გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ნადირობის მოყვარულებს აფრთხილებს, რომ 1 მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა აკრძალულია და მოუწოდებს მათ, მკაცრად დაიცვან კანონით დაწესებული ვადები.
უკანონო ნადირობის პრევენციის მიზნით, დეპარტამენტის თანამშრომლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს გააგრძელებენ.
აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში, კანონის დამრღვევი პირის მიმართ შესაბამისი საჯარიმო სანქციები იმოქმედებს. კანონის თანახმად, რიგ შემთხვევაში, მოხდება მოპოვებული ობიექტებისა და სანადირო იარაღის კონფისკაცია და ასევე, შესაძლოა, პირს ჩამოერთვას სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლებაც.
ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხას ემატება გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხაც. თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი განიხილება.
„ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა, დეპარტამენტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად, ჩვენი თანამშრომლები, ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში იცავენ გარემოს. უკანონო ნადირობის ფაქტების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, ნადირობის სეზონის განმავლობაში, გამკაცრებული კონტროლი ხორციელდებოდა.
შედეგად, სეზონის განმავლობაში, 685 სამართალდარღვევაა გამოვლენილი. ყველაზე მეტი – 228 ფაქტი დაფიქსირდა იმერეთში, 117- სამეგრელო-ზემო სვანეთში. მცხეთა-მთანეთში – 95, კახეთში – 74, შიდა ქართლში – 46, გურიაში – 45, ქვემო ქართლში – 23, აჭარაშიც – 23, სამცხე-ჯავახეთში – 17, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი – 7. უკანონო ნადირობის 10 ფაქტი კი, დეპარტამენტის თანამშრომლებმა დედაქალაქში გამოავლინეს.
სამართალდარღვევებიდან 4 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. დეპარტამენტი მკაცრ კონტროლს მომავალშიც გააგრძელებს და თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს“, – განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ჯღარკავამ.