პომიდორი – მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია და ჯიშები

ბიო, პომიდორი, ორგანული

ზოგადი ინფორმაცია

პომიდვრის სამშობლოა სამხრეთ ამერიკა. ევროპაში იგი კოლუმბმა შემოიტანა, სადაც თავდაპირველად მოჰყავდათ როგორც დეკორატიული მცენარე.

ამჟამად მსოფლიოში პამიდვრის წარმოებას ბოსტნეულ კულტურათა შორის პირველი ადგილი უკავია. პომიდვრის ნაყოფი გამოირჩევა კარგი გემოთი და მაღალი კვებითი ღირებულებით, რასაც განსაზღვრავს ნახშირწყლების, ორგანული მჟავებისა და მინერალური მარილების შემცველობა.

პომიდვრის ნაყოფი შეიცავს 85-96% წყალს და 3,5-10,5% მშრალ ნიფთიერებებს, რომელთა შორის არის ცილები (0,75-0,95%), ნახშირწყლები (1,7-6,4%), C ვიტამინი (15-40 მგ) და კალიუმი (316 მგ-მდე). პომიდორი ფართოთ გამოიყენება საკონსერვო მრეწველობაში. მისგან უამრავი კერძი მზადდება.

პომიდორს ხარშავენ, მოშუშავენ, აკონსერვებენ, ამწნილებენ.პამიდორი შეუცვლელია სოუსების, პიურეს, პასტის, წვენების დასამზადებლად.

პომიდვრის ნაყოფი და წვენი ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნას, კარგად მოქმედებს გულსისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებაზე. აძლიერებს კუჭის წვენის სეკრეციას.

პომიდვრის გაკულტურება მექსიკაში დაიწყო. იქ მისცეს მას სახელიც – „ტომატი“. ევროპაში შემოტანილი პირველი ნაყოფი იყო პატარა და ყვითელი, რომელიც მზეზე ბრწყინავდა. ამიტომაც დაარქვეს იტალიელებმა „პომიდორი“ – „ოქროს ვაშლები“.

ამ ეგზოტიკურ მცენარეს თავიდან როგორც დეკორატიულ მცენარეს ისე ზრდიდნენ. დიდი ხნის მანძილზე პომიდორი შხამიან მცენარედაც კი მიაჩნდათ, რადგანაც მწვანე ნაყოფში აღმოაჩინეს შხამიანი ნივთიერება – სოლანინი (მწიფე ნაყოფში სოლანინი აღარ რჩება).

XVI საუკუნის შუა წლებში იტალიაშიც გაუსინჯეს გემო მწიფე პoმიდორს, თუმცა მხოლოდ XIX საუკუნეში დაიწყეს მისი ფართე გამოყენება. მაგრამ მაშინაც ბევრს იგი მყრალ და უსარგებლო მცენარედ მიაჩნდა.

XX საუკუნის დამდეგიდან დაიწყო ნამდვილი „პამიდვრის ბუმი“. დღეისათვის პoმიდვრის ყოველწლიური მოსავალი მსოფლიოში ათეულობით მილიონ ტონას აჭარბებს. ამ ბოსტნეულის მოსავლის მეტი წილი ევროპისა და ჩრდილო ამერიკის ქვეყნებზე მოდის.

სითბური რეჟიმი

პამიდორი სითბოს მოყვარული მცენარეა. მისი ზრდისა და განვითარებისათვის ოპტიმალური ტემპერატურაა 20-250C. ღია გრუნტში პამიდორი კარგად ვითარდება 18-200Cტემპერატურაზე. ღამის აციება 5-60 C-მდე, თუ დღისით სითბოა, არსებითად არ აფერხებს მცენარის ზრდას.

საადრეო ჯიშები უძლებენ ხანმოკლე ღამის აციებას 3-40 C-მდე. წაყინვებს პამიდორი ვერ უძლებს და 00 C-ზე იღუპება; დახურულ გრუნტში 300 C-ზე მაღალ ტემპერატურაზე ყვავილის მტვერი სტერილური ხდება და მსხმოიარობა ძალზე ქვეითდება.

ვეგეტაციის პერიოდი

  • საადრეო ჯიშები: 80-110 დღე;
  • საშუალო საადრეო: 110-130 დღე;
  • საგვიანო ჯიშები: 130-150 დღე.

მცენარის სპეციფიკური მოთხოვნები

პამიდორი ნაკლებ მომთხოვნია ნიადაგის ნაყოფიერების მიმართ, მაგრამ გამოირჩევა ნიადაგიდან საკვები ნივთიერებების დიდი რაოდენობით გამოტანით და დიდი მოსავლიანობის დროს აღარიბებს ნიადაგს. კარგად მოდის მაღალნაყოფიერ, მსუბუქი თიხნარ და ქვიშიან ნიადაგებზე.

