ჩინეთის სინძიანის პროვინციაში 660 მილიონი იუანის (დაახლოებით 95,5 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების მასშტაბური აგროინდუსტრიული კომპლექსი ამოქმედდა, რომელიც ზამთრის პერიოდში მოცვის წარმოებაზეა ორიენტირებული.
პროექტი საშუალებას იძლევა მოსავალი მიღებულ იქნას იმ პერიოდში, როდესაც ბაზარზე მიწოდება მინიმალურია და ფასები — მაქსიმალური.
კომპლექსი მოიუს ოლქში მდებარეობს და 300 მაღალტექნოლოგიურ სათბურს აერთიანებს. ინფრასტრუქტურა მოიცავს ასევე სამაცივრე შენახვის ცენტრებსა და დახარისხების თანამედროვე ხაზებს, რაც მთლიან ციკლს — წარმოებიდან ბაზრამდე — ერთ სისტემაში აერთიანებს.
პროექტის მთავარი მიზანია დეკემბრიდან აპრილამდე პერიოდში სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფა, როდესაც ჩინეთის შიდა ბაზარზე ახალი კენკრის დეფიციტი ფიქსირდება.
ტექნოლოგიური და ეკონომიკური პარამეტრები
- ხარისხი: რეგიონში წელიწადში საშუალოდ 2965 საათი მზის ნათებაა, ხოლო მორწყვა ტიან-შანის მთებიდან დნობის წყლით ხდება. ამ პირობებში კენკრის შაქრის შემცველობა 14–16%-ს აღწევს, ხოლო ანთოციანინების დონე ეროვნულ საშუალოზე დაახლოებით 20%-ით მაღალია;
- მომგებიანობა: მოცვის შემოსავლიანობა ერთეულ ფართობზე დაახლოებით 10-ჯერ აღემატება ბამბისას, რაც ფერმერებს სტიმულს აძლევს, გადავიდნენ უფრო ინტენსიურ და დახურულ წარმოების მოდელზე;
- ფასები: ზამთრის პიკურ პერიოდში სინძიანის მოცვი იყიდება 23–35 დოლარად/კგ (160–240 იუანი), რაც დაახლოებით სამჯერ აღემატება მასობრივი სეზონური წარმოების ფასს.
სრულად ამოქმედების შემდეგ, კომპლექსი ყოველწლიურად 1500 ტონაზე მეტ მოცვს აწარმოებს. ეს მოცულობა საკმარისია, რომ რეგიონმა მნიშვნელოვანი წილი დაიკავოს ჩინეთის ზამთრის ბაზრის პრემიუმ სეგმენტში და მომხმარებელს პიკური მოთხოვნის პერიოდში ადგილობრივი, ახალი პროდუქტი შესთავაზოს.
რას ნიშნავს ეს მოდელი აგრობიზნესისთვის
ეს პროექტი კიდევ ერთხელ აჩვენებს თანამედროვე აგრობიზნესის მთავარ მიმართულებას — სეზონის მართვას და არა მხოლოდ წარმოებას.
ვინც ახერხებს პროდუქტის მიწოდებას მაშინ, როდესაც ბაზარზე დეფიციტია, ავტომატურად გადადის მაღალმარჟიან სეგმენტში.
სწორედ ამიტომ, დახურული გრუნტის ტექნოლოგიები და მიკროკლიმატის მართვა ხდება არა მხოლოდ აგრონომიული, არამედ ფინანსური ინსტრუმენტიც.
საქართველო — რა შეიძლება ვისწავლოთ
საქართველოსთვის ეს მაგალითი განსაკუთრებით საინტერესოა:
- ზამთრის წარმოება = მაღალი ფასებს;
- მცირე ფართობზე მაღალი შემოსავალი;
- ინფრასტრუქტურის კრიტიკული მნიშვნელობა.
ეს ნიშნავს, რომ მსგავსი მოდელი შეიძლება ეფექტური იყოს არა მხოლოდ მოცვზე, არამედ სხვა კენკროვნებზეც.
ფოტო: freepik
ლურჯი მოცვის ბაზარი: გლობალური ზრდა, წარმოების ტენდენციები და პროგნოზები

