გაეროს შეფასებით, მსოფლიო სწრაფად უახლოვდება ე.წ. „წყლის გლობალური გაკოტრების ეპოქას“ — ეტაპს, როდესაც სუფთა წყლის რესურსები ვეღარ აკმაყოფილებს მოსახლეობის, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის მზარდ მოთხოვნას.
მიწისქვეშა წყლების ქრონიკული შემცირების, წყლის რესურსების გადაჭარბებული განაწილების, მიწისა და ნიადაგის დეგრადაციის, ტყეების გაჩეხვისა და გარემოს დაბინძურების ფონზე, გაერთიანებული ერების უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც „წყლის გლობალური გაკოტრების ეპოქის“ დადგომაა გამოცხადებული და მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოერგონ ამ ახალ რეალობას.
გაეროს წარმომადგენლების განცხადებით, პრობლემა მხოლოდ წყლის ნაკლებობა აღარ არის. კრიტიკულ მდგომარეობაშია წყლის მართვა, განაწილება და ხარისხი. კლიმატის ცვლილება, გვალვების გახშირება, წყალდიდობები, მოსახლეობის ზრდა და გრუნტის წყლების გადამეტებით გამოყენება სარწყავად და სხვა საჭიროებებისთვის ქმნის ვითარებას, სადაც წყალი იქცევა მწვავე დეფიციტურ რესურსად.
განსაკუთრებული რისკის ქვეშ აღმოჩნდა სოფლის მეურნეობა — სექტორი, რომელზეც მსოფლიოში სუფთა წყლის მოხმარების უდიდეს ნაწილი მოდის. გაერო გვაფრთხილებს, რომ თუ ქვეყნები არ გადავლენ წყლის დაზოგვაზე, თანამედროვე სარწყავ ტექნოლოგიებზე და მდგრად პოლიტიკაზე, სასურსათო უსაფრთხოება სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგება.
ექსპერტების შეფასებით, „წყლის გაკოტრება“ არ ნიშნავს წყლის სრულ ამოწურვას, არამედ იმას, რომ არსებული რესურსი ეკონომიკურად, ეკოლოგიურად და სოციალურ დონეზე აღარ იქნება ხელმისაწვდომი. ეს განსაკუთრებით მწვავედ აისახება განვითარებად ქვეყნებსა და კლიმატურად მოწყვლად რეგიონებზე.
„წყლის გაკოტრება“ ციფრებით
- გლობალურ მონაცემებსა და ბოლოდროინდელ სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით, ანგარიში ასახავს ტენდენციების მკვეთრ სურათს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა განპირობებულია ადამიანის საქმიანობით:
- მსოფლიოს დიდი ტბების 50 პროცენტმა წყლის გარკვეული მოცულობა 1990-იანი წლების დასაწყისიდან დაკარგა;
- ბოლო 50 წლის განმავლობაში დაიკარგა 410 მილიონი ჰექტარი ბუნებრივი ჭაობი (ტერიტორია, რომელიც ზომით შედარებადია ევროკავშირის ტერიტორიასთან);
- 1970 წლიდან დაიკარგა გლობალური მყინვარების მასის 30 პროცენტზე მეტი; დაბალ და საშუალო განედებში მდებარე მთის მასივებმა შესაძლოა მთლიანად დაკარგოს ფუნქციური მყინვარები მომდევნო ათწლეულების განმავლობაში;
- წლის გარკვეულ პერიოდში ათობით მსხვილი მდინარე აღარ ჩადის ზღვებში;
- 4 მილიარდი ადამიანი წელიწადში სულ მცირე ერთი თვის განმავლობაში განიცდის წყლის მწვავე დეფიციტს;
- 3 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს იმ ადგილებში, სადაც წყლის საერთო მარაგი მცირდება, მიუხედავად იმისა, რომ ეს რეგიონები აწარმოებს მსოფლიოს საკვების 50 პროცენტზე მეტს;
- 2022–2023 წლებში 1.8 მილიარდი ადამიანი ცხოვრობდა გვალვის პირობებში.
გაერო ქვეყნებს მოუწოდებს, წყალი აღიქვან არა როგორც ამოუწურავი ბუნებრივი სიკეთე, არამედ როგორც სტრატეგიული რესურსი, რომლის მართვაც გრძელვადიან გეგმებსა და ინვესტიციებს საჭიროებს.
წყარო: news.un.org
საქართველოს წყლის რესურსები

