სტევია – კულტურა, გამრავლება, მნიშვნელობა

სტევია

სტევია საქართველოში

დასავლეთ საქართველოს აგროსამრეწველო სექტორის მყარი სანედლეულო ბაზის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ადგილობრივი ნიადაგობრივ-კლიმატური პირობებისადმი მისადაგებული ტრადიციული და არატრადიციული სასოფლო-სამეურნეო კულტურების გამოვლენა და გავრცელება.

მათი ჩანაცვლება უმეტესწილად ამორტიზირებულ არარენტაბელურ პლანტაციებში, რომლებზეც დღეისათვის გაშენებულია ერთწლიანი და მრავალწლიანი სუბტროპიკული კულტურები და სხვა მცენარეები.

ამ მხრივ ერთ-ერთ მნიშვნელოვან რენტაბელურ და პერსპექტიულ კულტურად უნდა ჩაითვალოს სტევია (Stevia rebaudiana Bertoni) ეს კულტურა საქართველოსათვის არატრადიციულია.

მისი ინტროდუცირება მე-20 საუკუნის 80-იან წლებში მოხდა. პირველი ნერგები ქ. სოხუმში (ჩაის, სუბტროპიკულ კულტურათა და ჩაის მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფილიალი-ვალერიან გვასალია) შემოიტანეს უკრაინიდან შაქრის ჭარხლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტიდან (ქ. კიევი).

შემდგომ მცენარე გავრცელდა დაბა ჩაქვში (იმავე ინსტიტუტის ფილიალი), დაბა ანასეულში (სათაო ინსტიტუტი), ბათუმის ბოტანიკურ ბაღში და სხვა. პირველი პლანტაცია გაშენდა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ღრმაღელეში (კარლო სარჯველაძე).

ფართო სამეცნიერო სამუშაოები გაიმართა მცენარის ინტროდუცირების, მოვლა-მოყვანის, გადამუშავების და სხვა ტექნოლოგიების შესამუშავებლად. სამუშაოებს კოორდინირებას უწევდნენ ვახტანგ ჯაყელი, ვალერიან ცანავა, ნატალია ცანავა. პირველი კვლევები ჩაატარეს ზაურ გაბრიჩიძემ, გივი სარჯველაძემ, ვახტანგ კუტუბიძემ, ბადრი გოძიაშვილმა, მარტა ჩებოტარევამ, ლიანა სარჯველაძემ, ლევან ხარებავამ, ოთარ და გალინა თავართქილაძეებმა და სხვებმა.

სტევიას (Stevia rebaudiana Bertoni) ბიოლოგიური დახასიათება

სტევიას სამშობლო სამხრეთ ამერიკაა (არგენტინა, ბოლივია, ბრაზილია, ჰარაგვაი). სტევიას ეს სახეობა პირველად 1899წელს აღწერა ბოტანიკოსმა ბერტონიმ. სტევია მიეკუთვნება რთულყვავილოვანთა (Asteracea) ოჯახს.

სტევია მრავალი სინონიმითაა ცნობილი. ამერიკელ ინდელთა ცნობილი ტომის გუარანას ენაზე: Ca-a jhee, Caa-a yupl, Caa-jhe-he. მათი თარგმნა დაახლოებით ჟღერს როგორც: ,,თაფლოვანი ბალახი“, ,,ტკბილი მცენარე“

დღეისთვის ცნობილი სტევიას 200 -მდე სახეობიდან მხოლოდ (Stevia rebaudiana Bertoni) გამოირჩევა ინტენსიურად ტკბილი გემოს მქონე ნაერთებით. ამ ნაერთებით მე-20 საუკუნის 30-იანი წლებიდან დაინტერესდნენ.

სამშობლოში მცენარე 120-სმ აღწევს. ღეროს დიამეტრი 10 მმ-მდეა. პირველი რიგის განტოტვაში 25-30 დუყია. ღეროზე ფოთლები წყვილადაა განთავსებული, ამიტომაც ყოფილ საბჭოთა კავშირში მცენარე ,,ტკბილი ორფოთლიანას“ სახელით (Двулистнык сладкий) მოიხსენებოდა.

საქართველოს პირობებში ღია გრუნტში მცენარის სიმაღლე 80სმ–ს აღწევს. ჩვენში მცენარე ინტროდუცირდა, როგორც მრავალწლიანი ბალახი, ზამთარში ხმობადი და გაზაფხულზე განახლებადი სახით. ზამთრის პირობების მიხედვით მცენარის 70 %-მდე კვლავ აღმოცენდება.

ფოთლები წაგრძელებული ელიფსოიდური ფორმისაა. ზრდასრული ფოთლის სიგრძე 4-6 სმ-ია, ხოლო სიგანე 1,5-2 სმ. სტევია ჯვარედინად დამტვერიანებადი მცენარეა.

