ცერეცო – კულტურის ბიოლოგიური თავისებურებები, თესვა

ცერეცო, მწვანილი

ცერეცო (ლათ. Anethum graveolens) მიეკუთვნება ქოლგოსანთა ოჯახს. მისი სამშობლოა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროები. ის ცნობილი იყო უკვე ძველ ეგვიპტეში, სადაც იყენებდნენ როგორც სურნელოვან ბოსტნეულს კვებაში და მედიცინაში.

დღეისათვის, ფართოდ არის გავრცელებული მთელ მსოფლიოში.

ცერეცო მდიდარია ვიტამინებითა და კაროტინით, აგრეთვე კალიუმის, რკინისა და კალციუმის მინერალური მარილებით. მისი ფოთლები ნედლი, მშრალი, კონსერვირებული სახით გამოიყენება სხვადასხვა საკვების შესაკმაზად. ტექნიკური სიმწიფის ფაზაში მას იყენებენ მარინადებში.

ცერეცო ერთწლიანი მცენარეა. ფესვი მთავარღეძიანია, დატოტილი – მისი ძირითადი მასა განლაგებულია ნიადაგის ზედა ფენაში 20 სმ სიღმეზე. ღერო სწორმდგომია. სისქის მიხედვით, ღეროები არის მსხვილი (2 სმ დიამეტრის) და წვრილი (0,5 სმ დიამეტრის). ღეროს სიმსხო დამოკიდებულია ჯიშის ბიოლოგიურ თავისებურებაზე და ზრდის პირობებზე.

საადრეო ჯიშები ხასიათდება წვრილი უხეში ღეროთი, განსაკუთრებით, დაჩქარებული განვითარებისას (გრძელი დღისა და მაღალი ტემპერტურის პირობებში). საგვიანო ჯიშები გამოირჩევა მსხვილი წვნიანი ღეროთი.

ცერეცოს ფოთლები ღეროზე მორიგეობით არის განლაგებული, ყოველ მათგანს გააჩნია ინდივიდუალური სეგმენტი. მათი სიგრძე 15-25 სმ-ია, ფოთლები მწვანეა ჯიშებიდან გამომდინარე, სხვადასხვა რაოდენობის ცვილისებური ნაფიფქით დაფარული.

ყვავილი ქოლგაა, 10-120 სმ-ის დიამეტრით, მკრთალი მოყვითალო შეფერილობით.

თესლი ოვალური, მომრგვალო ელიფსური ფორმისაა – რუხი ყავისფერი; 1 გრ-ში 700-1000 მარცვალია; აღმოცენების უნარს ინარჩუნებს 2-3 წელი.

ბიოლოგიური თავისებურებანი

ცერეცო სიცივის ამტანი მცენარეა. ის 2-3 ნამდვილი ფოთლის განვითრების ფაზაში -40C წაყინვას უძლებს. მცენარის დათესვიდან ამოსვლამდე პერიოდის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჰაერის ტემპერატურასა და ნიადაგის ტენიანობაზე.

მისი თესლი აღმოცენებას იწყებს 3-50C ტემპერატურაზე. მცენარის ზრდისათვის კი ოპტიმალური ტემპერატურაა 15-180C.

ცერეცო ითესება 0,5 სმ. სიღრმეზე. მისი თესლი 2,5% ეთერზეთს შეიცავს, ამიტომ ცუ- დად სველდება და ნელა ჯირჯვდება. 9-110C პირობებში აღმონაცენები ჩნდება 17-19 დღეში, უფრო ნაკლებად ხელსაყრელი პირობებისას – 25-27 დღეში.

დალბობილი თესლით (დათესვამდე 2-3 დღით ადრე) აღმონაცენები ჩნდება 10-15 დღეში.

აღმონაცენის გამოჩენიდან, მცენარეთა ზრდა მიმდინარეოებს ნელა, განაკუთრებით, როდესაც ჰაერის საშუალო დღე-ღამური ტემპერტურა 100C-ზე დაბალია. აღმოცენებიდან ერთ თვეში, მცენრეებს აქვთ 4-6 ნამდვილი ფოთოლი. მათი სიმაღლე აღწევს 10-15 სმ-ს ხოლო მასა 4-6 გრ-ს.

გაზაფხულზე მწვანე მასის ინტენსიური ზრდა შეიმჩნევა ვეგეტაციის 35-დან 55 დღემდე, რაც დამოკიდებულია მცენარის ჯიშურ თავისებურებებზე.

ამ პერიოდში მცენარე აღწევს სამომხმარებლო ფაზას, მას აქვს 6-10 ნამდვილი ფოთოლი, მისი სიმაღლე 15-25 სმ-ია. ერთი მცენარის მასა 10-25 გრ-ია.

