ბაღის გაშენება – მცენარეთა სინათლისადმი მოთხოვნილება

ბაღის დაგეგმვის დროს აუცილებელია, მცენარეთა სინათლისადმი მოთხოვნილება გავითვალისწინოთ.

ბაღს და ბოსტანს საკარმიდამო ნაკვეთში, მდებარეობა ისე უნდა შევურჩიოთ, რომ ხეებმა და ბუჩქებმა არ დაჩრდილონ ბოსტნეული კულტურები.

მცენარეთა სინათლის მოთხოვნილების გათვალისწინებით აუცილებელია, რომ მცენარეთა სიმაღლე იზრდებოდეს სამხრეთიდან-ჩრდილოეთისკენ ანუ რაც უფრო დაბალია მცენარე დავრგოთ სამხრეთის მხარეს, ხოლო რაც უფრო მაღალი ჩრდილოეთის მხარეს.

აქედან გამომდინარე სამხრეთით ჯობია იყოს ბოსტნეული კულტურები, შემდეგ კენკროვანი კულტურები, ბუჩქები და ბოლოს ჩრდილოეთით ვაშლი მსხალი და მსგავსი ჯიშის ხეები.

ნაკვეთში სახლის მდებარეობის მიხედვით ხეხილს რგავენ ჩრდილოეთ, ჩრდილო-დასავლეთ ან ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს.

ყველა ხეხილი სინათლის მომთხოვნ მცენარეთა ჯგუფს მიეკუთვნება, მზის სინათლე აუცილებელია ზრდისა და მსხმოიარობისთვის.

განათების მიხედვით ხეხილის ჯიშები ქმნიან შემდეგ დაღმავალ რიგს: გარგარი, ბალი, ნუში, ატამი, კომში, მსხალი, ვაშლი, ალუბალი, ქლიავი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, კარგად განათებულ ადგილზე უნდა დავრგათ: ბალი, ატამი და კომში, ნაკლებად განათებულ ადგილზე: მსხალი, ვაშლი და ქლიავი. გარგარი და ნუში მიუხედავად მათი სინათლისადმი მაღალი მოთხოვნილებისა, მაინც არ უნდა დავრგოთ მზით ძლიერ განათებულ ადგილზე, რადგან ასეთ პირობებში ისინი ადრე იწყებენ ვეგეტაციას და იქმნება ყვავილებისა და კვირტების მოყინვის საშიშროება.

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მეზობელს არ დავუჩრდილოთ მცენარეები.

თქვენი რეკლამა