ქვემო და შიდა ქართლში ცხოველთა იდენტიფიკაციის სისტემა წარადგინეს

ცხოველთა, რეგისტრაცია

ქვემო და შიდა ქართლში ცხოველთა იდენტიფიკაციის სისტემის საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

24-28 ივლისს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) ჩართულობითა და შვეიცარიისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოების ფინანსური მხარდაჭერით, ქვემო და შიდა ქართლის რეგიონში ცხოველთა რეგისტრაციის ეროვნული სისტემის (NAITS) საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და სურსათის ეროვნული სააგენტოს  წარმომადგენლებმა  ფერმერებს, სასაკლაოების მფლობელებს და ვეტერინარებს  წარუდგინეს ცხოველთა იდენტიფიკაცია – რეგისტრაციის ახალი, გაუმჯობესებული სისტემის სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც გაგრძელდება მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის საყურე ნიშნებით იდენტიფიცირება; გაუმჯობესდება და დაიხვეწება მონაცემთა ელექტრონული ბაზა, რომელითაც შესაძლებელი იქნება ცხოველის შესახებ ინფორმაციის მოძიება, დროის უმოკლეს პერიოდში.

შეხვედრის ფარგლებში FAO-ს და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ყურადღება გაამახვილეს საკანონმდებლო რეგულაციაზე, რომელიც ძალაში 2018 წლის პირველი იანვრიდან შევა. ახალი რეგულაციით პირუტყვის სასაკლაოზე დასაკლავად სავალდებულოა ცხოველი იდენტიფიცირებული იყოს საყურე ნიშნით.

FAO-ს პროექტის, ცხოველთა იდენტიფიკაციის ეროვნული სისტემის (NAITS) ცხოველთა ჯანმრთელობის სპეციალისტის ალექსანდრე ქაშიაშვილის განმარტებით, რეგულაცია, რომელიც ძალაში 1 იანვრიდან შევა, ხელს შეუწყობს ცხოველთა მიკვლევადობას და ხორცპროდუქტების ხარისხის ზრდას.

„ახალი რეგულაცია, გააუმჯობესებს ცხოველთა მიკვლევადობას და ხორც პროდუქტების ხარისხს, რითაც კიდევ უფრო შემცირდება ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებების რისკი და გაუმჯობესდება, მომხმარებელთა უფლებები“ – განაცხადა ალექსანდრე ქაშიაშვილმა.

NAITS პროექტის განხორციელებისათვის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტომ (ADC) ჯამში 5 მილიონი დოლარი გამოყო.

თქვენი რეკლამა