აბასთუმნის განვითარების პროექტის მიმდინარე საკითხები განიხილეს

აბასთუმნის, პროექტი

აბასთუმნის განვითარებასთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები განიხილეს ეკონომიკის სამინისტროში გამართულ საკოორდინაციო შეხვედრაზე, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად, კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, ასევე, მოისმინეს ინფორმაცია კურორტზე მიმდინარე და დაგეგმილი სასტუმროების მშენებლობების შესახებ, უშუალოდ იმ ინვესტორებისგან, რომლებიც აბასთუმანში სასტუმროების, რესტორნების და ღონისძიებების სივრცეების პროექტებს ავითარებენ.

ითქვა, რომ 2025 წლის ზაფხულისთვის აბასთუმანში ძირითადი სასტუმროების უმეტესობა მზად იქნება სტუმრების მისაღებად. კერძო სექტორის წარმომადგენლებმა მინისტრებს დეტალურად გააცნეს ინფორმაცია მათი პროექტების შესახებ და იმსჯელეს სხვადასხვა მიმართულებებზე, რომლებიც სახელმწიფოს თანადგომით, აბასთუმნის პროექტის ფარგლებში, კერძო სექტორის ხელშეწყობისთვის ხორციელდება.

იმ პროექტებთან ერთად, რომლებსაც კერძო სექტორი აბასთუმნის განვითარების გეგმის ფარგლებში ახორციელებს, ასევე ხაზი გაესვა სახელმწიფოს მიერ შესრულებულ მნიშვნელოვან სამუშაოებს, მათ შორის, ითქვა, რომ დასრულებულია აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე მე-19-მე-20 საუკუნეების 20-მდე ისტორიული სახლის, 1932 წელს აშენებული ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიისა და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის სრული რეაბილიტაცია, შემუშავებულია კურორტის განაშენიანების გენერალური გეგმა.

ხოლო აბასთუმნის უწყვეტი, სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებისა და გამართული წყალარინებისათვის, 2020-2022 წლებში, დასრულდა კურორტის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემებისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობა მშენებლობა-რეაბილიტაცია.

ამ ეტაპზე გრძელდება ბაღდათი-აბასთუმნის გზის სრული რეაბილიტაცია, აბასთუმნის შემოვლითი გზის, ავტოსადგურისა და ღია ავტოსადგომის მშენებლობა.

კრედო ბანკი