არის ცნობილი. მისი სამშობლო სამხრეთ იტალიაა, ბოლო ცნობებით ბროკოლი მიღებულია სახალხო სელექციის გზით.

ბროკოლის ბოტანიკური და ბიოლოგიური დახასიათება

ბროკოლის თესლი წვრილია, მრგვალი, ფერი მუქი ან ოდნავ ღია ყავისფერი, 300–350 ცალი თესლი  1 გრამს იწონის, 1000 მარცვლის მასა 3-4 გრ-ია, ადვილად ღივდება. ხელსაყრელ პირობებში  ღივები დათესვიდან მესამე–მეოთხე დღეს ამოდის. შენახვის კარგ პირობებში აღმოცენების უნარს 4–6 წლის მანძილზე ინარჩუნებს.

ბროკოლი  მიეკუთვნება ორლებნიანთა კლასს, ფესვთა სისტემა მთავარღერძაა და ნიადაგში მძლავრად განვითარებული. ღერო მაღალი 33-35 სმ, ფოთოლი ჯიშების მიხედვით ზოგი გრძელ ყუნწიანი, ზოგიც მოკლე. ფოთოლი ძირითადად წაგრძელებული კვერცხის მაგვარი ძლიერ დაძარღულია. ფოთლის ფერი ჯიშების მიხედვით შეიძლება იყოს მუქი მწვანე, ან ღია მწვანე ნაცრისფერი ელფერით.

ბროკოლი სხვა კომბოსტოსნაირ მცენარეებისგან განსხვავებით უფრო სიცივისამტან, ყინვაგამძლე მცენარედ ითვლება, განსაკუთრებით გამძლეა ის ყინვებისადმი ღივისა და ჩითილის სტადიაში. საქართველოში მისი გავრცელების არეალი ფართოა, ვრცელდება ზღვის დონიდან 1500 მეტრ სიმაღლეზე და მეტზე.

ბროკოლი ისევე, როგორც ყველა სხვა სახეობის კომბოსტოები ივითარებეს თავს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ თავი მას  უფრო ფხვიერი აქვს და ადვილად იფანტება ცალკე ყლორტებად, ვიდრე ყვავილოვანი კომბოსტოს თავი. თავაკი შედგება განშტოებული ყლორტების წარმონაქმნებისაგან (ბუტონებისგან). ღეროს ცენტრალურ ნაწილში ვითარდება უფრო დიდი თავაკი, რომელთა მოჭრის შემდეგ ფოთლის იღლიებიდან ვითარდებიან  გვერდითი თავაკები.

ბროკოლის ზოგიერთი ჯიშის თავი უფრო შეკრულია, მაგრამ ყვავილოვან კომბოსტოსთან შედარებით, მაინც უფრო ფაშარი აგებულებისაა. ნაკლებ შენახვისუნარიანია, აუცილებლად უნდა შევინახოთ მაცივარში, რადგან თავი ყვავილედებად იფანტება.

ბროკოლი, აგროტექნოლოგია

ქიმიური შედგენილობა

კვებითი ღირებულებით ბროკოლი ყვავილოვან კომბოსტოზე მაღლა დგას, ცილების შემცველობითაც წინ უსწრებს ყვავილოვან კომბოსტოს. 100 გრამი ბროკოლის საკვები ღირებულება 34 კკალორიაა. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს, აზოტოვან ნივთიერებებს, ცხიმებს, უჯრედისს, ნაცარს, ბიოკატალიზატორებს, ვიტამინებს C, B1,B2, PP, E, A ამიტომაც ურჩევენ დიეტოლოგები მოსახლეობას  შეიტანონ ის კვებით რაციონში.

ბროკოლი დელიკატესური ძვირფასი ბოსტნეული კულტურაა, იგი ერთ–ერთი დიეტური საკვებია, რაც განპირობებულია მისი უჯრედების ნაზი სტრუქტურით და ქიმიური კომპონენტების სპეციფიკური შემცველობით.

