დიკა (Triticum carthlicum Nevski) ხორბლის ეს ჯიში გავრცელებულია ძირითადად საქართველოში.
მე-20 საუკუნეში მისი ცალკეული ნათესები გამოავლინეს დაღესტანში, ნახიჩევანში, სომხეთსა და თურქეთის საქართველოსთან მოსაზღვრე ტერიტორიაზე.
თუმცა, დიკას წმინდა ნათესი მხოლოდ საქართველოში არსებობდა და V საუკუნის ქართულ წერილობით წყაროებში მოიხსენიება.
არქეოლოგიური გათხრებით დადგენილია, რომ დიკა საქართველოში ჯერ კიდევ 8000 წლის წინ მოყავდათ. ამ სახეობის განამარხებული მარცვლები აღმოჩენილია ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-6 ათასწლეულით დათარიღებულ ფენებში შულავერი-შომუს კულტურის არქეოლოგიური ძეგლების გათხრისას (არუხლო, დიდი გორა, შულავერი).
დიკა საგაზაფხულო ხორბალია. ის მთიან ზონაში იყო გავრცელებული და კარგად ეგუებოდა მკაცრ კლიმატს. მისი ნათესები ზღვის დონიდან 1000-2000 მეტრ სიმაღლეზე, ზოგჯერ კი მიწათმოქმედების ზედა საზღვრამდე, 2200-2300 მეტრამდეც ადიოდა.
მკაცრი კლიმატის პირობებში დიკა მოსავლიანობით აღემატებოდა რბილ ხორბალს. მთაში ზოგჯერ დიკას და ქერის ნარევი ითესებოდა, რომელსაც ქერდიკას, ქერჭრელს უწოდებდნენ.
დიკა წარმოდგენილია 11 სახესხვაობით და ყველა სახესხვაობით წარმოდგენილია მხოლოდ საქართველოში. მათ შორის ყველაზე ფართოდ გავრცელებული იყო ოთხი: თეთრი, წითელი, შავი და ჯავახეთის დიკა.
დიკასგან საუკეთესო პურს აცხობდნენ. მასში მნიშვნელოვნად მაღალია B3 ვიტამინის შემცველობა. ასევე დიდი რაოდენობით შეიცავს E ვიტამინს.
წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი
ქართული ხორბალი