ღია გრუნტზე მოყვანისას უმჯობესია სითბოთი და სინათლით უზრუნველყოფილი ადგილები, დაცული ქარებისაგან. მწირ ნიადაგზე შემოდგომაზე გადაბარვისას 1მ2-ზე შეაქვთ 4-6 კგ ნეშომპალა ან კომპოსტი.

წინამორბედები

კარგი წინამორბედებია: გოგრისებრნი და პარკოსანი კულტურები, ძირხვენები, კომბოსტოსებრნი, ხახვი. ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენლების შემდეგ, ნაკვეთზე პამიდვრის მოყვანა 3 წელიწადზე ადრე არ შეიძლება.

ნიადაგი-ph: 5,5-6,5

დარგვის ხერხი: ჩითილებით.

ჩითილების ასაკი: 45-65 დღე. დასარგავად გამზადებულ ადრეული ჯიშის ჩითილებს უნდა ჰქონდეთ 1-2 საყვავილე მტევანი, საშუალო და საგვიანო ჯიშის ჩითილებს – 6-7 ფოთოლი და 1 საყვავილე მტევანი მაინც.

თესლის ჩათესვის სიღრმე: 1 სმ.

დარგვის სქემა

ჩითილებს გადარგავენ კვლებში (ეტებში) და ბაზოებზე ინტერვალით: მწკრივებს შორის 60-70 სმ; მცენარეებს შორის 40-50 სმ; საადრეო ჯიშების სქემაა 30×40, 40×40, 50×90 სმ; საშუალო ვეგეტაციის მქონე ჯიშებისა – 70×35, 60×40, 50×50 სმ;

მაღალმოზარდი (ინდეტერმინანტული) მთავარი ღეროს მქონე ჯიშებსა და ჰიბრიდებს სჭირდება დიდი კვების არე (3-4 მცენარე 1მ2-ზე),ხოლო დეტერმინანტული ჯიშებისა და ჰიბრიდებისათვის, რომელთაც მთავარი ღეროს ზრდა შეზღუდული აქვთ, 1 ღეროდ ფორმირების დროს საუკეთესო შედეგს იძლევა ხშირი ნათესი (6-10 მცენარე 1მ2-ზე), ხოლო 2-3 ღეროდ ფორმირებისას – უფრო მეჩხერი (4-6 მცენარე 1მ2-ზე).

გამოკვება

ვეგეტაციის პერიოდში გამოკვებას ატარებენ 3-4 ჯერ.

  • პირველად – ჩითილის გადარგვიდან 20 დღის შემდეგ წუნწუხი (1:20) ხარჯვის ნორმაა მცენარეზე 1ლ;
  • მეორედ – პირველი გამოკვებიდან 10 დღის შემდეგ (10 ლ წყალში აზავებენ 50 გრ. ხის ნაცარს), ხარჯვის ნორმაა მცენარეზე 1ლ;
  • დამატებით საკვებს მესამედ აწვდიან მეორე გამოკვებიდან 12-14 დღის შემდეგ; წუნწუხი (1:20) ხარჯვის ნორმაა მცენარეზე 1ლ; აზოტის ჭარბი დოზებით მიღებისას მცენარეებს უვითარდებათ ზედმეტი ვეგეტატიური მასა, რაც ამცირებს მოსავლიანობას.

მორწყვა

პამიდორი შედარებით გვალვაგამძლე მცენარეა. არ უყვარს ნიადაგისა და ჰაერის ჭარბტენიანობა, თუმცა მსხმოიარობის პერიოდში ბევრ წყალს ითვისებს; რწყვა უნდა ჩატარდეს ზომიერად; ღია გრუნტზე 5-7 დღეში ერთხელ, სათბურში 2-3 დღეში ერთხელ (ცხელ ამინდში უფრო ხშირად), ყვავილობის დაწყებამდე მორწყვის ნორმაა 4-5 ლ 1მ2-ზე, ნაყოფის გამოტანისას 10-15 ლ 1მ2-ზე, წყალი სასურველია იყოს 22-250C; თუ მცენარეს წყალს არათანაბრად მივაწოდებთ, ნაყოფი დასკდება.

ავტორები: ნუკრი მემარნიშვილი, თამაზ დონდუა

საქართველოში გავრცელებული რამდენიმე ჯიში

სახეობის დასახელება: Solanum lycopersicum L.

ადგილობრივი დასახელება: ჭოპორტულა-Solanum lycopersicum  ‘Choportula’

წარმოშობა: მცხეთა–მთიანეთის რეგიონი, სოფ. ჭოპორტი. ადგილობრივი ჯიშია. გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს თითქმის ყველა რაიონში, როგორც დაბლობ ნაწილში, ასევე მთაგორიანში.