ბროკოლში შემავალი ნივთიერებები ხელს უშლის თირკმლის დაავადებების და ათეროსკლეროზი განვითარებას, წმენდს ორგანიზმს შლაკებისა და მძიმე მეტალებისგან, ასევე იცავს ორგანიზმს ავთვისებიანი სიმსივნისგან, კლავს კიბოს უჯრედებს და ხელს უშლის მის პროგრესირებას, ზრდის ქიმიოთერაპიის ეფექტურობას. დადებითად მოქმედებს ნერვიულ სისტემაზე და კუჭნაწლავზე, შეიცავს განსაკუთრებულ ნივთიერებას სულფაროფანს, რომელიც აფერხებს კუჭის კობოს განვითარებას და ხოცავს ბაქტერიებს.

ბროკოლი ეხმარება ორგანიზმს დეტოქსიკაციის პროცესში, განსაკუთრებით, თუ ის გამოწვეულია ჰაერის დაბინძურებით. ჰაერის დაბინძურება გახდა ქრონიკული და  ყველაზე გავრცელებული პრობლემა  მთელ მსოფლიოში და ამავე დროს საქართველოშიც.

ნიადაგის შერჩევა

ბროკოლი მოითხოვს ნაყოფიერ,  ტენიან და კარგად დამუშავებულ ნიადაგს, მისთვის ასევე ვარგისია მძიმე, მსუბუქი და საშუალო თიხნარი ნიადაგები. თუმცა ბროკოლი, პრაქტიკულად ნებისმიერ ნიადაგზე შეიძლება მოვიყვანოთ, გამონაკლისია ქვიშიანი და ჭაობიანი ნიადაგები.

ბროკოლის მოვლ–მოყვანის ინტესიურ ტექნოლოგიაში მოსავლიანობის გაზრდის ღონისძიებათა შორის, წინამორბედების შერჩევას ერთ–ერთი მთავარი ადგილი უკავია, ამიტომ დარგვამდე ყურადღება უნდა მიექცეს  წინამორბედ კულტურებს. მისთვის კარგი წინამორბედებია: პარკოსანი კულტურები, კიტრი, კარტოფილი, ხახვი, ჭარხალი, თავთავიანები და სხვა.

კომბოსტოსნაირების  შემდგომ იმავე ნაკვეთზე ბროკოლის დარგვა დაუშვებელია, რადგან ადგილი აქვს ნიადაგის ნაყოფიერების შემცირებას  და მავნებელ–დაავადებების გავრცელებას, რადგან ისინი ერთნაირი მავნებელ-დავადებებით ზიანდებიან.  რეკომენდებულია ბროკოლი თავის ნაკვეთს 4–5 წლის შემდეგ დაუბრუნდეს.

ბროკოლი სინათლის  მოყვარულ მცენარედ ითვლება, ამიტომ ნაკვეთის შერჩევის დროს ეს ფაქტორი უნდა იქნეს გათვალისწინებული. ნიადაგის არის რეაქცია  უნდა იყოს ნეიტრალური (pH 6-7).

ნიადაგის დამუშავება

ბროკოლისთვის ნიადაგის დამუშავება ხდება ნიადაგურ–კლიმატური ზონების მიხედვით.  გაზაფხულზე დასარგავად განკუთვნილი ნიადაგი აღმოსავლეთ საქართველოში,  აუცილებლად უნდა მოიხნას შემოდგომით 25–30 სმ. სიღრმეზე, ხოლო დასავლეთ საქართველოში შესაძლებელია გვიან შემოდგომით, ზამთარში და ადრე გაზაფხულზე.

ანალიზის არ ქონის შემთხვევაში ნიადაგის ძირითადი დამუშავების წინ  უნდა შევიტანოთ ორგანული სასუქი 50–60 ტ/ჰა–ზე, ხოლო , თუ ნაკელი არ გვაქს მაში მინერალური სასუქები N150 P120K90 ამ  დოზით მოქმედი ნივთიერება. ფოსფორიანი და კალიმიანი სასუქი შეგვაქს ძირითადი ხვნის წინ, ხოლო გამოკვებაში აზოტიანი. აზოტიანი სასუქის ნახევარი შეგვაქს დარგვის წინ, ხოლო დარჩენილი გამოკვებაში თავის ფორმირების დაწყების წინ.

