ვანო მეჭურჭლიშვილი: საირიგაციო მიზნებისთვის წყლის მოხმარება მხოლოდ წინასწარ შეთანხმებული პერიოდითა და მოცულობით არის დასაშვები

სემეკი

          საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი, ვანო მეჭურჭლიშვილი ირიგაციის მიზნებისთვის წყალსარგებლობის განრიგების მნიშვნელობაზე საუბრობს.  მისი თქმით, საირიგაციო წყლის მოხმარების ორგანიზებული და რეგულირებული მართვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფერმერებისთვის. ახალი რეგულაციებით, წყლის მოხმარება მხოლოდ წინასწარ შეთანხმებული პერიოდითა და მოცულობით არის დასაშვები.

       – წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმება: რატომ არის ეს აუცილებელი ფერმერებისთვის?

მელიორაციის სექტორში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი საირიგაციო წყლის მოხმარების სწორად დაგეგმვა და მართვაა. ფერმერებისთვის საირიგაციო წყლის შეთანხმებული და სტაბილური მიწოდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით გვალვის პერიოდებში, როდესაც მოსავლის გადარჩენა საირიგაციო წყლის დროულ მიწოდებაზეა დამოკიდებული.

       – როდის და როგორ უნდა მოხდეს წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმება?

სემეკის მიერ 2024 წელს ამოქმედებული რეგულაციით, საირიგაციო წყლის მოხმარება დასაშვებია მხოლოდ წინასწარ შეთანხმებულ პერიოდში და შეთანხმებული მოცულობით. წყალსარგებლობის შეთანხმების გაფორმება ინდივიდუალურად იწყება პირველი თებერვლიდან.  წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმება და წყალმომარაგებაში არსებული წყლის ათვისება ხდება შემდეგი პრიორიტეტის გათვალისწინებით: წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმებისას პირველი მარტის ჩათვლით უპირატესობით სარგებლობენ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციები (რომლებიც ეხლა იქმნება), ხოლო პირველი მარტიდან პირველ აპრილამდე პერიოდში უპირატესობით სარგებლობენ პროფილური მომხმარებლები (ის მომხმარებლები, რომლებიც წყალს იყენებენ საირიგაციო მიზნით, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო, საყოფაცხოვრებო მომხმარებლები და ფერმერები) არაპროფილურ მომხმარებლებთან მიმართებით. პირველი აპრილიდან, კი ყველა მომხმარებელი თანაბარი უფლებებით სარგებლობს წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმებისას, კერძოდ საირიგაციო სისტემაში არსებული წყლის ათვისებამდე ვინც პირველად მოითხოვს შესაბამის პერიოდზე წყალს მასთან შეთანხმდება წყალსარგებლობის განრიგი.

აღსანიშნავია, რომ წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმებაში, რწყვის ოპერაციაზე შეთანხმება დამოკიდებულია მიწოდების რეჟიმით განსაზღვრულ წყალმომარაგების პერიოდებზე. წესების შესაბამისად, მიწოდების რეჟიმი მტკიცდება ყოველ წლიურად, პირველ თებერვლამდე.

       – რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ შეათანხმებს წყალსარგებლობის განრიგს?

თუ ფერმერი არ გააფორმებს წყალსარგებლობის განრიგს და მელიორაციის კომპანიასთან შეუთანხმებლად თვითნებურად მოიხმარს საირიგაციო წყალს, ეს ჩაითვლება უკანონო მოხმარებად, რაც ისჯება საქართველოს კანონმდებლობით. უკანონო მოხმარების შემთხვევაში, ფერმერს დაეკისრება შესაბამისი ჯარიმა და დამატებით დაერიცხება უკანონოდ მოხმარებული წყლის საფასური. ამგვარი ფინანსური სანქციების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია, რომ ფერმერებმა მელიორაციის კომპანიასთან წინასწარ გააფორმონ წყალსარგებლობის განრიგი და დაიცვან ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წყალმომარაგების ვადები და პირობები. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ პროფილური მომხმარებელი წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმებისას 1 მარტიდან – 1 აპრილამდე უპირატესობით სარგებლობს არაპროფილურ მომხმარებელთან მიმართებით, სასურველია ფერმერმა წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმებაზე მელიორაციის კომპანიას მიმართოს ამ ვადის გასვლამდე.

       – რამდენად აუცილებელია საირიგაციო წყლის მოხმარება შეთანხმებული პირობით?

წყლის წინასწარ განსაზღვრულ პერიოდში განსაზღვრული მოცულობით მოხმარება ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა მელიორაციის სექტორისთვის, რადგანაც შეუთანხმებელ პერიოდში, ან შეთანხმებულ მოცულობაზე მეტი წყლის მოხმარების შემთხვევაში, შეიქმნება წყლის დეფიციტი, რაც ანგრევს საირიგაციო სისტემის მიმართ ნდობას. მელიორაციის კომპანიასთან შეუთანხმებელი წყლის მოხმარების შემთხვევაში, სემეკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, მელიორაციის კომპანია ვალდებულია ოპერატიულად და მკაცრად იმოქმედოს, მოახდინოს უკანონო მოხმარების იდენტიფიცირება, დაჯარიმება და უკანონოდ მოხმარებული წყლის ღირებულების განცალკევებულად დარიცხვა მომხმარებელზე.

