ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მოწყობილ სამეგრელოს რეგიონის ღვინის მარნებმა საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს.
„ოჯალეში“, „ჭვიტილური“, „კოლხური ეგუძგური“, „მაჭყვადინა“, „კოლხური საფერე“, „კოლოში“, „ჩე ხარდანი“- ფესტივალის დასკვნით დღეს, 15 ოქტომბერს, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მოწყობილ სპეციალურ საფესტივალო სივრცეში სამეგრელოს რეგიონის ღვინის მარნებმა საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს.
სამეგრელოს რეგიონში ვენახები მოქცეულია შავი ზღვის სანაპირო ზოლში, იწყება ზღვის დონიდან 2-4 მეტრი სიმაღლიდან და ვრცელდება 500 მეტრ სიმაღლემდე.
ჰავა სუბტროპიკული, ტენიანია, ზოგიერთ ადგილას ჭარბტენიანიც, ამიტომ ვაზი ხასიათდება ხანგრძლივი სავეგეტაციო პერიოდით. სამეგრელოს რეგიონი მეღვინეობის ერთ-ერთ ყველაზე უძველეს კერას წარმოადგენს. პირველი ცნობები ანტიკური წყაროებიდან სწორედ კოლხეთის შესახებ გვხვდება.
ეს რეგიონი გამოირჩევა ვენახის თვითმყოფადი მოწყობის კულტურით, რომელიც XIX საუკუნემდე თითქმის მთლიანად მაღლარზე იყო გაშენებული. აქაური ისტორიული ჯიშებიდან ცნობილია ოჯალეში, ჭვიტილური, კოლხური ეგუძგური, მაჭყვადინა, კოლხური საფერე, კოლოში, ჩე ხარდანი, ჩეჭიფეში, ხარისთვალა მეგრული, ჭითაში და სხვა.
ყოველწლიური ფესტივალი „ღვინის დღეები“ საქართველოს 23 ქალაქში 9 დღის განმავლობაში მასპინძლობდა ქართული ღვინის, გასტრონომიის, ქორეოგრაფიისა და მუსიკის მოყვარულ ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებს.