ფუტკრის ოჯახების ხელოვნური გამრავლება

ფუტკრის, ოჯახი

ფუტკრის ოჯახის ხელოვნურად (მეფუტკრის მიერ) გამრავლების რამდენიმე ხერხია ცნობილი. მათ ცალ-ცალკე განვიხილავთ და შევეცდებით, გავაანალიზოთ და გაგაცნოთ მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები. 

ფუტკრის ოჯახების გამრავლება ხდება ინდივიდუალური და ნაკრები განაყოფებით. მეფუტკრის მიერ ფუტკრის ოჯახის ნაწილის ცალკე გამოყოფას ინდივიდუალური განაყოფი ეწოდება. ცხადია, ამისთვის ყველაზე ხელსაყრელი დრო ფუტკრის ოჯახის განვითარების მესამე სტადიაა.

ამ დროს ხდება ახალგაზრდა, დაუსაქმებელი ფუტკრების დაგროვება, რაც, თუ ღალა არ არის მოსალოდნელი, ნაყარობით დამთავრდება. თუ ახლო მომავალში ღალიანობაა მოსალოდნელი, მაშინ განაყოფების შექმნისგან თავი უნდა შევიკავოთ, რადგან ფუტკრის ოჯახისთვის რამდენიმე ჩარჩო ფუტკრის წართმევამ, შეიძლება 8-10 კგ თაფლი დაგვაკარგვინოს.

ასეთ შემთხვევაში, ხელოვნურ განაყოფებს ღალის დამთავრების შემდეგ ვაყალიბებთ (ასეთი სიტუაცია გვხვდება დასავლეთ საქართველოში აკაციის ყვავილობის წინ). ხელოვნური განაყოფების შექმნა მხოლოდ ძლიერი ოჯახებისგან შეიძლება. სუსტი ოჯახებისაგან განაყოფებს ვერ მივიღებთ.

ხელოვნურ განაყოფს ჩვეულებრივად უდედოდ 4-5 ჩარჩოთი და ზედ მსხდომი ფუტკრით ქმნიან. თუ განაყოფებს იქვე ვტოვებთ, საფუტკრეში, მათ კიდევ უნდა დავუმატოთ ფუტკარი 1-2 ჩარჩოდან, რადგან მოღალე ფუტკარი თავის სკაში დაბრუნდება და განაყოფი დასუსტდება. განაყოფს შეიძლება მივცეთ განაყოფიერებული დედა ფუტკარი, მწიფე სადედე, ან ვაცალოთ, თვითონ გამოიყვანოს დედა.

ეს უკანასკნელი შემთხვევა ძალზე არარენტაბელურია, რადგან დედა ფუტკრის გამოყვანის პროცესი ერთ თვეს გრძელდება და ეს დრო განაყოფისთვის დაკარგულად უნდა ჩაითვალოს, თანაც შედარებით სუსტ განაყოფს ხარისხიანი დედა ფუტკრის გამოყვანა არ შეუძლია.

ხელოვნური განაყოფი ისეთი სიძლიერისა უნდა იყოს, რომ მას დამოუკიდებლად არსებობა შეეძლოს და მუდმივ მზრუნველობას არ საჭიროებდეს. ამისთვის კმარა 4-5 ჩარჩო ზედ მსხდომი ფუტკრით. აქედან 2-3 ბარტყიანი უნდა იყოს, ხოლო ორი _ კიდეში თაფლიან-ჭეოიანი. განაყოფების ფორმირების დროს ჭეოს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან თაფლის დანაკლისის შევსება გაცილებით მარტივია, ვიდრე ყვავილის მტვრისა.

თუ ახლად შექმნილ განაყოფს განაყოფიერებული დედა ფუტკარი უნდა მივცეთ, მაშინ დედა ფუტკარს გალიით განაყოფის ფორმირებისთანავე ვაძლევთ. თუ განაყოფს მწიფე სადედით ვაყალიბებთ, მაშინ მწიფე სადედე 4-8 საათის გავლის შემდეგ ან მეორე დღეს ეძლევა.

ხელოვნური განაყოფის ფორმირებისთვის შეგვიძლია ავირჩიოთ როგორც ღია, ასევე გადაბეჭდილბარტყიანი ჩარჩოები. მთავარი აქ არის მიზანი, რისთვისაც განაყოფს ვქმნით. ვაროატოზის პირობებში კარგი იქნება, თუ განაყოფს ფორმირებასა და ვაროატოზთან ბრძოლის ზოოტექნიკურ მეთოდს ერთმანეთს დავუკავშირებთ.

განაყოფიერებულდედიანი განაყოფი, უმჯობესია, ღია ბარტყიანი ჩარჩოებით დავაკომპლექტოთ და ამავე დროს შევწამლოთ რომელიმე აპრობირებული აკრიციდით. მწიფესადედიანი განაყოფი, პირიქით, უმეტესად გადაბეჭდილბარტყიანი ჩარჩოებითკომპლექტდება, ხოლო ვაროას წინააღმდეგ წამლობა ფორმირებიდან მე-12, მე-14 დღეს ხდება.

