რცხილი წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია, წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად გამოიყენება.
წარმოშობა: რაჭა-ლეჩხუმი.
სინონიმები: რცხილა, შავრცხილა.
გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად. ღვინო არის შინდისფერი, ჯიშური არომატითა და სასიამოვნო გემოთი.
წარსულში ფართოდ ყოფილა გავრცელებული რაჭაში. ახლა მისი ნარგავები მხოლოდ შერეული სახითაა ამბროლაურში, იწაში, სადმელში, საკეციაში, ბუგეულში და აბანოეთში. ჯიშს ახასითებს საშუალო სიძლიერის ზრდა-განვითარება.
ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, კვერცხისებური ან ოვალური ფორმის, სამ-ხუთ ნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ძლიერ შებუსულია.
მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ფორმის, მხრიანი, დატოტვილი, თხელი ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი მომრგვალოა ან ოვალური, მუქი ვარდისფერი, ზოგჯერ მოლურჯო-მოშავო. რბილობი საშუალოზე უფრო რბილი და წვნიანია.
სავეგეტაციო პერიოდი საშუალოდ 156 დღეს შეადგენს. მტევნის წონა 125-135 გრამამდეა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში შაქრიანობა აღწევს 19-21.5%-ს, მჟავიანობა 7.2-8.5გ/ლ.
წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA