
დიარეა ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემაა, რომელიც კუჭის მოქმედების მოშლით გამოიხატება და განსაკუთრებით ხშირია ბავშვთა ასაკში.
ჯანმოს მონაცემებით, დიარეა 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილობის გამომწვევი დაავადებების ხუთეულშია და მისი ხვედრითი წილი სიკვდილიანობაში 19%-ს შეადგენს. ამიტომ ბავშვებში ამ პრობლემის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება და მშობელმა აუცილებლად უნდა იცოდეს, რა შემთხვევაში უნდა მიმართოს პედიატრს.
როდის მიიჩნევა კუჭის მოქმედების მოშლა დიარეად?
დიარეა ითვლება ნაწლავთა გახშირებული (დღე-ღამეში სამზე მეტი) მოქმედება შეცვლილი, თხელი კონსისტენციის, ჩვეულებრივზე მეტი მოცულობის, პათოლოგიური მინარევების (წყალი, სისხლი, ლორწო) შემცველი განავლით, რასაც ნაწლავში სითხისა და მარილების შეწოვისა და გამოყოფის (აბსორბციისა და სეკრეციის) დისბალანსი განაპირობებს.
რისი ბრალია დიარეა?
დიარეა შეიძლება იყოს მწვავე და გახანგრძლივებული. დიარეა გახანგრძლივებულად ითვლება, თუ იგი გრძელდება 14 დღეს და მეტხანს. დიარეის ყველაზე გავრცელებული მიზეზია ინფექცია, რომელიც შესაძლოა თავის მხრივ გამოწვეული იყოს ვირუსებით, ბაქტერიებით ან უმარტივესებით.
ბავშვთა ასაკში უფრო ხშირია ვირუსული, განსაკუთრებით – როტავირუსული დიარეა, რომელიც 5 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს ერთხელ მაინც აქვს გადატანილი. გარდა ინფექციისა, დიარეა შესაძლოა გამოწვეული იყოს:
- ზოგიერთი მედიკამენტით (როგორიცაა: ანტიბოტიკები, საფაღარათო საშუალებები, მაგნეზიის შემცველი ანტაციდები და სხვა);
- საკვების აუტანლობით ან კვებითი ალერგენებით (ალერგია ძროხის რძეზე, სოიის ცილაზე და სხვა);
- მონელებისა და შეწოვის პროცესების დარღვევით (ლაქტოზის აუტანლობა, საქაროზა, იზომალტოზის დეფიციტი, მალაბსორბაცია და სხვა);
- ქიმიოთერაპიით ან რადიაციით გამოწვეული ენტერიტით;
- ქირურგიული პათოლოგიებით (აპენდიციტი, ნაწლავთა ინვაგინაცია);
- ზოგიერთი ვიტამინის დეფიციტით (ფოლიუმის მჟავას, ნიაცინის დეფიციტი) ან ჰიპერვიტამინოზით (ვიტამინი C, ვიტამინი B3);
- მძიმე მეტალებით ან ტოქსინებით.
რა გზით გადაეცემა დიარეის გამომწვევი ინფექციები?
დიარეის გამომწვევი ინფექციების გადაცემის ძირითადი გზა ორალურ-ფეკალურია, ანუ ხდება ფეკალიებიდან გამოყოფილი გამომწვევის პირში მოხვედრა, იქნება ეს დაბინძურებული ხელებით, სათამაშოებით თუ ა.შ. ზოგჯერ ინფექცია გადაეცემა დაბინძურებული წყლისა და საკვების მეშვეობითაც.
როგორია დიარეის ყველაზე გავრცელებული კლინიკური სიმპტომები?
დიარეის ძირითადი კლინიკურისიმპტომებია: კუჭის გახშირებული მოქმედება, გულისრევა-ღებინება, მაღალი ტემპერატურა, გაუწყლოების ნიშნები. იმ შემთვევაში, თუ დიარეა გამოწვეულია არაინფექციური აგენტებით (მაგალითად, მედიკამენტებით, მალაბსორბციით) ტემპერატურის მომატება და ინტოქსიკაცია გამოხატული არ არის. ინფექციურ დიარეას ახასიათებს გაუწყლოების ნიშნები: კანისა და ლორწოვანის სიმშრალე, თვალების ჩაცვენა, ძლიერი აღგზნება ან, პირიქით, ძილად მივარდნა, სითხის მიღების შეუძლებლობა და სხვა.
რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ პედიატრს?
თუ ბავშვმა, რომელსაც აქვს დიარეა, არ მიიღო საკმარისი რაოდენობის სითხე, მდგომარეობა გართულდება; ამან შესაძლოა გამოიწვიოს ლეთარგიული მდგომარეობა, გონის დაკარგვა და შოკი. გაუწყლოების პირველივე ნიშნებისთანავე უნდა მიმართოთ პედიატრს, რადგან დიარეით განპირობებული სიკვდილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ გაუწყლოება და შოკია.
როგორ უნდა მოვიქცეთ ექიმთან მისვლამდე?
ექიმთან მისვლამდე აუცილებელია მიაწოდოთ ორგანიზმს იმდენი სითხე, რამდენსაც კარგავს. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ დიარეის შემთხვევაში იკარგება არა მარტო წყალი, არამედ მინერალური მარილებიც, მათ შორის – ნატრიუმისა და კალიუმისა, ამიტომ აუცილებელია, სითხესთან ერთად ავადმყოფს სპეციალური სარეჰიდრატაციო ხსნარიც მივაწოდოთ.
მაშინ როდესაც ვერ ხერხდება სარეჰიდრაციო ხსნარის პერორალურად მიღება, საჭირო ხდება ინტრავენურად ან ზონდით სითხის მიწოდება.
თუ დიარეა კონკრეტული მიკრობებითაა გამოწვეული, საჭიროა ანტიბიოტიკიც, თუმცა ეს აუცილებლად მკურნალმა ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, რადგან ანტიბიოტიკების არარაციონალური, არასწორი გამოყენება მრავალ საფრთხეს მოიცავს.
თუ დიარეა ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციითაა გამოწვეული, პედიატრმა შესაძლოა დანიშნოს ენტეროლი — ანტიდიარეული პრეპარატი, რომელიც მწვავე ვირუსული და ბაქტერიული დიარეის საწინააღმდეგოდ გამოიყენება და პსპ-ს სააფთიაქო ქსელშია ხელმისაწვდომი.