სარწყავი სეზონი აქტიურ ფაზაშია — რატომ არის წყალსარგებლობის განრიგის გაფორმება ახლაც გადაუდებელი და როგორ ვმართოთ მომარაგების პროცესი

სემეკი

ავტორი: ვანო მეჭურჭლიშვილი, სემეკის რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი

საირიგაციო სეზონი უკვე აქტიურ ფაზაში შევიდა. ახლა იწყება  ყველაზე ცხელი პერიოდები და მოსავლის ბედი მხოლოდ ამინდსა და შრომაზე აღარ არის დამოკიდებული — ის დიდწილად მორწყვის ოპერაციების სწორ დაგეგმვასაც უკავშირდება. როგორც ცნობილია, 1-ელ აპრილამდე ფერმერებისთვის მოქმედებდა წყალსარგებლობის განრიგის გაფორმების პრიორიტეტული პერიოდი. ფერმერებმა, რომლებმაც ეს დრო გამოიყენეს, საკუთარი მოთხოვნა სისტემაში წინასწარ დააფიქსირეს და სეზონს უფრო მოწესრიგებულად შეხვდნენ (მათ შეუძლიათ მოითხოვონ საირიგაციო სისტემის არხების პრიორიტეტულად მომზადება წყალმომარაგებისთვის). თუმცა, თუ თქვენ ამ დრომდე წყალსარგებლობის განრიგის გაფორმება ვერ მოასწარით, ეს საკითხი დღეს კიდევ უფრო გადაუდებელი გახდა შემდეგი გარემოებების გამო:

1-ელი აპრილის შემდეგ ფერმერები წყლის ათვისების პრიორიტეტით ვეღარ სარგებლობენ. ეს ნიშნავს, რომ დაგვიანებული შეთანხმებისას შეიძლება აღმოჩნდეს, რომ საირიგაციო სისტემის თავისუფალი რესურსი (წყალი) უკვე სხვა, მსხვილმა არაპროფილურმა მომხმარებლებმა (მაგალითად ტბორებმა) აითვისეს. ასეთ პირობებში, წყალსარგებლობის განრიგი აღარ არის მხოლოდ სასურველი დოკუმენტი; ის არის ის მთავარი სამართლებრივი საფუძველი, რომელიც ფერმერს წყლის შეთანხმებული მიწოდების მოთხოვნის შესაძლებლობას აძლევს. ამასთან, საირიგაციო სისტემა ონკანივით არ მუშაობს. არხების გამტარუნარიანობის მართვას, წყლის საჭირო მონაკვეთზე მიყვანას, ტექნიკის გადაადგილებასა და მომზადებას დრო სჭირდება და ეს ყველაფერი მელიორაციის კომპანია სწორედ შეთანხმებული განრიგების მიხედვით გეგმავს.

მიმდინარე სეზონის კიდევ ერთი უმთავრესი ფაქტორი არის პირდაპირი სახელმწიფო სუბსიდირება, რომელიც უკვე მოქმედებს. წესის თანახმად, სეზონის განმავლობაში ფერმერს უწევს მხოლოდ პირველი რწყვის ოპერაციის საფასურის გადახდა, ხოლო მომდევნო სამ რწყვას სახელმწიფო სრულად უფინანსებს. ეს წესი მოქმედებს როგორც ფართობზე დადგენილი ტარიფის შემთხვევაში, ისე მრიცხველით სარგებლობისას. თუ მიწოდებული წყლის მოცულობა აღირიცხება მრიცხველით, სუბსიდირება ვრცელდება ფაქტობრივად მიწოდებულ წყალზე –  რწყვაზე დადგენილი ნორმირებული მოცულობის ფარგლებში — ერთწლოვანი კულტურებისთვის ჰექტარზე 1411 კუბურ მეტრამდე, ხოლო მრავალწლოვანი კულტურებისთვის 1235 კუბურ მეტრამდე თითოეულ რწყვაზე (რაც რწყვის ოპერაციისას, ხშირ შემთხვევაში ორი კვირით წყლის მიწოდებას გულისხმობს). ამიტომ ამ მხარდაჭერის რეალური გამოყენება პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, რამდენად კანონიერად და მოწესრიგებულად ერთვება ფერმერი სისტემაში.

სწორედ აქ იკვეთება წყალსარგებლობის განრიგის დროული გაფორმების კრიტიკული მნიშვნელობა. მოგეხსენებათ, სუბსიდია ვრცელდება მხოლოდ საირიგაციო წყლის კანონიერ მოხმარებაზე. თუ მომხმარებელი წყალს წინასწარი შეთანხმების გარეშე იღებს, ეს უკანონო მოხმარებაა. ასეთ დროს ფერმერი ერთდროულად რამდენიმე რისკის წინაშე დგება: კარგავს სახელმწიფო მხარდაჭერის (სუბსიდირების) გამოყენების შესაძლებლობას, სრულად ერიცხება უკანონოდ მოხმარებული წყლის საფასური და ამას შესაბამისი სანქციებიც ემატება. ამიტომ, თუ განრიგი ჯერ კიდევ არ გაქვთ გაფორმებული, ახლა ყველაზე გონივრული ნაბიჯია დაუყოვნებლივ მოაგვაროთ ეს საკითხი, რათა მიმდინარე სეზონში სუბსიდიით სარგებლობა არ შეფერხდეს და წყლის მოხმარება კანონიერ ჩარჩოში მოექცეს.

