სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში, ზეთისხილის პირველი სანერგე მოეწყო.
შპს „ჯეოლაივმა“ ზეთისხილის სანერგის მოსაწყობად 3 მლნ ლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა, მათ შორის, პროგრამის „დანერგე მომავალი“ სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსება 250,000 ლარი, ხოლო 650,000 ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტია.
სანერგე მეურნეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ დაათვალიერა, სამუშაო პროცესს და სამომავლო გეგმებს გაეცნო.
„პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ჩვენ 16-მდე სანერგე მეურნეობა გვაქვს უკვე დაფინანსებული, მათ შორის, ეს სანერგე მეურნეობაც, რომელიც ზეთისხილის პირველი სანერგე მეურნეობაა და წელს დაახლოებით 500 000 ათასი ნერგის გამოყვანას გეგმავს; მომავალ წლებში მასშტაბი 1 მლნ ნერგამდე გაიზრდება. ჩვენი ფერმერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმპორტი ჩავანაცვლოთ და შევძლოთ ადგილზე წარმოებული ნერგების მიწოდება ფერმერებისთვის, რომლებიც შემდგომში მაღალი მოსავლით და ხარისხიანი პროდუქციით იქნება გამორჩეული. ვფიქრობ, რომ ზეთისხილის წარმოებას აქვს პოტენციალი და სანერგეს მოწყობა ამ პროცესს ხელს შეუწყობს“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
შპს „ჯეოლაივის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ბიზნესმენის გიორგი სვანიძის განცხადებით, ზეთისხილის ნერგების იმპორტი საქართველოში 100% იყო, ახალი სანერგე კი, იმპორტს ადგილობრივი წარმოებით ჩაანაცვლებს.
„სანერგეში ცხრა სხავადასხვა ჯიშის ნერგია და აქტიურად ვმუშაობთ ქართული ზეთისხილის ჯიშის გამოყვანაზე, რომელიც ქვეყნის კლიმატზე მაქსიმალურად მორგებული იქნება. ამ სანერგეს გახსნაში დიდი როლი ითამაშა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ. რომ არ ყოფილიყო ასეთი სახელწიფო პროგრამები და ასევე სანერგე მეურნეობების გაშენების კუთხით თურქ პარტნიორებთან თანამშრომლობა დღეს საქართველოში ეს შესანიშნავი ბაღი არ იქნებოდა“, – განაცხადა გიორგი სვანიძემ.
სახელმწიფო პროგრამის ,,დანერგე მომავალი“ სანერგე მეურნეობების კომპონენტის ფარგლებში, 2015 წლიდან 2023 წლის 31 მაისის მდგომარეობით თანადაფინანსებულია 14 ბენეფიციარი, ინვესტიციის ოდენობა 6 მლნ ლარს აღემატება, საიდანაც სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება შეადგინა 3,6 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში ზეთისხილის ახალი სანერგეში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ თურქეთის ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაისი და სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი დავით წითლიძე.