USAID-ის განახლებადი ენერგიის საინვესტიციო კონფერენცია

განახლებადი, ენერგიის, კონფერენცია

თბილისში განახლებადი ენერგიის საინვესტიციო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების პროგრამის (USAID) ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ორგანიზებით ჩატარდა. 

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტი ლევან დავითაშვილი.

ეკონომიკის მინისტრმა თავის სიტყვაში განახლებადი ენერგიის სფეროში არსებული საერთაშორისო ტენდენციები მიმოიხილა და მათი გათვალისწინებით საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე და მისი სწორად გამოყენების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„დღევანდელი კონფერენციაც სწორედ ამ საკითხს ეძღვნება – განახლებადი ენერგიის წყაროებში ჩვენ რა საინვესტიციო პოტენციალი და შესაძლებლობები გვაქვს, როგორია მათი გამოყენების გზები და ფორმები. საქართველოს არამარტო შიდა წყაროებიდან – ჰიდრო ელექტროენერგიის, ქარის, მზის, ბიომასის და სხვადასხვა წყაროებიდან გენერაციის შესაძლებლობა გააჩნია, არამედ სხვადასხვა ალტერნატიული, ინოვაციური ენერგეტიკის მიმართულების საშუალებებიც. ამასთან, ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს, რომ საქართველო გახდეს ეგრეთ წოდებული ენერგო მაკუმულირებელი  ცენტრი, სადაც თავს მოიყრის ჰიდროენერგია სხვადასხვა ქვეყნიდან, ჩვენ კი შეიძლება ვიყოთ სავაჭრო პლატფორმა. ამ ყველაფერს,  რა თქმა უნდა, შესაბამისი, საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარება და  სისტემების დანერგვა სჭირდება, რაზეც სახელმწიფო ძალიან აქტიურად მუშაობს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

როგორც ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ასევე ინტენსიურად მუშაობს ენერგოპოლიტიკასა და იმ რეფორმებზე, რომლებიც საბოლოოდ ქვეყნის მდგრადი ენერგოსისტემის საფუძველი იქნება. მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ მხარდამჭერ ორგანიზაციას და სახელმწიფოს, რომლებიც საქართველოს  ამ პოლიტიკის ჩამოყალიბებაში ეხმარება.

ლევან დავითაშვილმა ენერგოსექტორის რეფორმირების და ამ კუთხით სახელმწიფოს მნიშვნელოვანი როლის კონტექსტში ასევე ისაუბრა პირველი ივლისიდან საქართველოში ელექტროენერგეტიკული ბაზრის გახსნის საკითხზე, რაც გულისხმობს ვაჭრობას ღია ბაზარზე კონკურენტული პირობებით. ამასთან, მისი თქმით, შემუშავებულ იქნა განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემა: სიმძლავრის აუქციონი და ფასთა სხვაობის ხელშეკრულება.

მინისტრის ინფორმაციით, პირველი ასეთი აუქციონი უკვე წარმატებით დასრულდა და გამოვლინდა 27 გამარჯვებული პროექტი ჰიდრო, ქარის და მზის ელექტროსადგურების მშენებლობაზე.

თქვენი რეკლამა