საგვიანო ჯიშები სამომხმარებლო ფაზას აღწევენ 50-60 დღეში, ისინი მეტ მწვანე მასას ივითარებენ და უფრო ძლიერი ზრდით გამოირჩევიან. აღების პერიოდში, მათი სიმაღლე 45-60 სმ-ია, ფოთლების რაოდენობა 10-15, ხოლო მწვანე მასა 50-80 გრ-ია.

ცერეცო გრძელი დღის მცენარეა. მისი ყვავილობისათვის, დღის ხანგრძლივობა უნდა იყოს არა ნაკლებ 14 საათისა. ცერეცოს ყველა სახეობა სწრაფად ვითარდება გრძელი დღის პირობებში. მცენარის განვითარება მკვეთრად მცირდება 12 საათზე ნაკლები დღის ხანგრძლივობისას.

გაუთბობელ სათბურებში, ზამთრის პერიოდში წარმოებისას (დასავლეთ საქართველო), როდესაც ჰაერის საშუალო ტემპერატურა 10-120C-ია, ბუნებრივი განათებისას, მცენარეები ნელა გადადიან გენერაცული ორგანოების (საყვავილე ღერო, ყვავილი, თესლი) წარმოქმნაზე და ხასიათდებიან კარგი შეფოთვლით.

საგვიანო ჯიშები ვეგეტაციის ბოლომდე იმყოფებიან ვეგეტაციური ზრდის ფაზაში.

ცერეცო მოითხოვს კარგად გაკულტურებულ, ფხვიერი სტრუქტურის ნიადაგებს. სასურველი pH-6,0-6,5.

ნიადაგისა და ჰაერის ტენიანობას განსაკუთრებით აღმოცენებისა და ფოთლების ზრდის ფაზაში აქვს არსებითი მნიშვნელობა. ტენის უკმარისობისას, ფოთლები უხეშდება და წვრილდება.

დაუშვებელია ცერეცოს ჩახშირებული თესვა, ამიტომ აღმოცენების შემდეგ საჭიროა ნათესის გამეჩხერება, ამავე დროს, აცილებენ სარეველა მცენარეებს და ქვედა გადაბერებულ ან დაზიანებულ ფოთლებს.

თესვა

ცერეცოს თესავენ მობნევით ან მწკრივად.

მწკრივებს შორის 18-20 სმ-ს, ხოლო მწკრივში მცენარეთა შორის 10 სმ-ს დატოვებით.

დათესვამდე 2-3 დღით ადრე მიმართავენ თესლის დალბობას. წყალს 3-4-ჯერ უცვლიან, რათა მოაშორონ ნივთიერებები, რომლებიც აფერხებენ მცენრეთა განვითრებას.

დათესვის წინ თესლს შეაშრობენ ბნევად კონდიციამდე.

ჩათესვის სიღრმე 1,5-2 სმ, დათესვის ნორმა 10-12 კგ/ჰა-ზე (1,0-1,2 გრ 1მ2).

მაღალი მოსავლის მისაღებად, დასავლეთ საქართველოს პირობებისთვის გაუთბობელ სათბურებში რეკომენდებულია თესვა განხორციელდეს სექტემბრის შუა რიცხვებში (10-15 სექტემბერი), რათა მცენარეებმა ეფექტურად გამოიყენონ ამ დროს არსებული სითბური რესურსები და დაბალი ტემპერატურების დადგომამდე განივითარონ ფესვთა სისტემა და მწვანე მასა.

მოსავლის აღება

მოსავლის აღებას იწყებენ მცენარის სიმაღლის 20-25 სმ-მდე მიღწევის შემდეგ.

შემდგომი გადაკრეფა ხდება ყოველ 30-40 დღეში, კლიმატური ფაქტორებიდან გამომდინარე.

გაზაფხულის პირზე, თებერვლიდან, მცენარეთა განვითარება ჩქარდება და მოსავლის გადაკრეფებს შორის ინტერვალები მცირდება 20-30 დღემდე.

საშუალოდ, სეზონის მანძილზე გადაკრეფას ახდენენ 5-8 ჯერ, რაც დამოკიდებულია როგორც კლიმატურ ფაქტორებზე, ასევე, მოვლის პირობებზე და ჯიშებზე.

მოსავლიანობა შედგენს 2-3 კგ/მ2-ზე.

სასურველია, მოსავლის აღება მოხდეს დილის პერიოდში ან გრილ დღეებში, სიცხეში მოკრეფილი მოსავალი აუცილებლად უნდა გადავიტანოთ გრილ, დაჩრდილულ ადგილას.

გზა ფერმერობისკენ/საქართველოს ფერმერთა ასოციაცია.

იხილეთ აგრეთვე: კამა – თესვა, თესვის ნორმები, მოვლა-მოყვანა

თქვენი რეკლამა