გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის (GHGA-ის) მე-3 კონფერენციაზე თხილის სექტორში არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
„თხილის დაცვის პროგრამაში“ ტრენერების მომზადება ერთ-ერთი პირველი კომპონენტია. ჩვენ გადავამზადებთ სპეციალისტებს, აქტიურ ფერმერებს, რომლებიც ექსპერტებისგან შეძენილ ცოდნას გაუზიარებენ ახლობლებს, მეზობლებს, თანასოფლელებს და, შესაბამისად, გაერთიანებული ძალისხმევით, ჩვენ მეტი ადამიანის მობილიზებას შევძლებთ.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, აზიურმა ფაროსანამ და სხვადასხვა დაავადებამ დაგვაზარალა. ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ყველა ადამიანს აქვს რესურსებზე წვდომა; ამიტომ, განვადების კომპონენტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.
იმ შემთხვევაში, თუ ფერმერებს ექნებათ სურვილი, შეძლებენ წინასწარ აიღონ ის ქიმიკატები და მცენარეთა დაცვის საშუალებები, რომლებიც აუცილებლად გამოსაყენებელია.
ჩვენ ვსაუბრობდით, რომ დაზღვევის კომპონენტი გამოვიყენოთ და ამაზე დეტალური პრეზენტაცია გვექნება, თუ რა ტიპის დაცვის ღონისძიებას შესთავაზებს ფერმერებს სხვადასხვა სადაზღვეო კომპანია იმისათვის, რომ დამატებითი სტიმული და მოტივაცია იყოს მათი მხრიდან პროგრამაში ჩართვის კუთხით.
იცით, რომ ჩვენი მხრიდან თანადაფინანსების კომპონენტი იქნება, ანუ აქაც ჩვენ სადაზღვევო პრემიის დიდ ნაწილს ვაფინანსებთ. თუ იქნება გარკვეული დამატებითი კომპონენტები, რომელზეც სადაზღვეო კომპანია მზად არის, რომ ფერმერს შესთავაზოს, ჩვენ გარდა იმ ოთხი რისკისა, რომელსაც სტანდარტულად აგროდაზღვევის პროგრამაში ვაფინანსებთ, მზად ვართ, რომ გადავხედოთ თანადაფინანსების კომპონენტებს და წარვდგეთ მთავრობასთან ინიციატივით, რომ დამატებით სადაზღვეო დახმარება შევთავაზოთ ფერმერებს.
ამის შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსავლის სწორ დროს აღება მოხდეს. ასოციაციას აქვს პროგრამა, რომელიც ფერმერებს აძლევს ინფორმაციას, სად და როდის, როგორ უნდა მოხდეს გაშრობა, დასაწყობება. შემნახველი მეურნეობების განვითარება ასევე ჩვენი ერთობლივი პროგრამის ნაწილია, სადაც კომპანია „ფერერო“ ინტენსიურად არის ჩართული და მინდა მათ მადლობა გადავუხადო.
ისინი, როგორც იცით, დამატებით, საგრანტო თანადაფინანსებით, ფერმერებს საშუალებას აძლევენ შემნახველი, საშრობი ცენტრები შეიქმნას. კომბინირებაში სახელმწიფო გრანტები, პლუს „ფერეროს“ დაფინანსება, ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, რომ მათ თავიანთი შემნახველი მეურნეობები შექმნან.
პროგრამაში იქნებიან ჩართული მსხვილი კონსოლიდატორები და ექსპორტიორი კომპანიები, გადამმუშავებელი ინდუსტრია, ის ინდუსტრია, რომელიც, რეალურად, წამყვანია ამ დარგში, რომ მათ გარანტირებულად მაღალი ხარისხის მოსავალი საინტერესო ფასში შეიძინონ, რათა ფერმერის გარჯასა და ძალისხმევას ფასი ჰქონდეს.
სახელმწიფოს თანადაფინანსებით და მხარდაჭერის გარეშე ჩვენ არც ერთ კომპონენტს არ ვტოვებთ, ცოდნის გადაცემის გარდა ჩვენ კონკრეტული ფინანსური ინსტრუმენტები გვაქვს, მაგრამ გარკვეული მობილიზება ფერმერებმაც უნდა მოახერხონ, ეს შეიძლება აგროკრედიტის ან აგროლიზინგის სახით იყოს.
ჩვენ გვქონდა გარკვეული პრობლემები თხილის კულტურის სხვადასხვა ელემეტის დაფინანსებასთან დაკავშირებით. იცით, რომ პროგრამით „დანერგე მომავალი“ ახალი ბაღების განაშენიანებას ვაფინანსებთ, მაგრამ ასევე გვაქვს მოდერნიზაციის პროგრამა, რომელიც ფერმერს აძლევს ყველა ტექნიკური საშუალებას. მით უმეტეს, რომ დღეს ტექნიკის გარეშე წარმოუდგენელია რაიმე ტიპის კულტურის წარმოება.
2019 წელს ვიწყებთ ახალ პროგრამას, ძალიან მალე იქნება მთავრობის დადგენილება, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ყველა ტიპის მექანიზაციაზე 50 % – იანი საგრანტო დაფინანსება გვექნება ყველა იმ ადამიანისათვის, ვისაც სურს ტრაქტორის ან ნებისმიერი იმპლემენტის შეძენა.
ეს კეთდება იმისთვის, რომ პლანტაციები იყოს მოდერნიზებული და შესაძლებელი გახდეს მაღალი პროდუქტიულობით წარმოება, როგორც თხილის ასევე სხვა კულტურების“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.