მზის სითბურ და ქარის ენერგიაზე მომუშავე მიკროსაწარმო

პროექტ „მზის სითბურ და ქარის ენერგიაზე მომუშავე მიკროსაწარმოს („მზის საწარმოს“) სერიული წარმოების“ კონცეფცია შემუშავდა იმ ორი ათეული წლის პროფესიული გამოცდილების საფუძველზე, რომელსაც ფლობს შპს „ბის“-ის მენეჯმენტი, მისი დირექტორი გოჩა მელქაძე.

2002-2005 წლებში აქტიურად განიხილებოდა რძის გადამამუშავებელი ტრანსნაციონალური კორპორაციის დანონ ჯგუფის (http://www.danone.com/ ) სამხრეთ კავკასიაში შემოსვლის და რძის ინდუსტრიაში ინვესტირების თემა. გოჩა მელქაძეს, როგორც ჯგუფის რეგიონალურ წარმომადგენელს, შესთავაზეს გამოეკვლია ნედლი რძის რესურსებისა და სარძევე მიმართულების მეცხოველეობის განვითარების პერსპექტივები ამისათვის სპეციალურად შერჩეულ რეგიონებში.

დანონს აინტერესებდა ნატურალური რძის მძლავრი სანედლეულო ბაზის შექმნის პოტენციალი. უპირატესობა ეძლეოდა ბუნებრივი საძოვრებით მდიდარ მაღალმთიან რეგიონებს, განსაკუთრებით ალპურ ზონებს, მათი ჯანსაღი და საიმედო ეპიზოოტიური სურათის გამო.

გოჩა მელქაძის თაოსნობითა და კვალიფიციური სპეციალისტების ჯგუფის მიერ, შესწავლილი იქნა საქართველოს რამდენიმე მაღალმთიანი რეგიონის რეზერვები და ამისათვის ხელშემწყობი ბევრი ფაქტორის გამო (უპირატესად ელქტრომომარაგების და საავტომობილო გზების არსებობის ნიშნით) მომზადდა კონკრეტული საინვესტიციო პროექტი „სამცხე-ჯავახეთის რძის ინდუსტრია“, რომელიც დანონ ჯგუფის საქართველოში შემოსვლისთვის ერთგვარ საპილოტე ზონდირებას წარმოადგენდა და რომლის მიხედვითაც ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში შერჩეულ ცხრა სოფელში უნდა განთავსებულიყო კომპანია „კოლაქს-მ“-ის ნედლი რძის პირველადი გადამუშავების კონტეინერული ტიპის მიკროსაწარმოები.

ამ მიკროსაწარმოების მიერ შექმნილი პროდუქცია-ნახევარფაბრიკატი განკუთვნილი იქნებოდა შემდგომი გადამუშავებისთვის. იმდროინდელი ეკონომიკური პრიორიტეტების გამო პროექტის იმპლემენტაცია ვერ მოხერხდა – დანონ ჯგუფმა თავისი ფილიალი აზერბაიჯანში დააფუძნა და 380 მილიონი დოლარის ინვესტირება მოახდინა საკუთარი საწარმოო სიმძლავრეების სანედლეულო ბაზის შესაქმნელად.

მიღებული გამოცდილებით კეთდება დასკვნა, რომ ზოგადად საქართველოს მაღალმთიანეთში დიდი პერსპექტივა აქვს სარძევე მიმართულების მეცხოველეობის განვითარებას, რომლის მთავარი სტიმული იქნება ადგილობრივად განთავსებული პირველადი გადამამუშავებელი მიკროსაწარმოები. ელექრომომარაგების დეფიციტისა და უგზოობის არსებულ პრობლემას წინამდებარე პროექტი განახლებად ენერგიაზე მომუშავე მოწყობილობებისა და დანადგარების მეშვეობით გეგმავს, რომლის მომწოდებელი პარტნიორები შერჩეული არიან და შემუშავებულია ბიზნეს-გეგმა, რომლის მიხედვითაც დასტურდება პროექტის სიცოცხლისუნარიანობა და მისი განვითარების კარგი პერსპექტივები.

რძის პირველადი გადამუშავების მიკროსაწარმოს მიზნობრიობა სრულად ითვალიწინებს რძის პროდუქტების წარმოების „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების“(DCFTA) მოთხოვნებს. საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების ბუნებრივი საძოვრების ეკოლოგიური სისუფთავე, პირველადი რძის წარმოების თანამედროვე საშუალებები და მისი პირველადი თერმული დამუშავება ასევე თანხვედრაშია HACCP-ის ნორმებთან.

მიკროსაწარმო წარმოადგენს ჩვეულებრივი რძის შემგროვებელი ცენტრის ანალოგს, მხოლოდ მას მეტი ფუნქციური დატვირთვა აქვს: ნედლი რძის პარამეტრების დადგენის შემდეგ ის, მზის კოლექტორების სპლიტ სისტემით, სპეციალურ აღჭურვილობაში მუშავდება თერმულად, ანუ პასტერიზდება 76 გრადუსამდე რამდენიმე წამით, ამის შემდეგ ხდება ჩადედება-კოაგულაცია, შემდეგ ყველა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმის დაცვით დელამოს შრატისგან განცალკევება და შედეგად მზადდება ნებისმიერი სახეობის ყველის საერთო ნახევარფაბრიკატი – ყველის მარცვალ (დელამოს, ლათინურად CAGLIATA-ს ) და მეორად ნედლეული – რძის შრატი, უმთავრესად პოპულარული ნადუღისათვის. სათანადო ნორმების დაცვით შემდგომი გადამუშავების პირობებში, ამ ნედლეულისგან დამზადებულ რძის ნაწარმს რეალური საფუძველი აქვს მიიღოს ბიოლოგიური პროდუქტის სტატუსი.

