ფუტკრის რძე – მეფუტკრეობის პროდუქტები

ფუტკრის, რძე, სამკურნალო

ფუტკრის რძე მეფუტკრეობის არაჟნისმაგვარი, მოთეთრო-მოყვითალო ფერისა და მომჟავო გემოს მქონე პროდუქტია. ევროპაში ის “სამეფო ჟელეს” სახელითაა ცნობილი. მას მუშა ფუტკრები ყვავილის მტვრისა და თაფლიდან გამოიმუშავებენ და სპეციალური ჯირკვლებიდან გამოყოფენ.

ფუტკრის ოჯახი ამ რძეს იყენებს მუშა ფუტკრის და დედა ფუტკრის ფუმფლის (ბარტყის) საკვებად. ახლად გამოჩეკილი მუშა ფუტკრის ფუმფლი ფუტკრის რძით იკვებება არსებობის პირველ ორ დღეს, ხოლო დედის – გამოჩეკიდან სიცოცხლის ბოლომდე.

სწორედ ამ უცნაური საკვების შედეგია ის, რომ ახლად გამოჩეკილი დედა ფუტკრის ფუმფლი 5 დღეში წონაში 1600 _ 1800-ჯერ იმატებს. ხოლო უკვე დედა ფუტკარი ყოველდღიურად თავისი წონა კვერცხს (250_300 მილიგრამი) დებს.

ეს ფაქტი დედა ფუტკრის საკვები ფუტკრის რძის მაღალ კვებითს ღირებულებასა და სრულყოფილებაზე მეტყველებს.

ფუტკრის რძეს მუშა ფუტკრები ძირითადად ყვავილის მტვრის გადამუშავების შედეგად გამოყოფენ, ყვავილის მტვერი კი ყვავილოვანი მცენარეების მამრობითი საწყისია, რომლის ირგვლივ ბუნებამ შექმნა სასარგებლო ელემენტების მაქსიმუმი, რაც აუცილებელია, რათა განხორციელდეს განაყოფიერება და ამუშავდეს გენეტიკური პროგრამა.

რძეში, ისევე როგორც ყვავილის მტვერში, ყველა ვიტამინთან, მცენარეულ ჰორმონებთან (ეპიბრასინოლიდი, ციტოკინინი ჰიბერელინი, ჰეტეროაუქსინი), 10-ვე შეუცვლელ ამინომჟავასა და 300-მდე მიკრონაერთთან ერთად, აღმოჩენილია ზრდის, გამრავლების და იუვენალური, ანუ გამაახალგაზრდავებელი ჰორმონი, რომელიც არც ერთ სხვა პროდუქტში არ გვხვდება.

ამის ნათელი დადასტურებაა ის, რომ დედა ფუტკრის სიცოცხლის ხანგრძლივობა 4_7 წელს აღწევს და რამდენიმე ათეულჯერ მეტია მუშა ფუტკრის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, რომელიც ზაფხულში 30_40 დღეს, ხოლო ზამთარში 150 დღეს არ აღემატება.

თუმცა ორივენი ზუსტად ერთნაირი განაყოფიერებული კვერცხიდან იჩეკებიან და განსხვავება, როგორც აღვნიშნეთ, მხოლოდ მათს საკვებ რაციონშია.

მუშა ფუტკრები რძით იკვებებიან გამოჩეკიდან მხოლოდ პირველ ორ დღეს, შემდეგში მათი საკვებია თაფლი და ჭეო, რომლებიც, თავის მხრივ, ერთ-ერთ საუკეთესო საკვებ პროდუქტებად ითვლებიან. დედა ფუტკარს გამოჩეკიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშა ფუტკრები ფუტკრის რძით კვებავენ.

ფუტკრის რძით კვების შედეგად სადედე ფუმფლი განაყოფიერება-გამრავლების უნარის მქონე სრულფასოვან მდედრად ყალიბდება, ისეთივე ფუმფლი კი, ჭეოთი და თაფლით კვებაზე გადასვლის შემდეგ, მხოლოდ მუშა ფუტკრად შეიძლება ჩამოყალიბდეს, რომელიც განუვითარებელი, არასრულფასოვანი მდედრია.

ამჟამად მიჩნეულია, რომ არც ბუნებასა და არც მედიცინაში არ არსებობს ფუტკრის რძეზე უფრო აქტიური პროდუქტი ცოცხალი ორგანიზმის გაახალგაზრდავებისა და გამრავლების სტიმულირებისათვის.

უკანასკნელ წლებში ჩატარებული გამოკვლევები ადასტურებენ, რომ ფუტკრის რძე მნიშვნელოვნად აუმჯობესებს (30_50%-ით) ადამიანის ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებს.

ამიტომ ფუტკრის რძის მიღებას ურჩევენ სპორტსმენებს მძიმე ფიზიკური დატვირთვისას (პროფესიონალ რაგბისტებს, ფეხბურთელებს) და დაძაბული გონებრივი შრომის პირობებ- ში მყოფ ადამიანებს (მაგ., სტუდენტებს სესიების დროს).

