აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის ინიცირება მოხდა.
მთავარი კანონპროექტი თანმდევ კანონპროექტებთან ერთად კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის ავტორმა, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ წარუდგინა.
ოთარ დანელიას განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტი დაეყრდნო საკონსტიტუციო ჩანაწერს – „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის, ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში“, რომელიც დღეს მოქმედ კონსტიტუციაშია ასახული.
შესაბამისად, მომზადდა ორი კანონპროექტი, ერთი არის ორგანული კანონი, რომელიც აღნიშნულ საკითხს პრინციპების დონეზე არეგულირებს, განსაზღვრავს მის შესაბამის კრიტერიუმებს, მეორე – „მიწის მიზნობრივი დანიშნულების, განსაზღვრის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ კანონპროექტი. მათგან გამომდინარე ცვლილებები შედის რამდენიმე მოქმედ კანონში.
„კანონის მიღების მიზანი არის მიწის, როგორც განსაკუთრებული რესურსის რაციონალური გამოყენების პრინციპების დადგენა, მიწის მდგრადი მართვის სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა, მიწის სტატუსის და მიწაზე საკუთრების უფლების გამჭვირვალე და ერთიანი პრაქტიკული სისტემის შექმნა. ძირითად არსს წარმოადგენს წინამდებარე კანონის საფუძველზე მიწაზე სახელმწიფო საკუთრების პოლიტიკის შემუშავება და, რა თქმა უნდა, ქვეყნის ისტორიული, ტრადიციული გამოცდილების გათვალისწინება“, – განაცხადა ოთარ დანელიამ კანონპროექტის წარდგენისას.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ორგანული კანონპროექტი ეფუძნება შემდეგ ძირითად პრინციპებს: საკუთრების უფლების დადგენა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საჯარო და კერძო ინტერესების დაცვით; მიწის მდგრადი მართვის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობა; ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაცვა; ადგილობრივი მეურნეობის განვითარება.
„სასოფლოს სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალახე ფიზიკურ პირს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენა ეკრძალება. ხოლო საქართველოში რეგისტრირებულმა იურიდიულმა პირმა, რომლის დომინანტი პარტნიორი არის უცხოელი, უნდა წარადგინოს საინვესტიციო გეგმა და მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში გაასხვისოს.