ყვავილობის დროს ის იმტვერება მწერების საშუალებით. სტევია ძირითადად ყვავილობს სექტემბერში. ყვავილები ორსქესიანია, ანდროცეითა და გინეცეით. პატარა გვირგვინი შეზრდილია ყვავილის ფურცლით, გაგრძელებული ზამბახისებრი. ზედა ნაწილი იყოფა ხუთ სექტორად. მილისებრი, თეთრი ფერის ფუძესთან შეფერილია იისფრად.

ყვავილები შეკრულია კალათაში 5 ყვავილედით თითოეულში. კალათები განლაგებულია რთულ თანაყვავილედად. ნაყოფი წვრილთესლაა. არ იხსნება, ერთ თესლიანია, მკვრივი, მაგრამ არა სქელი ნაჭუჭგარემოთი, რომელიც სცილდება თესლს. თესლი წვრილია მაქოსმაგვარი ფორმის. სათესლე კოლოფი მომწიფებისას ღებულობს მუქ ყავისფერს. თესლის ზედაპირზე შეიმჩნევა 5-6 ღია ყავისფერი ვერტიკალური ზოლი.

სტევიას გამრავლება

ჩვენს პირობებში მცენარეზე ბუნებრივად დამწიფებული თესლები ღია გრუნტის პირობებში პრაქტიკულად არ აღმოცენდებიან. ხელოვნური კლიმატის პირობებშიც კი ისინი ცუდი აღმოცენებით ხასიათდებიან.

თესლები ძალზე წვრილია. 1000 თესლის მასა 0,3 – 0,5 გ –ია. ერთ ჰექტარზე შესაძლებელია 8 კგ – მდე თესლის მოყვანა. თესლით მცენარის გამრავლების დროს საჭიროა მისი დამუშავება.

ჩვენს პირობებში სტევიას გამრავლება ძირითადად მწვანე დაკალმებით ხდება. დაკალმება შესაძლებელია წლის ყველა დროს.

სტევიას ნერგის გამოყვანა ყველაზე უკეთესად შესაძლებელია სათბურის ან კვალსათბურის პირობებში, სადაც დაცული უნდა იყოს შემდეგი ძირითადი პირობები: ოპტიმალური ტემპერატურა, კალმების დაფესვიანებისათვის 24-26 0C.

ფოთლის ზედაპირი დაფესვიანების პერიოდში ყოველთვის უნდა იყოს სველი. ასეთ პირობებში დაკალმებიდან მე -10 -12 დღეს ვითარდება ფესვები, ხოლო მე -16-20 დღეს ნერგები მზად არიან დასარგავად.

სუბსტრატად დაკალმებისათვის შეიძლება გამოყენებული იქნას გადამწვარი ნაკელი, ნიადაგი, ქვიშა, თანაფარდობით (1:1:1), ნიადაგი, ქვიშა, ტორფი (3:1:1), მდინარის შლამიანი ქვიშა და სხვა.

ასეთი ქვიშა-ლამი იყრება სათბურში კვლებზე 5-6 სმ სისქეზე. სწორდება, უხვად მოირწყება და შემდეგ მასზე წარმოებს ახლად აღებული კალმების ყლორტების დარგვა.

ყლორტებს იღებენ 4-5 სმ სიგრძისას, მას გადაჭრიან ბასრი საგნით და ათავსებენ სველი ნაჭრის ქვეშ. ხშირად მიმართავენ ფოთლის ფირფიტის დამოკლებას.

კალმებს რგავენ 1,5-2,5 სმ სიღრმეში. მათ შორის მანძილი 3 X 3სმ ან 3 X 4სმ-ია.

დაკალმებული მასალის პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით უნდა ჩატარდეს ყლორტების პინცირება, რომელიც ზრდის გვერდითი ტოტების რაოდენობას.

ჩითილების დარგვა ღია გრუნტში წარმოებს 100 C-ზე მეტი საშუალო დღეღამური ტემპერატურის პირობებში. 1 ჰა –ზე ირგვება 50 –დან 100 ათასამდე ნერგი.

დღეისთვის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოყვანილია სტევიას ჯიშები, რომლებიც გამოირჩევიან ტკბილი ნაერთების მაღალი შემცველობით. ჩვენში გავრცელება ჰპოვა მე-20 საუკუნის 80-იან წლებში უკრაინიდან შემოტანილმა ჯიშმა.

პირველი სამუშაოები მცენარის ინტროდუცირებასთან დაკავშირებით ტარდებოდა ქ. სოხუმში, დაბა ჩაქვში და დაბა ანასეულში.

სტევიათი დაინტერესება და მისი მზარდი პოპულარობა დაკავშირებულია ინტენსიურად ტკბილი გემოს მქონე ნაერთებთან. ეს ნაერთები წარმოადგენენ დიტერპენულ გლიკოზიდებს.

სტევია და მისგან მიღებული პროდუქტების მნიშვნელობა

სტევიასადმი მსოფლიო ინტერესი ძალზე დიდია. მცენარით დაინტერესდნენ სელექციონერებიც, რათა გაიზარდოს ფოთლის ხარისხის ძირითადი მაჩვენებელი, ტკბილი ნაერთების ჯამური შემცველობა.

