ეგვიპტური ბატატი (ტკბილი კარტოფილი) ევროპულ ბაზარზე პოზიციებს იმყარებს

ბატატი

ეგვიპტე ევროპის ბატატის (ტკბილი კარტოფილი) ბაზარზე ერთ-ერთ მთავარ მომწოდებლად ყალიბდება.

ბოლო წლებში ქვეყნის ექსპორტი სტაბილურად იზრდება, ხოლო ევროპელი იმპორტიორები ეგვიპტურ პროდუქციას სულ უფრო ხშირად ირჩევენ კონკურენტულ ფასის, მაღალი ხარისხისა და საიმედო მიწოდების გამო. ექსპერტების შეფასებით, ეს ტენდენცია 2025/26 წლების სეზონშიც გრძელდება.

2023/24 მარკეტინგულ სეზონში ეგვიპტემ ევროკავშირში 109 ათასი ტონა ტკბილი კარტოფილი გაიტანა, რაც წინა სეზონთან შედარებით 45%-იანი ზრდაა. ამ შედეგით ქვეყანამ პირველად გადაუსწრო აშშ-ს და ევროკავშირის ბაზარზე ტკბილი კარტოფილის უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა. ევროკავშირმა იმავე სეზონში სულ 219 ათასი ტონა ტკბილი კარტოფილი შეიტანა, რომლის თითქმის ნახევარი სწორედ ეგვიპტეზე მოდიოდა.

ბაზრის ანალიტიკოსების შეფასებით, ეგვიპტის წარმატებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ქვეყანას ევროპასთან შედარებით მოკლე სატრანსპორტო მარშრუტი აქვს, რაც ლოგისტიკურ ხარჯებს ამცირებს. ამას ემატება კონკურენტული წარმოების ღირებულება, ნილოსის წყალზე დაფუძნებული სარწყავი სისტემა და თანამედროვე საცავებში განხორციელებული ინვესტიციები, რაც პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებასა და თითქმის მთელი წლის განმავლობაში მიწოდებას უზრუნველყოფს.

2025/26 სეზონის დაწყებამდე ეგვიპტელი ექსპორტიორები აცხადებდნენ, რომ მოსავლის მოცულობა, ხარისხი და კალიბრი მაღალი იქნებოდა, ხოლო საერთაშორისო ბაზრებზე მოთხოვნა კვლავ მზარდია. განსაკუთრებით აქტიურია ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ბაზრები, სადაც ეგვიპტური ბატატი სულ უფრო მეტად ანაცვლებს სხვა წარმომავლობის პროდუქციას.

ამავე დროს, მწარმოებლები აღნიშნავენ, რომ კონკურენციის ზრდასთან ერთად ხარისხის მოთხოვნებიც მკაცრდება. ევროპელი მყიდველები სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ჯიშების შერჩევას, პროდუქციის ერთგვაროვნებას, სერტიფიცირებასა და შეფუთვის თანამედროვე სტანდარტებს. სწორედ ამიტომ, ეგვიპტური კომპანიები აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციებს დახარისხების, შეფუთვისა და ცივი ლოგისტიკის განვითარებაში.

ექსპერტების შეფასებით, ბატატის მოხმარება ევროპაში მომავალ წლებშიც გაიზრდება. პროდუქტის პოპულარობას ხელს უწყობს ჯანსაღ კვებაზე მზარდი მოთხოვნა, კვების მრეწველობის განვითარება და მზა საკვების ბაზრის გაფართოება. ამ ფონზე ეგვიპტე ცდილობს კიდევ უფრო გააძლიეროს პოზიციები და ევროპის ბაზარზე ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებლის სტატუსი შეინარჩუნოს.

წყარო: FreshPlaza

ბატატი ევროკავშირში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი

თქვენი რეკლამა