ბლის (Prunus avium L.) სახეობა მიეკუთვნება Prunus -ის გვარს და ცერასუსის (Cerasus) ქვეგვარს, რომელიც აერთიანებს ევროპასა და აზიაში წარმოშობილ 30-ზე მეტ სახეობას.
ბლის წარმოშობის ადგილის საკითხის შესახებ არაერთგვაროვანი მოსაზრებები არსებობს, თუმცა მორფოლოგიური, გენეტიკური და არქეობოტანიკური მონაცემების შესაბამისად მკვლევარები ძირითადად თანხმდებიან, რომ ამ კულტურის წარმოშობის ცენტრი მოიცავს წინა აზიის ჩრდილოეთ, ჩრდილო-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებს, თუმცა მონათესავე ველური სახეობების ძირითადი კონცენტრაციის ადგილს სამხრეთ კავკასია წარმოადგენს, სადაც საქართველოც მოიაზრება.
ბალი (Prunus avium L.) წარმოშობილია შავი ზღვის, კავკასიის და ცენტრალური აზიის ტერიტორიაზე, სადაც მოხდა მისი კულტივირება და შემდგომ გავრცელება ზომიერი კლიმატის ქვეყნებში.
ბალის წარმოება ხდება მსოფლიოს ყველა კონტინენტზე,ზომიერი კლიმატის ყველა რეგიონში. მაგრამ ნაკლები ყინვაგამძლეობის გამო მისი სამრეწველო რაიონები შეზღუდულია. ამჟამად მსოფლიოში აწარმოებენ 2 მილიონ ტონამდე ბლის და ალუბლის ნაყოფს.
ბლის კულტურის წარმოებაში ლიდერი ქვეყნებია თურქეთი (638 ათასი ტონა) და აშშ (312 ათასი ტონა). ბლის მნიშვნელოვანი მწარმოებელი ქვეყნებია: ირანი, იტალია, გერმანია, ესპანეთი, საბერძნეთი, უკრაინა და სხვა. სამხრეთ ნახევარსფეროდან – ჩილე (FAO სტატ 2018).
საქართველოში ბალი უძველესი დროიდან მოყავთ. ბლის წარმოებისათვის ხელსაყრელი ნიადაგურ-კლიმატური პირობები არსებობს, როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში. იგი საუკეთესო პროდუქციას იძლევა კახეთში, შიდა ქართლში და ქვემო ქართლში.
საადრეო სიმწიფის პერიოდის ჯიშების წარმოების მაღალი პოტენციალი გააჩნია იმერეთის ქუთაისის, სამტრედიისა და ვანის რაიონებს. ბლის წარმოება საქართველოში ამ ეტაპზე სტაბილურია და 3700–4000 ტონას შეადგენს (საქსტატი, 2017).
იხილეთ: ბალი – დარგვა, გასხვლა-ფორმირება, ბაღის გაშენება, რამდენიმე ჯიში
საქართველოს ბლის სორტიმენტი წარმოდგენილია ინტროდუცირებული და ადგილობრივი ჯიშებით. სამრეწველო ბაღებში უპირატესად ინტროდუცირებული ჯიშები გვხვდება, თუმცა ასევე გავრცელებულია ადგილობრივი ქართული ბლების რამდენიმე ჯგუფი – კახა ბალი, ძუძუ ბალი, გოგრა ბალი, ქართული შავი და სხვ. რომლებსაც ახასიათებთ რბილი კონსისტენცია და მცირე ზომის ნაყოფი. ბლის ძირითადი სამრეწველო რეგიონებია კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი და იმერეთი.
კვებითი ღირებულება და გამოყენების მიმართულებები
ბალს, როგორც საადრეო ხილის მაღალი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს. ნაყოფს, სასარგებლო კვებითი ღირებულება და ტექნოლოგიური დანიშნულება გააჩნია, რაც ძირითადად ნაყოფის ბიოქიმიური შედგენილობით აიხსნება.
ნაყოფი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ნახშირწყლებით, ორგანული მჟავებით და მინერალური ელემენტებით. ნაყოფებში ხსნადი მშრალი ნივთიერების შემცველობა 10.8–18.8%-ის ფარგლებში მერყეობს, ორგანული მჟავები-0,3-0,8 %-ია.
ბალი ასევე შეიცავს პექტინებს, უჯრედანას, ფართო სპექტრის ვიტამინებს, კაროტინს, კაროტინოიდებს, ანთოციანებს და ა.შ. ნაყოფებში დიდი რაოდენობით აღმოჩენილია მინერალური ნივთიერებებიც-კალიუმი, კალციუმი, ასევე მაგნიუმი. როგორც ცნობილია, ბლის რეგულარული მიღება, ამცირებს ართრიტის წარმოშობის რისკს, ანთებითი პროცესების განვითარებას, ხელს უწყობს ალცჰეიმერის დაავადების, გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების პროფილაქტიკას და მკურნალობის პროცესს.
ბლის ნაყოფი ხასიათდება ძვირფასი სადესერტო თვისებებით. მოიხმარება ნედლად, როგორც სასუფრე ხილი, ასევე მაღალხარისხოვანი კომპოტების, მურაბების და წვენების დასამზადებლად. მსხვილნაყოფა ჯიშებისგან მზადდება მაღალხარისხოვანი ჩირი (კერკი).
ავტორები: ზვიად ბობოქაშვილი; ელენე მაღლაკელიძე.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.