12 სექტემბერს, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში „აგროპროექტის“ შედეგების პრეზენტაცია და Agro Job Fair 2023 გაიმართა. „აგროპროექტი“ აგრონომიის საბაკალავრო პროგრამის ახალი საგანია, რომელიც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს სადემონსტრაციო ნაკვეთში დამოუკიდებლად მოიყვანონ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურა და თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ.
„აგროპროექტის“ პრეზენტაციაზე სტუდენტებმა დამსწრე საზოგადოებას თავიანთი დაკვირვებები და შედეგები გაუზიარეს. ასევე, ისაუბრეს ერთი წლის განმავლობაში მიღებულ გამოცდილებაზე. სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაეთვალიერებინათ, დაეგემოვნებინათ და შეეფასებინათ პროექტის მონაწილეების მიერ მოყვანილი მოსავალიც.
„აგროპროექტი“ არის შესაძლებლობა სტუდენტებმა უნივერსიტეტშივე, კამპუსის ტერიტორიაზე გამოყოფილ თანამედროვე საირიგაციო სისტემით აღჭურვილ სადემონსტრაციო ნაკვეთზე აწარმოონ სხვადასხვა სახის სამუშაო და მათთვის საინტერესო სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანის წესები პრაქტიკაში შეისწავლონ. აღნიშნული გულისხმობს: ნაკვეთის დამუშავებას, რისკების შეფასებას, ბიუჯეტირებას, ნიადაგის ანალიზს, ნაყოფიერების მართვის გეგმის შემუშავებას, თესვას, მავნებლებსა თუ დაავადებებზე დაკვირვებას და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას. ასევე, მოსავლის აღება-დაბინავებას, რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრას.
„აგროპროექტისთვის“ საჭირო სათესლე მასალები, სასუქები და პესტიციდები სტუდენტებმა პროექტის მხარდამჭერ „აგროსფეროსგან“ მიიღეს. აღსანიშნავია, რომ 2022 წლიდან კომპანია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ახორციელებს სასტიპენდიო და სტაჟირების პროგრამებსაც.
„აგროსფეროს“ ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდების ხელშეწყობა და სასოფლო-სამეურნეო დარგის მიმართ ინტერესის გაღვივებაა. სწორედ ამიტომ კომპანია აქტიურად ერთვება მსგავს წამოწყებებში და არ იშურებს ძალისხმევას თავადაც შექმნას სტუდენტებისთვის ცოდნის გაღრმავების ახალი შესაძლებლობები.
„აგროპროექტის“ შედეგების პრეზენტაცია წელს პირველად გაიმართა. მონაწილეებმა ძალიან კარგ შედეგებს მიაღწიეს და საინტერესო პრეზენტაციები წარმოგვიდგინეს. იმედი გვაქვს, პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნა მათ სამომავლო გეგმების განხორციელებაშიც დაეხმარება და კიდევ უფრო გაზრდის მათ მოტივაციას სოფლის მეურნეობის მიმართულებით კარიერის გაგრძელების თვალსაზრისით“, – ამბობს „აგროსფეროს“ სასწავლო ცენტრის, „აგრარიუმის“ ხელმძღვანელი, მარიამ მერაბიშვილი.
„აგროსფერო“ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. კომპანია თანამედროვეობის კონცეფციას ეფუძნება და ქვეყანაში ინოვაციურ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება. „აგროსფერო“ თანამედროვე აგრო-განათლებისთვის“ კომპანიის კიდევ ერთი მიმართულებაა, რომლის ფარგლებშიც ის სოფლის მეურნეობით დაინტერესებული ახალგაზრდების ხელშემწყობ პროექტებსა და პროგრამებს ახორციელებს.
სტატია მოგვაწოდა კომპანიამ „აგროსფერო“ https://agrosphere.ge/