რძე მნიშვნელოვნად ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას. იაპონელი მეცნიერები თვლიან, რომ ფუტკრის რძით იაპონელების სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, მიუხედავად ქვეყნის ტერიტორიის ძლიერი რადიოაქტიური დაბინძურებისა. ამჟამად იაპონია სიცოცხლის ხანგრძლივობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

ფუტკრის რძის მოხმარების მხრივაც იაპონია პირველ ადგილზეა და საშუალოდ 220_250 ტონას მოიხმარს ყოველწლიურად; ფუტკრის რძე ძირითადად ჩინეთიდან და ტაივანიდან შეაქვთ. იაპონიაში სკოლის მოწაფეებს 0,1 გრამს აძლევენ ყოველდღე, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს ხელს უწყობს ახალი მასალის ათვისებას.

ფუტკრის რძე მრავალი დაავადების დროს გამოიყენება როგორც სამკურნალოდ, ასევე პროფილაქტიკის მიზნით. ამჟამად ფუტკრის რძე მიჩნეულია საკვებ დანამატად, რომელსაც ძლიერი სამკურნალო და ბიომასტიმულირებელი თვისებები მოეპოვება. ამის გამო მისი წარმოება და გასაღება არ საჭიროებს ლიცენზირებას. წამლებისგან განსხვავებით, მისი მიღება შეიძლება ხანგრძლივად, შესვენებების გარეშე.

უკანასკნელ წლებში ფუტკრის რძეს ძალიან დიდი რაოდენობით და ეფექტურად იყენებენ პარფიუმერიაში. ამ რძის ჩვენი ზოგიერთი მომხმარებლის ცნობით, იაფფასიან სახის კრემებში 15_20% ფუტკრის რძის დამატებამ ისინი საფირმო, ძვირად ღირებულ კრემებს (მალამოებს) გაუტოლა.

საჭიროდ მიგვაჩნია, აქვე ზოგადად ჩამოვთვალოთ ის დაავადებები, რომლებზეც ფუტკრის რძე დადებითად მოქმედებს.

ფუტკრის რძე აახალგაზრდავებს ორგანიზმს, აუმჯობესებს მხედველობას, მეხსიერებას, ააქტიურებს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მოქმედებას (განსაკუთრებით სასქესო ჯირკვლების), ხელს უშლის ყოველგვარი სიმსივნეების წარმოქმნას, ამცირებს შაქრის დონეს სისხლში, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, იმუნურ სისტემას, ახდენს ორგანიზმის ბიოსტიმულირებას, სისხლის არტერიალური წნევის რეგულირებას (20_25%-მდე ამცირებს მაღალს და ადიდებს დაბალს), აჩქარებს ბავშვების ზრდის პროცესს, ებრძვის გონებრივ და ფიზიკურ გადაღლას.

თეთრ თაგვებზე ჩატარდა ცდები: მათ 0,25 მილიგრამი ფუტკრის რძე ეძლეოდათ 1 კილოგრამ ცოცხალ წონაზე. შედეგად, ერთ თვეში თაგვების ფიზიკური გამძლეობა 50%-ით გაიზარდა. ცდის დამთავრებიდან 20 დღის შემდეგაც, თაგვების იმ ჯგუფის გამძლეობა, რომელმაც რძე მიიღო, 20_25%- ით უფრო მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე საკონტროლოსი.

უკუჩვენება

ინდივიდუალური შეუთავსებლობა ფუტკრის რძესთან და ყვავილის მტვერთან.

დოზირება

აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ზრდასრული ადამიანისთვის ფუტკრის რძის ნორმა 0,5_1 გრამი იყო დღეში (სპოტსმენებს 1,5 – 2 გრამს აძლევდნენ), ბავშვებისთვის _ 0,1 გრამი.

ფუტკრის რძეს იღებენ უზმოზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, ენის ქვეშ, სადაც ის სწრაფადვე შეიწოვება. ევროპაში ფუტკრის რძეს 1_2 გრამს იღებენ დღეში, ორჯერადად, ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე. იაპონური ნორმები უფრო მაღალია და საშუალოდ 3_5 გრამია დღეში.

შენახვის პირობები

ფუტკრის რძის სამკურნალო თვისებები ძლიერ არის დამოკიდებული მისი მიღების ტექნოლოგიასა და შენახვის პირობებზე.

ფუტკრის რძე ინახება მაცივარში 2_6 გრადუსზე ცელსიუსით, მჭიდროდ თავდახურული. ამჟამად გავრცელება დაიწყო ერთჯერად შპრიცებში ჩასხმულმა რძემ. რაც ძალზე აადვილებს მის დოზირებას, შენახვას და ჰაერისგან იზოლირებას.

ჰაერთან შეხება, მზის სხივები, გაყინვა ან 6_8 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე შენახვა აუარესებს რძის სამკურნალო თვისებებს.

ავტორები: ვახტანგ ღოღობერიძე; თეიმურაზ ღოღობერიძე.

* გარკვეული დაავადებების დროს ფუტკრის რძის (ან ნებისმიერი სხვა საშუალება) მიღება შესაძლოა არ იყოს რეკომენდირებული, ამიტომ სამკურნალოდ გამოყენების დროს საჭიროა ექიმის კონსულტაცია (აგროკავკასია).

წყარო: ფუტკრის რძისა და დედების წარმოება – სახელმძღვანელო მეფუტკრისთვის

თქვენი რეკლამა