მიკროსაწარმოების რეგიონებში მასიურად განთავსება მნიშვნელოვანი სტიმული იქნება დარგის განვითარებისთვის. პროექტის იმპლემენტაცია მაღალმთიანი რეგიონების სახელმწიფო კანონს  სოფლის მოსახლეობას, გარდა არსებითი სოციალური დატვირთვისა, ეკონომიკურ მნიშვნელობასაც შესძენდა და დემოგრაფიული სურათის მდგომარეობის გაუმჯობესებასაც მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს.

ყოველდღიური გარანტირებული შემოსავლის გაჩენა ქართველ გლეხს უფრო მეტი პირუტყვის ყოლის მოტივაციას გაუჩენდა, რაც მათი საოჯახო ფერმების კოოპერატივებად გამსხვილების მოთხოვნასაც ბუნებრივად წარმოქმნიდა.

პროექტის ინოვაციურობას მასში განახლებადი ენერგიის წყაროების ძირითადი როლი განაპირობებს. საქართველოს რეგიონებში, მის მაღალმთიანეთში ინფრასტრუქტურის გაუმართაობა წარმოშობს ბიზნეს საქმიანობისთვის მზის სითბური და ქარის ენერგიის (სადაც ამის რეალური ლოკაციაა) გამოყენების ამოცანას, რაც წარმატებით რეალიზდება წინამდებარე პროექტით.

მეორეს მხრივ, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების მოღონიერებისთვის, შემდგომი გადამუშავებისთვის სეს-ოს მიერ აღიარებულ მეურნე სუბიექტებისთვის ამ სახის ნახევარფაბრიკატის მიწოდება მნიშვნელოვან შეღავათს მისცემს რძის საწარმოების ტექნიკური აღჭურვილობის გაიაფების მხრივ.

მათთვის აუცილებელი აღარ იქნება ძვირადღირებული რძის მიმღები გამაციებელი ტანკის, ნორმალიზაციის, პასტერიზაციის, სითბოს გამცვლელების, ყველის კოაგულაციის ავზის, შრატისგან განმცალკევებელის, მათი დამაკავშირებელი და ასევე სარეცხი CIP სისტემების შესყიდვა. ამით ისინი რამდენიმე ათეული ათასი ლარს დაზოგავენ და წარმადობების მნიშვნელოვნად გაზრდის შესაძლებლობა შეექმნებათ.

პროდუქტის ხარისხი, მისი ბრენდის ადგილწარმოშობის მაღალი ცნობადობა, მისი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის სტატუსის დამკვიდრება „მზის საწარმოს“ პროდუქციის კლიენტებს – დელამოსა და შრატის გადამამუშავებლებს საგრძნობ კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს.

პოტენციური კლიენტები იქნებიან უკანასკნელ ხანს მომრავლებული 20-30 მეწველი ფურის მეპატრონე ფერმერები, რომელთაც ბოლოდროინდელმა რძის გადამუშავების ევროკავშირის ნორმებმა მკვეთრად შეუზღუდა ოჯახურ პირობებში დამზადებული ყველის სავაჭრო ქსელში უსაბუთოდ შეტანა და რომლებიც ასევე კარგად ხედავენ, რომ ახლო მომავალში ბაზარში და მის მიდებარე სავაჭრო ადგილებში მათ საკუთარი პროდუქციის რეალიზაციის პრობლემები შეექმნებათ. არადა, საქართველოში ყველის წლიურმა მოხმარებამ ფულად გამოსახულებაში მილიარდ ლარს დიდი ხანია უკვე გადააჭარბა და ეს შიდა მცირე და საშუალო ფერმერული მეურნეობები ს ბიზნესი კიდევ დიდხანს დარცება ერთობ რენტაბელურად.

ჩვენი პარტნიორების „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ (მეპატრონე-მმართველები ა.კუკავა და შ. კუკავა) ჩვენი იდეით დაინტერესდნენ, გამოიჩინეს საკმაო ზალისხმევა მის სამუშაო პროექტად ჩამოყალიბებაში და ერთობლივად განვახორციელეთ საპილოტე ნაწილი. პირველი ასეთი ექსპერიმენტული მიკროსაწარმო-მოდული დავდგით საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, „მლაშე ტბების“ მიმდებარედ, სადაც მესაქონლეობის განვითარებისთვის მდიდარი ბუნებრივი რესურსებია, მაგრამ უდენობა და უგაზობა მერძეულ მიმართულებას მნიშვნელოვნად აფერხებს.

არის საკმაო დაინტერესება სხვა რეგიონებიდანაც, ვმუშაობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

დასასრულ, არანაკლებ მნიშვნელოვან თემასაც შევეხებოდი, საქართველოში აგროტურიზმის განვითარების საქმეში ამ ტიპის სხვადასხვა ფუნქციონალური (მიკროსაცხობების, თევზის დამამუშავებელი მიკრო საწარმოების, მიკროსასაკლაოების) მოდულების განთავსებას მნიშვნელოვან ტურიტულ ტრასებსა და ადგილებში უდიდესი მნიშვნელობა აქვს მეტი ტურისტის მოსაზიდად.

სტატია მოგვაწოდა შპს „ბის“-ის (www.bis.ge) დირექტორმა – გოჩა მელქაძემ.

თქვენი რეკლამა