ნაკრები გამონაყოფის ფორმირება არაფრით განსხვავდება ინდივიდუალური განაყოფების ფორმირებისგან, გარდა იმისა, რომ ნაკრები განაყოფებისთვის ჩარჩოებს ზედ მსხდომი ფუტკრით სხვადასხვა ოჯახებიდან ვიღებთ.

სხვადასხვა ოჯახებიდან აღებული ფუტკრიანი ჩარჩოების განაყოფად ფორმირების დროს, ჩემს პრაქტიკაში არასდროს მიხმარია არომატიზებული სიროფები (პიტნის, კამის ან სხვა და არც არავის ვურჩევ!). თუ გეშინიათ, რომ სხვადასხვა ოჯახის ფუტკრები ერთმანეთში ბრძოლას დაიწყებენ, შეგიძლიათ ხელოვნური განაყოფის ყველა ჩარჩო ფორმირების პროცესში პირდაპირ კი არ ჩადგათ ახალ სკაში, არამედ ჯერ იქიდან ფუტკარი ჩაფერთხოთ.

ახალ სკაში ჩაფერთხილი ფუტკრები კარგავენ წინააღმდეგობის გაწევის უნარს, ერთმანეთში ირევიან და თავდაცვაზე აღარ ფიქრობენ.

ფუტკრის ოჯახის გამრავლება, ოჯახების შუაზე გაყოფა-დაფრენით

ამ მეთოდით ფუტკრის ოჯახის გამოყოფის უპირატესობა ის არის, რომ საკვები, ბარტყი, ოჯახი და მოღალე ფუტკარი შედარებით თანაბრად ნაწილდება, რაც აადვილებს ახლად შექმნილი ოჯახის მოვლას და დაცვას. თუმცა, ეს მეთოდი უფრო შრომატევადია, ვიდრე წინა თავში აღწერილი მეთოდი.

შუაზე გაყოფა-დაფრენით ოჯახების გაყოფის დროს უნდა ავიღოთ ძირული ოჯახის ფორმისა და ფერის სკა, რომელსაც ვდგამთ ძირითადი ოჯახის გვერდით და მასში ძირითადი ოჯახიდან გადმოგვაქვს ნახევარი რაოდენობის ჩარჩოები ზედ მსხდომი ფუტკრებით, ბარტყითა და საკვებით. ამის შემდეგ, ორივე სკას ისე ვალაგებთ, რომ ძირითადი სკის საფრენის ადგილიდან თანაბრად იყვნენ დაშორებული.

რამდენიმე წუთში ვუბრუნდებით გაყოფილ ოჯახს და ვაკვირდებით მფრინავი ფუტკრის განაწილებას. თუ ის არათანაბარია, სკების რამდენიმე სანტიმეტრით გაწევით ვცდილობთ მათ თანაბრად განაწილებას. ამ პროცედურის ჩატარება კიდევ შეიძლება მოგვიწიოს 15-20 წუთის შემდეგ. ჩვეულებრივ ამ დროს დედა ფუტკარს არ ვეძებთ, რაც ძლიერ ამარტივებს გაყოფის პროცესს. უდედო გამონაყოფს მეორე-მესამე დღეს ვადგენთ ჩამოშენებული სიდიდეების მიხედვით.

ამ განაყოფს ვაძლევთ მწიფე სადედეს ან განაყოფიერებულ დედა ფუტკარს გალიით, ზემოთ აღწერილი რომელიმე მეთოდით. ან ვაცლით, თითონ გამოიყვანოს დედა ფუტკარი. ცხადია, ზემოთ განხილული გაყოფის დროსაც უმჯობესია, დედა ფუტკარი და ღიაბარტყიანი ჩარჩოები ერთ სკაში მოვაქციოთ, ხოლო გადაბეჭდილბარტყიანი ჩარჩოები _ მეორეში, რომელსაც ახალ დედას ან მწიფე სადედეს მივცემთ.

პირველი, დედიანი განაყოფი დაყოფის დღესვე შეიძლება დამუშავდეს ვაროას საწინააღმდეგო რომელიმე აპარატით, ხოლო გადაბეჭდილბარტყიანი მუშავდება ორჯერ: გაყოფიდან 7-8 დღის და 14-15 დღის შემდეგ.

ამ პროცედურებით ტკიპით დაინვაზირების ხარისხი რამდენჯერმე მცირდება, რაც ზაფხულის განმავლობაში სხვაგვარად შეუძლებელი იქნება.

ავტორი: ვახტანგ ღოღობერიძე.

იხილეთ აგრეთვე: ფუტკრის ოჯახის გამრავლება ბუნებრივ პირობებში და ხელოვნურად

თქვენი რეკლამა