ჩითილის გამოყვანა და გადარგვა

ბროკოლი ძირითადად ჩითილის მეთოდით მოყავთ, თუმცა მისი მოყვანა შეიძლება პირდაპირ ღია გრუნტში თესლის თესვით. საქართველოში ბროკოლის მოსავალი ღია გრუნტში შეიძლება მოვიყვანოთ 2–3 ჯერ. დახურულ გრუნტში კასეტებში იანვრის ბოლო, თებერვლის დასაწყისში ითესება თესლი და მარტის ბოლოს 30–35 დღის ჩითილი  ირგვება ღია გრუნტში მწკრივად, მწკრივთაშორის მანძილი 60–70 სმ. მცენარეთაშორის 30–35 სმ., ირგვება ზოლებრივადაც.

აღმოსავლეთ საქართველოში ღია გრუნტში ბროკოლის მეორე მოსავლის მიღება შეგვიძლია, თუ მაისის 20-დან ივნისის 20-მდე  ღია საჩითილე კვალზე დავთესავთ თესლს და გამოვიყვანთ ჩითილს. ამ პერიოდში ნათესი ჩითილის გადარგვა მუდმივ ადგილზე მოხდება 20 ივნისიდან  20 ივლისამდე. ბროკოლის თავის ფორმირება დაიწყება  მათთვის ხელსაყრელ კლიმატურ პირობებში (სიგრილეში) მოსავალს ვღებულობთ  სექტემბრის ბოლო- ოქტომბერი, თუ გრძელი ვეგეტაციის ჯიშია შეიძლება მოსავალმა გადაიწიოს ნოემბერშიც.

ბროკოლის მოსავლის მოყვანის დროს გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ თავის ფორმირება უნდა მოხდეს სიგრილეში.

ბროკოლი ყვავილოვან კომბოსტოსთან შედარებით უფრო ნაკლებად მომთხოვნია გარემო ფაქტორებისადმი და მისი მოყვანა უფრო ადვილია.

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო–კვლევით ცენტრის  შულავერის ენერგეტიკულ სათბურში 2018 წელს  დავაყენეთ მოსასინჯი ცდა ბროკოლის თესვის ვადების შესწავლაზე. ამ მიზნით იანვარ, თებერვალის თვეში ოთხ  ვადაში (თოთოეული თვეში ორი ვადა) საჩითილეში (აგურის ენერგეტიკული სათბური) კასეტებში დათესილი იქნა ბროკოლის თესლი. იანვარში პირველ ვადაში ნათესიდან გამოზრდილი ჩითილი  6- მარტს  გადაირგო, როგორც გვირაბისებურ პოლიეთილენის ენერგეტიკულ სათბურში ასევე ღია გრუნტში. პირველი მოსავალი დახურულ (ენერგეტიკული სათბური) გრუნტში ავიღეთ 10- მაისის, მეორე ვადაში ნათესიდან  16-მაისს, ხოლო მესამე და მეოთხე ვადაში ნათესიდან შესაბამისად 31-მაისი, 8-ივნისი. ღია გრუნტში პირველი მოსავალი ავიღეთ 8-ივნისს.  მიღებული იყო საუკეთესო მოსავალი, როგორც ღია გრუნტში, ასევე დახურულში. ღიაში ბროკოლის მოსავალი იყო 13 ტ/ჰა-ზე., დახურულში კი 15 ტ/ჰა-ზე.

2018 წელს გაგრძელდა იგივე ცდა, ამ მიზნით სექტემბერ, ოქტომბერ და ნოემბრის თვეში, ექვს ვადაში შულავერის აგურის ენერგეტიკულ სათბურში დათესილი ჩითილები შესაბამისად გადარგული იქნა სხვადასხვა დროს  (ჩითილის ხნოვანება  30-35 დღე)  მარტივი ტიპის ენერგეტიკულ სათბურში. პირველ ვადაში ნათესიდან პირველი  მოსავალი ავიღეთ 7 მარტს, მეორე ვადაში ნათესიდან 14 მარტს, ეს ის პერიოდია როცა ასეთი ტიპის სათბური არ არის დაკავებული სხვა კულტურებით. მოსავლის აღება გრძელდება ვადების მიხედვით, მიღებულია საუკეთესო ხარისხის და ამავე დროს მაღალი მოსავალი.