ველურად მოზარდ მცენარეებში მათი შემცველობა 6-7 %-ის ფარგლებშია. დღეისათვის მიღებულია ჯიშები, რომლებშიც ტკბილი ნივთიერებების შემცველობა 14 % და უფრო მეტიც 18 % -ის (Roial sweet) რაოდენობითაა.

სტევია და მისგან მიღებული პროდუქტები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოიყენებიან როგორც საკვები დანამატი, დამატკბობელი საშუალება, განსაკუთრებით დიაბეტისა და სიმსუქნის პროფილაქტიკის დროს. მათ გააჩნიათ ანტისეპტიკური თვისებები. უნარი აქვთ შეაჩერონ მიკროორგანიზმების გამრავლება და ზრდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის მიკროორგანიზმები, რომლებიც იწვევენ კარიესს და ღრძილების დაავადებებს.

სტევია იწვევს ინსულინის წარმოქმნის და გლიკოგენის სინთეზის სტიმულირებას. სტევია და მისი პროდუქტები გამოიყენება ცივ და ცხელ სასმელებში, ნამცხვრებში, გაზირებულ და უალკოჰოლო სასმელებში. ძირითადი მომხმარებლები იაპონლები არიან. ისინი წელიწადში 2000 ტონაზე მეტ ექსტრაქტს მოიხმარენ. აღსანიშნავია, რომ ტოქსიკურობის არც ერთი შემთხვევა არაა დაფიქსირებული.

მსოფლიო პრაქტიკაში სტევია გამოიყენება უშუალოდ ფოთლის, ექსტრაქტის, კონცენტრატის, მშრალი ექსტრაქტის და ტკბილი დიტერპენური გლიკოზიდების სახით. ამ უკანასკნელის მიღება მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით შემდეგნაირად შეიძლება ჩამოყალიბდეს: ექსტრაქტის მიღება, ექსტრაქტის გასუფთავება, პრეპარატის ან ინდივიდუალურ ნაერთთა გამოყოფა და მათი გადაკრისტალება, ბოლო დროს ამ მიზნების მასაღწევად გამოყენება ულტრაფილტრაციული მეთოდებიც.

სტევია დღეისათვის მოჰყავთ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში: ბრაზილია, ჰარაგვაი, ჩინეთი, ინდოეთი, ვიეტნამი, იაპონია, კანადა, აშშ და სხვა. განსაკუთრებით საინტერესო კვლევებია ჩატარებული იაპონიასა და კანადაში.

სტევიას ფოთლის და მისგან მიღებული პროდუქტების გამოყენება შესაძლებელია, როგორც ტკბილი დანამატისა. სტევიას ფოთლისგან შესაძლებელია მივიღოთ 60 -70 % ექსტრაქტი. ე.ი. 3,3 -3,5კგ სტევიას მშრალი ფოთლისაგან შესაძლებელია 1კგ მშრალი ექსტრაქტის მიღება, რომელიც გაცილებით ტკბილია ვიდრე საქაროზა.

1კგ ტკბილი დიტერპენური გლიკოზიდების ჯამური პრეპარატის მიღება შესაძლებელია 12 – 14კგ მშრალი ფოთლისაგან.

სტევიას პერსპექტივა

დღევანდელი ფასებით სტევიას მშრალი ფოთლის, მშრალი ექსტრაქტის და ტკბილი დიტერპენური გლიკოზიდების ჯამური პრეპარატის თვითღირებულების გაანგარიშება გახდა შესაძლებელი. საერთაშორისო ფასების გათვალისწინებით ჩვენში წარმოებული პროდუქცია კონკურენტუნარიანი იქნება.

ჩინეთში და სხვა ქვეყნებში მოყვანილი სტევიას ქიმიურ მაჩვენებლებთან შედარება გვიჩვენებს, რომ საქართველოში ინტროდუცირებით სტევიას პრაქტიკულად არ დაუკარგავს თვისებები. ფოთოლში ტკბილი დიტერპენური ნაერთების შემცველობით ის ახლოსაა ჩინეთში მოყვანილ მოსავალთან.

მცენარეზე და მისგან მიღებულ პროდუქტებზე მზარდი ინტერესის და პროდუქტების მაღალი ფასების გათვალისწინებით საქართველოს სოფლის მეურნეობისათვის საინტერესო და პერსპექტიულ მცენარედ შეიძლება ჩაითვალოს.

საქართველოში ინტროდუცირებული სტევიას (Stevia rebaudiana Bertoni) ტერპენოიდები და ფენოლური ნაერთები და მათი გამოყენება კვების მრეწველობაში. /ამონარიდი/
ავტორები:  მაია ვანიძე; ალეკო კალანდია.

იხილეთ აგრეთვე: სტევია ევროპაში – ექსპორტის გზამკვლევი

თქვენი რეკლამა