ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანია „აგროსფერო“ მე-3 წელია, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით სასტიპენდიო და პრაქტიკა-სტაჟირების პროგრამებს ახორციელებს. პროგრამების მიზანი აგრომეურნეობის პოპულარიზაცია, დარგით მეტი ახალგაზრდის დაინტერესება და კვალიფიციური კადრების მომზადებაა.
წელს „აგროსფერომ“ პროგრამაში მონაწილეთა რიცხვი გააორმაგა და სტიპენდია მაღალი მოსწრების III-IV კურსის 6 სტუდენტს დაუნიშნა. მათ რამდენიმე თვის განმავლობაში მიეცემათ შესაძლებლობაც, რომ პრაქტიკა-სტაჟირება კომპანიის სერვისცენტრებში, სადემონსტრაციო სათბურში, სადემონსტრაციო ვენახში,
სერტიფიცირებული ხორბლის სათესლე მასალის წარმოებაში, მექანიზაციის სერვისში, პარტნიორი ფერმერების ნაკვეთებსა და სათბურებში გაიარონ.
გადავწყვიტეთ, შემოგთავაზოთ ინტერვიუების სერია, რომელიც „აგროსფეროს“ სტიპენდიატებს ახლოდან გაგაცნობთ. ამჯერად, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეღვინეობა-მევენახეობის პროგრამის III კურსის სტუდენტს, ლევან კიკაჩეიშვილს ვესაუბრეთ.
ლევან, რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ „აგროსფეროს“ ეს ინიციატივა?
სტუდენტობისას ხშირად ვიბნევით, ასეთი ინიციატივები კი მოტივაციას გაძლევს და თვითგამორკვევაში გეხმარება. საქმე ისაა, რომ სწავლის პერიოდში განვითარების ბევრი გზა არსებობს და ზოგჯერ რთულია, მიხვდე რომელი გზის არჩევა ჯობს. ამიტომ უმჯობესია, სხვადასხვა რამ მოსინჯო და სწორი გადაწყვეტილება მიიღო. „აგროსფეროს“ პროგრამები სწორედ ამაში გვეხმარება, ის შესაძლებლობას გვაძლევს პრაქტიკა სხვადასხვა მიმართულებით გავიაროთ და საკუთარ ინტერესებში უკეთ გავერკვეთ.
როდის დაინტერესდით სოფლის მეურნეობის დარგით?
ბუნება ძალიან მიზიდავს და ჩემი მომავლის მასთან დაკავშირებაც სწორედ ამიტომ გადავწყვიტე. გარდა ამისა, ბავშვობაში ხშირად ვსტუმრობდი პაპაჩემის ვენახს, მასთან ერთად ვუვლიდი ვაზს, მონაწილეობას ვიღებდი რთველში და სხვადასხვა პროცესში. ვფიქრობ, მომავალი პროფესიისადმი ინტერესის გაღვივება და კონკრეტულად მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულების არჩევა, გარკვეულწილად ამ ბავშვობისდროინდელმა გამოცდილებამაც განაპირობა.
ლევან, როგორია თქვენი სამომავლო გეგემები, როგორ ხედავთ თქვენი პროფესიული გზის განვითარებას?
სამწუხაროდ, პაპაჩემის ვენახი აქტიური აღარ არის, რომ მისი გზა გავაგრძელო. ყველაფრის თავიდან დაწყება კი მარტივი არ იქნება, თანაც, სოფლის მეურნეობის ბაზარი უკვე საკმაოდ გაჯერებულია, რაც თავის დამკვიდრებას კიდევ უფრო გაართულებს. ამიტომ ჯერ რაიმე მსხვილი კომპანიის ფარგლებში მუშაობას ვისურვებდი, პირად მეურნეობაზე ფიქრს კი მოგვიანებით, გამოცდილების დაგროვებასთან ერთად დავიწყებ.