
გურული ღვინის ფესტივალი რიგირთ მე-4 ფესტივალი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორაბერეჟოულში, ერისთავების ისტორიულ მამულში გამორჩეულ გარემოში და მრავალფეროვანი ექსპოზიციით გაიმართა.
ფესტივალი მიზნად ისახავს გურული ენდემური ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინის პოპულარიზაციას და გურიის რეგიონში მევენახეობის განვითარებას. მასში როგორც ცნობილი ღვინის მწარმოებლები, ასევე, ადგილობრივი მცირე საოჯახო ტიპის მარნები მონაწილეობდნენ.
ფესტივალში მონაწილეობა მიიღოა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრმა, რომელმაც იშვიათი გურული ვაზის აღდგენილი ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები წარადგინა.
ღონისძიების ფარგლებში, ფესტივალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ლევან უჯმაჯურიძემ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა გურული ვაზის ჯიშების გამორჩეულ მნიშვნელობაზე, როგორც რეგიონის უნიკალურობის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოზე და იმ სისტემურ საქმინაობაზე, რომელსაც ცენტრი ადგილობრივი გენეტიკური რესურსების კვლევისა და გავრცელების მიმართულებით ახორციელებს.
„გურული ვაზის მრავალფეროვნება წარმოადგენს არა მხოლოდ რეგიონულ მემკვიდრეობას, არამედ ეროვნულ საგანძურს, რომლის შესწავლა, დაცვა და ხელახალი ინტეგრაცია ადგილობრივ მევენახეობაში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა. ჯიღაურას ბაზა სწორედ ის პლატფორმაა, საიდანაც რეგიონებში, მათ შორის გურიაში, აღდგენილი ვაზის ჯიშების გავრცელება ხორციელდება.
გურული ღვინის ფესტივალი კი საშუალებას გვაძლევს, საზოგადოებას მივაწოდოთ ის რეალური შედეგები, რომლებიც მეცნიერების, შრომისა და გუნდური მუშაობის საფუძველზე იქმნება.“ – განაცხადა ლევან უჯმაჯურიძემ.
დირექტორმა ასევე ყურადღება გაამახვილა გურიაში მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობის მხარდაჭერის გაძლიერებაზე, რაც ხელს უწყობს მდიდარი აგრონომიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას.
ფესტივალი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ გურული ღვინის ფესტივალის ორგანიზებით გაიმართა.
იხილეთ: მევენახეობა-მეღვინეობა გურიაში