
14 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 286 ათასამდე ტონა ყურძენი. აქედან, 147 ათასამდე ტონა რქაწითელი, 120 ათასამდე ტონა საფერავი, დანარჩენი კი, სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, გადამუშავებულია 2 ათასამდე ტონა ალექსანდროული და მუჯურეთულია.
ამ ეტაპზე, კახეთსა და რაჭაში მოსავალი 20 ათასამდე მევენახე-ფერმერმა დააბინავა, რთველის პროცესში 535 საწარმო იყო ჩართული.
აქვე გთავაზობთ რთველოს საკოორდინაციო შტაბის განცხადებას
უხვა მოსავალმა და ნალექიანმა ამინდებმა, კრეფისთვის ხელსაყრელი პერიოდი შეამცირა, რამაც გამოიწვია კრეფის პიკური დღეები და ღვინის საწარმოებთან ყურძნით დატვირთული მანქანების ნაკადი გაზარდა“ – რთველოს საკოორდინაციო შტაბი
რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ალექსანდრე კობერიძის განცხადებით, მიმდინარე წელს ყურძნის მოსავლის რაოდენობა გასული წლის რაოდენობას 30%-ით აჭარბებს.
„უხვა მოსავალმა და ნალექიანმა ამინდებმა, როგორც კახეთში, ასევე რაჭის რეგიონში, კრეფისთვის ხელსაყრელი პერიოდი შეამცირა, რამაც გამოიწვია კრეფის პიკური დღეები და ღვინის საწარმოებთან ყურძნით დატვირთული მანქანების ნაკადი გაზარდა; განსაკუთრებით რთველის აქტიურ პერიოდში. გარდა ამისა, ღვინის საწარმოებში ყურძნის ჩაბარება დაკავშირებულია აღრიცხვასა და კონკრეტულ ტექნოლოგიურ პროცედურებთან, რაც, რა თქმა უნდა, საჭიროებს გარკვეულ დროს. ამასთან ერთად, ყველას საწარმოს აქვს ყურძნის დღეღამური გადამუშავების ლიმიტი“, – აღნიშნა ალქსანდრე კობერიძემ.
შტაბის უფროსის მოადგილემ მოსახლეობას მოუწოდა, აუცილებლად მიიღონ ინფორმაცია სოფლის რწმუნებულებისგან, აიღონ შესაბამისი ცნობა, შემდგომ დაიწყონ კრეფა და მივიდნენ მითითებულ საწარმოში.
„რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრები, ყოველდღიურ რეჟიმში, სოფლების რწმუნებულებს აწვდიან ინფორმაციას ყურძნის დღეღამური გადამუშავების კვოტების და ჩამბარებელი საწარმოების მისამართების შესახებ. ამ ინფორმაციის საფუძველზე, სოფლის რწმუნებულები მევენახეებზე გასცემენ ცნობებს კონკრეტული საწარმოს შესაძლებლობების შესახებ კონკრეტული დროის მითითებით. რიგების შემცირებისთვის, მევენახეებმა სწორედ ამ სქემის გათვალისწინებით უნდა იმოქმედონ. რთველის საკოორდინაციო შტაბი სრულად მობილიზებულია და არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება“, – აღნიშნა ალექსანდრე კობერიძემ.
წყარო: ღვინის ეროვნული სააგენტო