აზოტის ნაკლებობა მცენარეებში

აზოტი, ნაკლულობა

აზოტი (Nitrogenium (N)) შედის ცილების, ამინომჟავების, ალკალოიდებისა და ქლოროფილის შემადგენლობაში. პროტოპლაზმის მშრალი წონის თითქმის ნახევარს შეადგენს აზოტოვანი ნივთიერება. ამიტომ, აზოტი აუცილებელია ყველა მცენარისათვის დიდი რაოდენობით.

აზოტის ზოგიერთი ნაერთი თავისუფლად გადაადგილდება მცენარის ხნიერი ქსოვილებიდან უფრო ახალგაზრდა ქსოვილებში, რომელთათვისაც ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამის გამო აზოტის ნაკლებობის სიმპტომები პირველ რიგში ვლინდება მცენარის ხნიერ ნაწილზე, ხოლო ყველაზე ძლიერი ნაკლებობის შემთხვევაში ემჩნევა ზრდის წერტილს.

აზოტის ნაკლებობა ვლინდება ფესვების, ყლორტების და ფოთლების ზრდის შენელებაში. ფოთლები ხდება ქლოროტული, ხო­ლო ყველაზე ხნიერი ფოთლები ღებულობენ მოწითალო-მეწამულ შეფერვას და ზოგჯერ ნაადრევად ცვივიან.

კვირტები შეიძლება დაიღუპოს, ყვავილობა და ნაყოფიანობა სუსტდება იმდენად, რომ ხშირად ძალიან ცუდი მოსავალი მიიღება. აზოტის ნაკლებობით ხეხილოვან კულტურებს უვითარდებათ წვრილი, მაგარი, მკვეთრი შეფერვის ნაყოფები.

აზოტის დეფიციტის შემთხვევაში ბალის ფოთლები ხდება მცირე ზომის, ხოლო ფოთლის ფირფიტა ძარღვებს შორის ყვითლდება. ზოგიერთ შემთხვევებში ფოთლებზე ვლინდება ნარინჯისფერი, მოწითალო ან მეწამული ლაქები.

აზოტის ნაკლებობის დროს მცენარის ფოთლებში ქვეითდება ფოტოსინთეზის ინტენსივობა და პროდუქტიულობა, მცირდება მზის ენერგიის გამოყენების კოეფიციენტი და ეცემა მოსავალი.

აზოტი, დეფიციტი

აზოტის ნაკლებობით გამოწვეული მცენარის დაავადება ვლინდება ყველაზე მეტად ნიადაგის მაღალი ტენიანობის დროს, განსაკუთრებით ძლიერი წვიმების შემდეგ, როდესაც აზოტის ადვილად ხსნადი ნაერთები გამოირეცხება ნიადაგის ღრმა ფენებიდან.

გარდა ამისა, აზოტის ნაკლებობა ვლინდება ხანგრძლივი სიცივის ან გვალვიანი ამინდის პირობებში, როდესაც ნიადაგში ნიტრიფიკაციის პროცესები ნელდება და მცენარე (მაგ. შაქრის ჭარხალი) ზარალდება აზოტის ნაკლებობით, რაც გამოიხატება ფოთლების მასობრივი სიყვითლით.

აზოტის ნაკლებობით გამოწვეული სიმპტომები კარგად ჩანს მოუვლელ ბაღებში და იმ მინდვრებში, სადაც სარეველების ინტენსიური ზრდა იწვევს ამ ელემენტის მარაგის ამოწურვას ნიადაგში.

ნიადაგში დიდი რაოდენობით ნახშირბადის (ორგანული ნივთიერებების სახით) შეტანის დროს აქტიურდება ნიადაგის მიკროფლორა. ამის გამო ხდება ნიადაგში არსებული აზოტის მნიშვნელოვანი ნაწილის „ბლოკირება“, ე.ი. მცენარისათვის მიუწვდომელი ხდება და ისევ ადგილი აქვს მისი ნაკლებობის სიმპტომებს.

მიკრობიოლოგიური ფაქტორები, როგორებიცაა მანიტრიფიცირებელი და მადენიტრიფიცირებელი ბაქტერიების შეფარდებითი რიცხოვნობა და აქტივობა, გავლენას ახდენს ნიადაგში აზოტის შემცველობაზე.

ნიადაგის ხსნარის მჟავიანობის ამაღლებამ ან ზედმეტმა ტენმა შეიძლება დააქვეითოს მანიტრიფიცირებელი ბაქტერიების მოქმედება და გამოიწვიოს აზოტის დეფიციტი.

სასოფლო-სამეურნეო კულტურების ერთი და იმავე ადგილზე ხანგრძლივი ყოფნის დროს, აზოტის მარაგის შეუვსებლად, განსაკუთრებით მსუბუქ სილნარ, ორგანულ ნივთიერებებით ღარიბ ნიადაგში, ადგილი აქვს აზოტის ნაკლებობით გამოწვეულ სიმპტომებს.

აზოტი, დეფიციტი

აზოტის ნაკლებობა ნიადაგში შეიძლება შევსებულ იქნას აზოტიანი სასუქების შეტანით, ასევე თესლბრუნვაში პარკოსნების ჩართვით და ნიადაგის პირობების შეცვლით იმ მიზნით, რათა გაძლიერდეს ნიტრიფიკაცია (ნიტრიფიკაცია – ზოგიერთი ბაქტერიის მიერ ამონიუმის მარილების ნიტრატებად გარდაქმნა, რაც უზრუნველყოფს მცენარის აზოტოვან კვებას – აგროკავკასია) და შესუსტდეს დენიტრიფიკაცია.

აზოტის მწვავე დეფიციტის დროს მცენარეები შეიძლება შესხურდეს (განსაკუთრებით ხეხილოვანი კულტურები და ბუჩქები) აზოტ-შემცველი ნაერთების განზავებული ხსნარით.

ამასთან გაითვალისწინეთ:

ზედმეტი აზოტის შედეგად მცენარე მიმღებიანი ხდება დაავადებებისადმი და მავნებლებისადმი; გრძელდება სავეგეტაციო პერიოდი; შენელებულია ყვავილობის დაწყებისა და ნაყოფების განვითარების პერიოდი. მარცვლოვან კულტურებს აზოტის სიჭარბის შედეგად უვითარდება გრძელი წვნიანი ღერო, რომელიც ადვილად იმტვრევა.

ავტორი: შაქრო ყანჩაველი /მცენარეთა პათოლოგიის საფუძვლები/.

იხილეთ აგრეთვე: მაკროელემენტების სიმცირე-სიჭარბის გარეგანი ნიშნები მცენარეებში

თქვენი რეკლამა