ბროკოლი – ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო ბოსტნეული

ბროკოლი, სასარგებლო, ბოსტნეული

ბროკოლის (Brassica asparagoides) სამშობლო მცირე აზიაა. იგი ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძველ რომში, მისი დასახელება იტალიური სიტყვიდან მომდინარეობს და კომბოსტოს აყვავებულ ტოტს ნიშნავს.

ის დაბალკალორიული დიეტური პროდუქტია, შეიცავს ცილას, ნახშირწყლებს, ფრუქტოზას, გლუკოზას, საქაროზას, სახამებელს. ბროკოლი ვიტამინებითა და მინერალებით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ბოსტნეულია, შეიცავს ვიტამინ C, B5, B3, E, B6, A, B2, K. B1, B9, B7. კალიუმს, გოგირდს, კალციუმს, ფოსფორს, მაგნიუმს, რკინას, თუთიას, მანგანუმს, სპილენძს.

დადებითად მოქმედებს ნერვიულ სისტემაზე, კუჭ-ნაწლავისა და გულსისხლძარღვთა დაავადებებზე, აუმჯობესებს თირკმელების მუშაობას, იცავს კანს დაბერებისგან. ბროკოლი შეიცავს განსაკუთრებულ ნივთიერებას – სულფაროფანს, რომელიც აფერხებს კუჭის კიბოს განვითარებას და კლავს კუჭის წყლულის გამომწვევ ბაქტერიებს.

ბროკოლის ხშირი მოხმარება აბრკოლებს ათეროსკლეროზის განვითარებას, დადასტურებულია, რომ მას ორგანიზმიდან გამოჰყავს მძიმე მეტალები. იგი არის საუკეთესო საკვები დასუსტებული ადამიანებისთვის, დიაბეტით დაავადებულებისთვის, განსაკუთრებით ორსულებისთვის,რადგან მის შემადგენლობაში დიდი რაოდენობითაა ფოლიუმის მჟავა.

ბროკოლის მირთმევა შეიძლება როგორც უმის, ასევე მომზადებულის. იმისთვის, რომ მომზადების შემთხვევაში, ბროკოლს მაქსიმალურად შეუნარჩუნოთ მისი სასარგებლო თვისებები, საკმარისია მოხარშვის ნაცვლად, უბრალოდ მოვწალოთ. ამისთვის, ადუღებულ წყალში ბროკოლი მხოლოდ ორი წუთით მოათავსეთ, შედეგად მიიღებთ ძალიან გემრიელ, ხრაშუნა და არომატულ საკვებს.

არსებობს ბროკოლის მომზადების ბევრი რეცეპტი. მაგრამ ბევრმა არ იცის როგორ მოამზადოს ბროკოლის კერძი ისე, რომ მასში ძვირფასი ნივთიერება სულფაროფანი არ დაიკარგოს. ამისთვის ბროკოლი უნდა დავჭრათ და დავტოვოთ 40 წუთით, ამ დროს ხდება სულფაროფანის გამოყოფა რომელიც კერძის მომზადების დროს უცვლელად ნარჩუნდება, ამის შემდეგ შეგვიძლია მოვხარშოთ ბროკოლი, გავაკეთოთ კრემ-სუპი და ა.შ.

ბროკოლი ორთქლზე

ორთქლზე ბროკოლის მომზადება საკმაოდ მარტივია, რომელიც უნარჩუნებს ბოსტნეულს სასარგებლო ნივთიერებებს, თან ამავდროულად არის ხრაშუნა და რბილი. გარეცხეთ, დაანაწევრეთ და ორთქლზე მოხარშეთ 5 წუთით. შემდგომ ყინულიან წყალში ჩაუშვით ფერის შესანარჩუნებლად.

როგორ ამოვარჩიოთ კარგი ხარისხის ბროკოლი, დაკვირდით ყვავილედებს. მაღალი ხარისხის ბროკოლს მოიისფრო მწვანე ყვავილედები აქვს. თუ შეპარულ სიყვითლეს შეამჩნევთ, ასეთ ბროკოლს ნუ იყიდით- ის უკვე გადამწიფებულია და ნაკლები რაოდენობის ვიტამინებს შეიცავს.

ბროკოლის მსუბუქი კრემ-სუპი

ერთი ნიორი და ერთი ხახვი დავკეპოთ, 400გრ ბროკოლი დავანაწევროთ, 2 კარტოფილი გავფცქვნათ და დავჭრათ, დავუმატოთ ზეთი და მსუბუქად მოვშუშოთ, შემდეგ დავასხათ ბოსტნეულის ან ქათმის ბულიონი და მოვხარშოთ, დავამატოთ მარილი და შავი წიწაკა, მოხარშული წვნიანი ბლენდერით ავთქვიფოთ და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.

ავტორი: ლალი გოგინავა
„ელკანას” რჩევები ბიომეურნეებს.

იხილეთ აგრეთვე: ბროკოლის მოვლა-მოყვანის თანამედროვე აგროტექნიკა

თქვენი რეკლამა