ფერმერი ავთანდილ მარაქველიძე სოფელი ბაღლოჯიანი (ყვარელი)

ფერმერი, აგროსფერო, წარმატება, ვენახი, ბაღი

ავთანდილ მარაქველიძე ყვარელში, სოფელ ბაღლოჯიანში ფერმერულ მეურნეობას მისდევს:

„ზოგადად ყველა მცენარე „მზესუმზირაა“, მთელი დღე საითაც მზეა იქეთ იყურება, მზე რომ წავა უყურებს სადაც ჩავიდა, დილას ისევ აქეთ, აღმოსავლეთისკენ ელოდება როდის ამოვა.

22 წლის ვიყავი მიწასთან ჭიდილი რომ დავიწყე, 50 წლის ვარ ახლა. თავიდან მევენახეობის იდეა გამიჩნდა, მერე ნელ-ნელა მივამატეთ კულტურები. ახლა საქმიანობაში მთელი ოჯახი ვართ ჩართული. სულ 30 ჰექტარი გვაქვს, აქედან 8 – ვენახია. ძირითადად საფერავი მოგვყავს, მაგრამ სხვა ჯიშებიცაა მცირე რაოდენობით – ქისი, მწვანე და ა.შ.

ჩვენს მადლიან მიწებზე სოფლის მეურნეობის წამოწყება ადვილია, მთავარია, სწორი მიდგომა იცოდე და სხვების გამოცდილებას მოუსმინო. ვაზის გარდა ხილის ბაღებიც გვაქვს – კარალიოკის, ხურმის, ალუჩის და ა.შ.

მიწები ძირითადად ორმოსავლიანობაზე გადაგვყავს. სიმინდის შემდეგ საშემოდგომო/ზამთრის კულტურებს ვთესავთ, როგორიცაა ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, სალათები. 1 ჰექტარზე სხვა ფერმერებისთვის სადემონსტრაციოდ მოგვყავს საზამთროს, ნესვის, პომიდვრის, წიწაკის ახალი და თანამედროვე ჯიშები. წელს უკურკო საზამთრო გვექნება საქართველოში პირველად.

ვაზი მაინც ჩვენი წინაპრების მონაპოვარია და უფრო მყარი საყრდენია. თანაც უკვე ვიცი ვენახი როგორ გვესაუბრება, რა უჭირს და რა ულხინს. ჩვენს მიკროზონაში ბევრი ვენახი გაშენდა, რადგან ფინანსური შემოსავალი გაჩნდა, მაგრამ ცოტა გვაწუხებს მუშახელის ნაკლებობა. ახლა, მაგალითად, მაისში ფურჩქვნის პერიოდია მთელ კახეთში და ყველას რომ ეყოს, ამდენი რესურსი არ არის.

ევროპაში ასეა და ჩვენთანაც მალე დადგება ეს დრო, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებმა ჩაანაცვლა მუშახელი ისეთ საქმეებში, როგორიცაა თავების გადაჭრა, ახვევა და ყველაფერი რაც სჭირდება ვენახს. კრეფაც კი სპეციალური ვაზის კომბაინებით ხდება. 2000-იანების დასაწყისში ძველისძველი პრეპარატები იყო, ახლა რაც თანამედროვე სერვისცენტრები გაჩნდა ეს პრობლემა მოხსნილი გვაქვს და მავნებელ-დაავადებებს ადვილად ვუკლავდებით, Bayer-ი ნამდვილად საუკეთესოა.

დამწყებებს კი ვურჩევდი, რომ უფლის ნაჩუქარი დრო არ გაფლანგონ ექსპერიმენტებში და მიჰყვნენ სხვების გამოცდილებას, ასე უფრო წინ წავლენ.“

წყარო: აგროსფერო • Agrosphere

თქვენი რეკლამა