ტარხუნა – გამრავლება, დარგვა, მოვლა

ტარხუნა, ტარხუნის, თესვა, მოყვანა

ტარხუნა (ესტრაგონი, ლათ. Artemisia dracunculus) რთულყვავილოვანთა ოჯახის მრავალწლიანი, სინთლის მოყვარული მცენარეა, აქვს სწორმდგომი, გლუვი ღერო, სიმაღლე 40-150 სმ.

გავრცელება

ესტრაგონის სამშობლოდ ითვლება მონღოლეთი და აღმოსავლეთ ციმბირი, ტარხუნა მას საქართველოში უწოდეს. გავრცელებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

მე XVII საუკუნიდან საფრანგეთში ფართოდ იყენებენ, როგორც სანელებლს. ის შედის უამრავ ფრანგულ, კლასიკურ რეცეპტში.

ველურად გხვდება ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში და აზიაში. სხავადასხვა ტერიტორიებზე გავრცელებულ სახეობებს თავის დამახასიათებელი ნიშნები აქვს, მაგალითად საფრანგეთში ტარხუნა ძალიან ნაზია, მექსიკაში მძაფრი გემო აქვს, კავკასიაში ტარხუნა გამოირჩევა არომატული თვისებებით.

საქართველოში ყველაზე უხვად მოჰყავთ თბილისის საგარეუბნო ზონაში. დიდი რაოდენობით შეიცავს ეთერზეთებს. იყენებენ მწვანილად, კულინარიაში, ლიქიორის მრეწველობაში, პარფიუმერიაში, საკონსერვო მრეწველობაში…

გამრავლება

ამრავლებენ თესლით, ბუჩქის გაყოფით, ფესვის ამონაყარით ან კალმით. თესლით გამრავლებისას ტარხუნამ შეიძლება დაკარგოს არომატული თვისებები. პირველ წელს ფორმირდება 50-60 სმსიმაღლის ღერო, მეორე წლის შუიდან იწყებს ყვავილობას.

თესლი უნდა დაითესოს თოვლის მოსვლამდე ანადრე გაზაფხულზე. თესლი საკმაოდ მცირე ზომისაა, ამიტომ არ არის საჭირო გრუნტში ღრმად ჩაფლვა, საკმარისია მიწის მსუბუქად მიყრა (დაფარვა).

ჩითილის მისაღებად, ტარხუნა უნდა დათესოთ ქოთანში ან კონტეინერში. თესავენ ადრე გაზაფხულზე, გადარგვამდე 60 დღით ადრე, ტარხუნის თესლს ყლორტის გამოსაღებად, დაახლოებით 10-14 დღე სჭირდება. მაისში გადარგავენ მუდმივ გრუნტში.

ბუჩქის გაყოფისას, ძირითადად 4-5 წლის პლანტაციიდან თხრიან ბუჩქებს და ჰყოფენ მას ისე, რომ თვითეულს ჰქონდეს 3-5 ყლორტი.

კალმით გამრავლებისთვის, აპრილ-მაისში, მცენარეს აჭრიან დაახლოებით 15 სმ სიგრძის ყლორტებს. ყლორტების ქვედა მხარეს, წაკვეთა ხდება მახვილი კუთხით – ბოლო ფოთლებიდან 3 სმ-ით დაბლა.

კალამს დასაფესვიანებლად რგავენ ქოთანში ან კონტეინერში (დახურულ სივრცეში) დაახლოებით 3 კვირაში კალამი მზად იქნება გადასარგავად.

ყველაზე კარგად მრავლდება ფესვის ამონაყრით, ამისთვის 2-3 წლის ბუჩქებს ადრე გაზაფხულზე, აცლიან ამონაყრებს და რგავენ მათ ტენიან ნიადაგში. 5-8 სმ სიღრმეზე.

დარგვა

ტარხუნა ცუდად იტანს ჭარბტენიან, თიხიან და მძიმე ნიადაგებს.

დარგვისას, ეცადეთ ტარხუნას შეურჩიოთ ნაყოფიერი ნიადაგი (თუმცა ხარობს ღარიბ ნიადაგებზეც) და მზის სხივებით კარგად განათებული ადგილი.

ნიადაგი არ უნდა იყოს მძიმე (ასეთ დროს, ურევენ ქვიშას და ორგანული განოყიერების საშუალებებს), კარგია ქვიშნარი. მჟავიანობა უმჯობესია ნეიტრალურთან ახლოს (рН 6-7), მაღალი მჟავიანობის პირობებში, დარგვის წინ რეკომენდირებულია ნიადაგში ხის ნაცრის დამატება.

ტარხუნისთვის კარგია შემაღლებული კვლების მეთოდის გამოყენება.

დარგვა შეიძლება გაზაფხულზე და შემოდგომაზე, ტარხუნა ერთსა და იმავე ნაკვეთზე მოდის საკმაოდ დიდხანს (7-10 წლის განმავლობაში, ზოგჯერ მეტიც). თუმცა შეიძლება ღერომ და ფოთლებმა სინაზე დაკარგოს და გემოვნური თვისებები გაუარესდეს, ამიტომ რეკომენდირებულია განახლება 4-5 წელიწადში ერთხელ.

ტარხუნას რიგში 30-40 სმ დაშორებით რგავენ. რიგებს შორის მანძილი 50-70 სმ. დარგვისას აუცილებელია უხვი მორწყვა.

მოვლა

ტარხუნა არ ითხოვს განსაკუთრებულ მოვლას. საჭიროა წელიწადში 3-4 ჯერ გაფხვიერება, სარეველების მოშორება, მორწყვა მოთხოვნილების შესაბამისად (წყალი არ უნდა დადგეს), საწყის ეტაპზე და გვალვიან პერიოდში.

დარგვის წელს არ კვებავენ, შემდეგ კი, წელიწადში ერთხელ მინერალური ან ორგანული სასუქით აპრილ-მაისში. ტარხუნას არ ჭრიან, მანამ ღერო არ მიაღწევს 20 სმ-ს. ჭრიან ისე, რომ მცენარე 5-7 სმ-ის სიმაღლის დარჩეს.

აგროკავკასია – წარმატებებს გისურვებთ!

თქვენი რეკლამა