ევროკავშირი და FAO აკვაკულტურის სექტორში ხელს უწყობს სურსათის უვნებლობის გაუმჯობესებას.
2023 წლის 31 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით, ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საერთაშორისო ექსპერტმა, მეტინ ილემინმა, ცხოველის ჯანმრთელობასა და უვნებელ, მდგრად მეთევზეობაზე ორიენტირებული ტრენინგები ჩაატარა.
საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს სურსათის ეროვნული სააგენტოს (NFA) თანამშრომლებმა, მეწარმეებმა აკვაკულტურის ასოციაციიდან, კერძო ვეტერინარებმა და FAO-ს გუნდის წევრებმა. თბილისსა და გორში გამართული ტრენინგების მიზანს, კერძო და საჯარო სექტორების სურსათის უვნებლობის ახალ სტანდარტებთან და ცხოველის ჯანმრთელობის შესახებ კანონმდებლობასთან ადაპტაციის ხელშეწყობა წარმოადგენდა.
მეთევზეობის ინდუსტრიის „ფერმიდან მაგიდამდე“ მიდგომა და ვეტერინარული პროდუქტების შემცირებული გამოყენების საჭიროება, ტრენინგების მთავარ თემებს წარმოადგენდა, სხვა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, როგორიც არის: სივრცის მოწყობა და თევზის ფერმების მშენებლობა, წყლის ორგანიზმების ჯანმრთელობის მართვა, თევზის საკვები და მისი მართვა, ბიოუსაფრთხოება, ანტიმიკრობული რეზისტენტობა.
საგანმანათლებლო მოდულების თეორიულ ნაწილს მონაწილეები თბილისში დაესწრნენ, ხოლო ტრენინგის პრაქტიკული სესიები, 2 და 4 აგვისტოს, სოფელ ახალდაბაში არსებულ თევზის ფერმაში ჩატარდა. ხუთ დღიან ტრენინგში, 18-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და აკვაკულტურის სექტორში, სურსათის უვნებლობასა და ცხოველის ჯანმრთელობის შესახებ ცოდნა გაიღრმავა.
„ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოში სურსათის უვნებლობის გაუმჯობესებას, რაც ქვეყნის მომხმარებლისთვის უკეთეს წვდომას უზრუნველყოფს მაღალი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე, რომელიც უფრო მეტად კონკურენტუნარიანია საერთაშორისო ბაზრებზეც. აკვაკულტურის სექტორს, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ წყაროდ გარდაქმნის პოტენციალი და შესაძლებლობა აქვს. ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, FAO-ს მიერ კომპეტენტური ორგანოებისთვის, კერძო ვეტერინარებისა და თავად მეთევზე ფერმერებისთვის ორგანიზებული აკვაკულტურის ტრენინგი, გამოსადეგი იქნება საქართველოს აკვაკულტურის სექტორის პოტენციალისა და შესაძლებლობების რეალიზებისთვის, რადგანაც სექტორში არსებული საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო მეთოდების ცოდნა, ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია“, განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის საგანგებო სიტუაციების მართვის, სამოქალაქო დაცვის, სოფლის განვითარებისა და ინტელექტუალური საკუთრების პროგრამების მენეჯერმა ქეთევან ხუციშვილმა.
„საქართველოს აკვაკულტურის სექტორში დიდ პოტენციალს ვხედავთ, ის შესაძლოა მნიშვნელოვან ეკონომიკურ სტიმულად გარდაიქმნას მთიან რეგიონებში მცხოვრები მცირე მეწარმეებისთვის. ჩვენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარს ვუჭერდით აკვაკულტურის კანონმდებლობის მიღებაში 2018 წელს და აკვაკულტურის სტრატეგიაც მალე დამტკიცდება. ახლა, მიმდინარე ტრენინგებით, ფერმერებს, აკვაკულტურის ასოციაციებსა და სახელმწიფო ინსტიტუციების წარმომადგენლებს ტექნიკური ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას ვაძლევთ, რომ მათ ევროკავშირის სურსათის უვნებლობის სტანდარტებისა და ცხოველის ჯანმრთელობის შესახებ მოსალოდნელ სახელმწიფო კანონმდებლობასთან შესაბამისად შეძლონ საქმიანობა“, თქვა FAO-ს პროგრამის კოორდინატორმა ხავიერ სანს ალვარესმა.
FAO-ს საერთაშორისო კონსულტანტი, ევროკავშირის მხარდაჭერით, დამატებით ტრენინგებს NFA-ისა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებსაც ჩაუტარებს. ორ დღიანი საგანმანათლებო შეხვედრების მიზანს, აკვაკულტურის სექტორში, ქვეყნის სურსათის უვნებლობის ახალ სტანდარტებთან ადაპტირება წარმოადგენს.
2022 წელს ENPARD IV პროგრამის დაწყებიდან დღემდე, FAO-ს აგრონომთა და ვეტერინართა გუნდმა, 2 200 ბოსტნეულის მეწარმეს, მერძევე ფერმერსა და მეფუტკრეს ჩაუტარა ტრენინგი. მალე, FAO საქართველოს აკვაკულტურის სექტორის მეწარმეებსაც შესთავაზებს საგანმანათლებლო პროგრამებს.