ბევრი ფერმერი წყალსარგებლობის განრიგის წინასწარ გაფორმებას ერიდება, რადგან ფიქრობს, რომ განრიგი შეზღუდავს და ამინდის შეცვლის ან წვიმის შემთხვევაში, თუ წყალი აღარ დასჭირდება გადახდის ვალდებულებები მაინც დაეკისრება. რეალურად, სისტემა ამ მხრივ მოქნილია. თუ ბუნებრივი პირობების გამო დაგეგმილი რწყვა აღარ გჭირდებათ, შეგიძლიათ ოპერაცია მაქსიმუმ ორი კვირით გადაავადოთ, რისთვისაც მელიორაციის კომპანიას 10 დღით ადრე უნდა მიმართოთ. ხოლო თუ კონკრეტული რწყვის გაუქმება ან ახალი ოპერაციის დამატება გსურთ, ეს შესაძლებელია შესაბამის ოპერაციამდე 20 დღით ადრე შეტყობინებით. მთავარია, ეს ცვლილებები დროულად და წესის დაცვით დააფიქსიროთ. ასე პროცესი თქვენზე იქნება მორგებული და წყალსარგებლობის განრიგი რეალურ საჭიროებას მოემსახურება. ფერმერისთვის წყლის მართვის ზემოაღნიშნული ორი მექანიზმის ცოდნა (ოპერაციის გადავადება ან გაუქმება) და მისი გამოყენება აუცილებელია, რომ არ დაგეკისროთ მოთხოვნილ რწყვის ოპერაციისას, აუთვისებელ წყალზე, წყლის საფასურის 10%-ის გადახდა.

სეზონის მიმდინარეობისას არანაკლებ აქტუალურია აღრიცხვიანობისა და მიწოდების წერტილის მდებარეობის საკითხიც. თუ წყლის მოცულობითი კონტროლი გჭირდებათ, მრიცხველის მოწყობის მოთხოვნა ახლაც პრაქტიკული გადაწყვეტილებაა, რადგან შესაბამისი საფასური მოიცავს არა მხოლოდ მრიცხველის მონტაჟს, არამედ შემდგომ ექსპლუატაციას, მოვლა-პატრონობას, საჭიროების შემთხვევაში შეკეთებასა და შეცვლასაც. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც წყალს თანამედროვე მორწყვის მეთოდებით იყენებს და სურს, წყლის მოცულობა რწყვის ოპერაციებზე უფრო ზუსტად გადაანაწილოს.

რაც შეეხება მიწოდების წერტილს — ეს არის ადგილი საირიგაციო სისტემაზე, სადაც მთავრდება მიმწოდებლის ვალდებულება და წყალი ნაკვეთამდე თქვენ უნდა მიიყვანოთ. მისი დაზუსტება ან უფრო ახლოს გადმოწევა ნებისმიერ ეტაპზე შეგიძლიათ მოითხოვოთ. თუ ახალი მიწოდების წერტილი დამატებით ტექნიკურ მოწყობას საჭიროებს, მოწყობის ფაქტობრივი ხარჯი შესაძლოა თქვენ დაგეკისროთ, თუმცა ეს ხშირ შემთხვევაში გონივრული გადაწყვეტილებაა, რადგან მიწოდების წერტილის ახლოს გადმოწევა, თავისთავად ამცირებს თქვენ შრომას, შიდა არხებში წყლის დანაკარგს, ამარტივებს წყალმომარაგებას და მომავალში ბევრ ტექნიკურ სირთულეს აგარიდებთ თავიდან. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მიწოდების წერტილის მოწყობის პროცესის გასამარტივებლად, წესები უშვებს მცირე წყალაღების საშუალებების გამოყენების შესაძლებლობასაც, მათ შორის 50 მმ-მდე დიამეტრის წყალაღების საშუალების მოწყობას ან უკვე არსებული ასეთი საშუალების აღიარებას (რაც მელიორაციის კომპანიის ვებგვერდზეა განთავსებული და დიდ თანხებთან არ არის დაკავშირებული).

წყალსარგებლობის განრიგის გაფორმება და განცხადებით მიმართვა დღეს ისე გამარტივდა როგორც არასდროს, კერძოდ: ვისაც გასულ წელს უკვე ჰქონდა შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგი და მიმდინარე სეზონშიც მონაცემებს არ ცვლის, შეუძლია პირდაპირ მინდვრიდან, მობილური ტელეფონით აკრიფოს *303#, OK. მელიორაციის მენიუში მონიშნოს განრიგის SMS-ით დადასტურება და მიღებულ სმს-ში დაადასტუროს ეს მოთხოვნა, ხოლო ვისაც ცვლილება აქვს — რწყვის პერიოდებზე, ფართობზე, მიწოდების წერტილზე ან სხვა პირობებზე — გასაფორმებლად შეუძლია მიმართოს იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს ან მელიორაციის კომპანიის მომსახურების ცენტრებს.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ *303# მხოლოდ განრიგის გაფორმების საშუალება არ არის. ეს არის საველე პირობებში ოპერატიული კავშირის არხიც წარმოშობილი პრობლემების დასაფიქსირებლად. პრობლემის დაფიქსირება ასევე შესაძლებელია იუსტიციის სახლში, ხოლო თუ თვლით, რომ თქვენი მოთხოვნა არ სრულდება ან უფლებები ირღვევა, იმავე იუსტიციის სახლის სივრციდან შეგიძლიათ პირდაპირ მიმართოთ სემეკს.

სეზონი უკვე დაწყებულია და წყალსარგებლობის განრიგის გაფორმება დღეს თქვენი მთავარი დაცვაა გაუგებრობების, ზედმეტი ხარჯებისა და სუბსიდიით სარგებლობის შეფერხების წინააღმდეგ. მოაწესრიგეთ ეს საკითხი ახლავე, რათა სეზონი უფრო მშვიდად, უფრო გამართულად და ნაკლები რისკით გააგრძელოთ.

თქვენი რეკლამა