ცხოველთა კეთილდღეობა და მათ მიმართ ჰუმანური მოპყრობა ტრანსპორტირების, მოვლა-პატრონობისა და დაკვლის პროცესში – ეს ის თემებია, რომლებზეც რეგიონის 5 ქვეყნიდან ჩამოსული 30 ვეტერინარი იმსჯელებს.
გუშინ, მეცხოველეობის სექტორის წარმომადგენლები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, მოლდოვადან და უკრაინიდან თბილისში შეიკრიბნენ, რათა ცხოველთა კეთილდღეობის საკითხებზე იმსჯელონ და რეგიონულ სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ.
სემინარი, 25-26 იანვარს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ცხოველებთან სასტიკი მოპყრობის პრევენციის სამეფო საზოგადოების (RSPCA) მიერ იქნა ორგანიზებული. ღონისძიების მიზანია, რომ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მეტი ყურადღება გამახვილდეს ცხოველთა კეთილდღეობის საკითხებზე.
“ცხოველთა კეთილდღეობა კომპლექსური საკითხია სამეცნიერო, ეთიკური, ეკონომიკური და კულტურული, სოციალური, რელიგიური და პოლიტიკური ასპექტებით”, – განაცხადა ანდრეი როჟსტალნიმ, FAO-ს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის ოფიცერმა. “დღესდღეობით, ცხოველური პროდუქციის მწარმოებლები სულ უფრო ხშირად საუბრობენ ცხოველთა კეთილდღეობაზე და ამას მათი პროდუქციის ხარისხის დამახასიათებელ ნიშან-თვისებად მიიჩნევენ.”
ცხოველთა კეთილდღეობის შესაფასებლად, RSPCA-ს წარმომადგენლებმა კონფერენციამდე საველე ვიზიტები განახორციელეს სომხეთსა და საქართველოში. მათ მეცხოველეობის პროდუქციის მწარმოებლების და სასაკლაოების ოპერატორების ტექნიკური მაჩვენებლები შეაფასეს. მათ დაკვირვებებზე დაყრდნობით, კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება სახელმძღვანელო მითითებები და რეკომენდაციები მსხილფეხა რქოსანი პირუტყვის დასაკლავად მომზადების, ტრანსპორტირებისა და დაკვლის შესახებ.
“მთავრობების, მწარმოებლების, ხორცის ინდუსტრიის და საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით ცვლილებები უნდა განხორციელდეს პირუტყვთან უფრო ჰუმანური მოპყრობის თვალსაზრისით”, – განაცხადა როჟსტალნიმ. “FAO-ს შესწევს უნარი, განახორციელოს ამ ძალისხმევათა კოორდინირება და რეგიონის ქვეყნებს გაუწიოს ტექნიკური კონსულტაცია და დახმარება”.
ადამიანის კეთილდღეობა და ცხოველების კეთილდღეობა მჭიდრო ურთიერთკავშირშია. ბევრ რეგიონში ადამიანების საკვებით უსაფრთხო მომარაგება დამოკიდებულია ცხოველების ჯანმრთელობასა და პროდუქტიულობაზე, ეს კი, თავის მხრივ, დამოკიდებულია მოვლასა და კვებაზე, რომელსაც ცხოველები იღებენ.
მთელმა რიგმა კვლევებმა რაოდენობრივად გაზომეს ცხოველთა კეთილდღეობის ეკონომიკური შედეგები და აჩვენეს, რომ ცხოველთა კეთილდღეობის სტანდარტებისა და პრაქტიკის დანერგვას შეუძლია ხელი შეუწყოს სასურსათო უსაფრთხოებას და სოფლად შემოსავლების გაზრდას.
უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ცხოველური პროდუქციის წარმოების მნიშვნელოვანმა ზრდამ წამოჭრა ეთიკური საკითხების ფართო სპექტრი, მათ შორის, ზრუნვა ცხოველთა კეთილდღეობაზე. საცალო მოვაჭრეები და კვების მრეწველობა ცხოველური წარმოშობის საკვებზე ითხოვენ ცხოველთა კეთილდღეობის უფრო მაღალ სტანდარტებს, და ამგვარ სტანდარტებთან შესაბამისობა სულ უფრო მეტად არის გათვალისწინებული სავაჭრო შეთანხმებებში.