       – შესაძლებელია თუ არა წინასწარ შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის ცვლილება?

შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგი შესაძლოა შეიცვალოს მელიორაციის კომპანიასა და მომხმარებელს შორის ურთიერთშეთანხმებით ნებისმიერ დროს. ამასთან, მომხმარებელს ცალმხრივად შეუძლია შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგით გათვალისწინებული წყლის მიწოდებაზე უარის თქმა, ან წყლის მიწოდების მოცულობის შემცირება, აღნიშნულის შესახებ მიმწოდებლის 20 კალენდარული დღით ადრე მაინც შეტყობინების შემთხვევაში. ასევე მომხმარებელს უფლება აქვს ცალმხრივად მოითხოვოს შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის ცვლილება და შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგით გათვალისწინებული კონკრეტული ოპერაციის სხვა პერიოდზე გადატანა (მაგრამ არაუმეტეს ორი კვირის ვადით).

       – რა მნიშვნელობა აქვს მიწოდების წერტილის განსაზღვრას?

წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმების გაფორმებისას ხდება მიწოდების წერტილის განსაზღვრა. მიწოდების წერტილი შეიძლება იყოს როგორც მუდმივი, ისე დროებითი, რომელიც უნდა შეიცავდეს წყალსარეგულაციო კვანძს. სწორედ მიწოდების წერტილით განისაზღვრება მელიორაციის კომპანიის მომსახურების ზღვარი წყალმომარაგებაზე. ეს ნიშნავს, რომ მიწოდების წერტილამდე წყლის მიყვანაზე პასუხისმგებლობა მელიორაციის კომპანიას ეკისრება, ხოლო ამ წერტილიდან ნაკვეთამდე წყლის მიწოდება ფერმერის პასუხისმგებლობაა.

საირიგაციო წყლის მიწოდების წესებით განსაზღვრულია, რომ მიწოდების წერტილი უნდა იყოს არსებული საირიგაციო სისტემის უახლოესი წერტილი მოსამარაგებელ ნაკვეთთან მიმართებით. შესაბამისად, თუ ფერმერი მიიჩნევს, რომ მიწოდების წერტილი დაშორებულია მის ნაკვეთთან და არ წარმოადგენს უახლოეს წერტილს, სადაც მელიორაციის მიერ შესაძლებელია წყლის მიწოდების კონტროლი (წყლის მიწოდება/შეზღუდვა), მას აქვს უფლება მოითხოვოს მიწოდების წერტილის გადმოტანა. ასევე, თუ მიწოდების ერთ წერტილზე დიდი რაოდენობის მომხმარებელია რეგისტრირებული და აღნიშნული გარემოება პრობლემას უქმნის საერთო მიწოდების წერტილზე რეგისტრირებულ მომხმარებლებს წყალმომარაგების პერიოდში წყლის განაწილებაზე, უფლება აქვს მოსთხოვოს მელიორაციის კომპანიას დამატებითი მიწოდების წერტილის მოწყობა (არანაკლებ, ჯამში 5 ჰექტარი მიწის მფლობელი მომხმარებლების ჯგუფს), რათა წყლის მიწოდება უფრო ეფექტიანი და თანაბარი გახდეს.

      – რა დროს უნდა მოითხოვოს მომხმარებელმა წყლის დეფიციტის რეჟიმის გამოცხადება?

თუ წყალმომარაგების განრიგით შეთანხმებულია წყლის მიწოდების ოპერაცია კონკრეტულ პერიოდში და ამ პერიოდში არ მოგეწოდებათ წყალი პრობლემის დაფიქსირების მიუხედავად, მელიორაციის კომპანიისგან წერილობით უნდა მოითხოვოს მომხმარებელმა დეფიციტის რეჟიმის გამოცხადება. დეფიციტის რეჟიმის დროს, იკრძალება არაპროფილური მომხმარებლებისთვის წყლის მიწოდება, სანამ არ მოხდება ფერმერების (პროფილური მომხმარებლების) საჭირო წყლით მომარაგება.

      – როგორ უნდა იმოქმედონ ფერმერებმა სადავო მიწოდების წერტილის შემთხვევაში?

თუ მელიორაციის კომპანიის მიერ განსაზღვრული მიწოდების წერტილი არ შეესაბამება წესებით დადგენილ სტანდარტებს, ფერმერებს შეუძლიათ წერილობითი განაცხადით მიმართონ სემეკს. ეს განაცხადი შესაძლებელია შეიტანონ იუსტიციის სახლის მომსახურების ცენტრის მეშვეობით, რომელიც საქართველოს ყველა ქალაქსა და დიდ სოფელშია განთავსებული. აღნიშნული პროცესი უზრუნველყოფს იმას, რომ ფერმერების მოთხოვნები სამართლიანად იქნას განხილული და მათ მიეწოდოს საირიგაციო წყალი მაქსიმალურად ხელსაყრელ პირობებში.

თქვენი რეკლამა