ასევე  ბროკოლის კულტურაზე მიმდინარეობს კვლევა წიკნის ბაზაზე, იცდება სხვადასხვა ჯიშები და ჰიბრიდები, მოხდება მათი შესწავლა და საუკეთესოები გამორჩევა.

ბროკოლი, აგროტექნოლოგია

მოვლა

ბროკოლის  მოვლის დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის ტენის მოყვარულია, მოითხოვს ნოყიერ ნიადაგს და დიდი რაოდენობით წყალს განსაკუთრებით ჩითილის და თავის ფორმირების პერიოდში. ნიადაგი უნდა იყოს, ყოველთვის ფხვიერი, ამიტომ, მწკრივთაშორის და მცენარეთაშორის უნდა გაფხვიერდეს 3–ჯერ მაინც, ჩატარდეს კულტივაცია 2–ჯერ.

მოსავლიანობის გაზრდის მიზნით ვეგეტაციის პერიოდში შეგვიძლია მცენარის გამოკვება წუნწუხითაც: პირველი გამოკვება ხორციელდება ჩითილის გადარგვიდან 15-20 დღის შემდეგ წუნწუხი შეფარდებით: 20 ლ. წყალი და 1კგ.ნაკელი, ხარჯვის ნორმა 0.5 ლიტრი 1 მცენარეზე. მეორ გამოკვება პირველიდან 10 დღის შემდეგ წუნწუხი შეფარდებით: 20ლიტრი წყალი. 1კგ. ნაკელი, ხარჯვის ნორმა 1 ლიტრი 1 მცენარეზე. მესამე გამოკვება მეორედან 10 დღის შემდეგ წუნწუხი შეფარდებით 20ლ. წყალი-1კგ. ნაკელი, ხარჯვის ნორმა  6-8 ლ. 1მ2.

მოვლაში იგულისხმება დაცვა მავნებელ–დაავადებებისგან. ბროკოლს ძირითადად უჩნდება ჯვაროსანთა ოჯახისათვის დამახასიათებელი მავნებლები: რწყილები, ბუგრები, ხვატარი, კომბოსტოს თეთრულა, ფრთათეთრა  მათ საწინაამღდეგოდ გამოიყენება ინსექტიციდები მაგ. აქტელიკი  ხარჯვის ნორმა 0,5 ლ/ჰა., ვერტიმეკი ნაწლავური და კონტაქტური ინსექტოაკარიციდია ხარჯვის ნორმა 0,8–1,2 ლ/ჰა.

მოსავლის აღება

ბროკოლის მოსავლის აღება ხდება შერჩევით, სანამ თავი დაიფანტება, აღებული მოსავალი უნდა ინახებოდეს 0 გრადუს ტემპერატურის  და  98–100 % ჰერის ფარდობითი ტენიანობის პირობებში, ამ პირობებში მისი შენახვა შეგვიძლია 2–3 კვირის განმავლობაში. მაცივრის გარეშე მოსავლის აღებიდან მალე უნდა მოხდეს მისი რეალიზაცია, რათა არ მოხდეს თავის დაფანტვა, რაც იწვევს მისი სასაქონლო ღირებულების დაკარგვას.

ბროკოლის ძირითადი თავის მოჭრის შემდეგ მცენარე იტოტება,ფოთლის იღლიებიდან ვითარდება გვერდითი ყლორტები, ეს  მეორე მოსავალია, ამიტომ მოსავლის აღება შეიძლება ერთი-ორი კვირა გაგრძელდეს.

გიორგი ბადრიშვილი ს/მ დოქტორი;
ელენე მოთიაშვილი სიჭინავა ს/მ დოქტორი.

ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახური,
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო–კვლევით ცენტრი.

თქვენი რეკლამა