ჯიშის დახასიათება: ჯიში ჭოპორტულა საშუალო-საგვიანო სიმწიფისაა, აღმოცენებიდან სიმწიფის დაწყებამდე – 110–120 დღეა. ხალხური სელექციით მიღებული ჯიშია, მაღალმოზარდი, ინდეტერმინანტული, ღერო ძლიერ დატოტვილია, კარგად შეფოთლილი, ფოთოლი ძლიერ დანაკვთული, მწვანე ფერის. მისი წარმოება შეიძლება, როგორც გაუსხლავად, ბაძოზე დაწოლით, ასევე საყრდენზე. გასხლული ვარიანტიდან უკეთესი შედეგია მიღებული ბუჩქის სამ ღეროზე დატოვებით. მისი ნაყოფები გამოირჩევა საუკეთესო გემოთი. ნაყოფის ფერი წითელია, კანი პრიალა, ზოგჯერ დანაოჭებული და უხეში შავი ფერისაა. მწიფე ნაყოფის საშუალო წონაა 130 გრ. 1000 თესლის მასა – 3,23 გრ. მოსავლიანობა – 42,2–44,1 ტ/ჰა.

დღევანდელი მგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია. შეიძლება ინახება კერძო კოლექციაში.

წყაროები: : ი. ლომოურის სახ. მიწათმოქმედების ს/კ. ინსტიტუტის 1967 წლის მუშაობის ანგარიში.

სახეობის სახელწოდება: Solanum lycopersicum L.

ადგილობრივი დასახელება: საადრეო– Solanum lycopersicum  ‘Saadreo’

წარმოშობა: ქვემო ქართლის რეგიონი, სართიჭალა. ჯიში „საადრეო“ რეკომენდებულია დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში გასავრცელებლად 2011 წლიდან.

ჯიშის აღწერა: ჯიში სამეურნეო და ბიოლოგიური თვისებების მიხედვით არის საადრეო. აღმოცენებიდან სიმწიფის დაწყებამდე მცენარეს სჭირდება 70 დღე. მოსავალს იძლევა აგვისტოს ბოლომდე. ჯიშისათვის დამახასიათებელია ძლიერ დატოტვილი, საშუალოდ შეფოთლილი, სწორმდგომი ღერო, მცენარე დეტერმინანტულია. მუხლთაშორისების სიგრძეა 5–8 სმ. შებუსულია. ფოთოლი საშუალოდ დაკბილულია, მწვანე შეფერილობის. ყვავილედი რთულია, 3–5 ყვავილით. ნაყოფი გრძელი, ბოლოწაწვეტებულია, წითელი შეფერილობისაა. კანი პრიალაა, ნაყოფი სამბუდიანი. მწიფე ნაყოფის საშუალო მასაა 50 გრ. 1000 ცალი თესლის მასის წონ – 1,98 გრ ნაყოფის სიგრძე 5სმ, დიამეტრი 4 სმ. სასაქონლო მოსავალი – 60 ტ/ჰა. ბიოქიმიური მაჩვენებლების მიხედვით მწიფე ნაყოფში: მშრალი ნივთიერების შემცველობაა 5,0%, საერთო შაქარი 3,8%, ასკორბინის მჟავა 16,7%, საერთო მჟავიანობა 0,45%.
ჯიში საადრეოს საწყისი მასალა მიღებულია ტაივანიდან, მებოსტნეობის მსოფლიო ცენტრიდან.

დღევანდელი მდგომარეობა: ინახება აგრარული უნივერსიტეტის გენეტიკური რესურსების ბანკში.

დამატებითი ინფორმაცია: პროდუქციის წარმოება შეიძლება უსაყრდენოდ, გადარგვის შემდეგ აგროტექნიკური სამუშაოების ჩატარება შესაძლებელია მექანიზაციის გამოყენებით მცენარის დაწოლამდე, შემდეგი მოვლითი სამუშაოები ტარდება ხელით.

წყაროები: მცენარეთა და ცხოველთა ახალი ჯიშების დაცვის ოფიციალური ბიულეტინი, თბილისი, 2010–11 წ.

სახეობის სახელწოდება: Solanum lycopersicum L.

ჯიშის სახელწოდება: კოლხიდელი – Solanum lycopersicum  ‘Kolkhideli’

წარმოშობა: იმერეთის რეგიონი. ქუთაისი–ტყაჩირი. გავრცელებულია მე–3 ზონაში.
(ქვემო იმერეთი: ვანის, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლის, ხონის, წყალტუბოს რაიონების და ქ. ტყიბულთან შეერთებული სასოფლო საკრებულოების დაბლობი ნაწილი).

ჯიშის დახასიათება: საშუალო–საადრეო სიმწიფის ჯიშია. აღმოცენებიდან ნაყოფის მომწიფებამდე სჭირდება 110– 120 დღე. ივითარებს ნახევრად მდგომ, საშუალო სიდიდის, ჩვეულებრივი ფორმისა და კარგი შეფოთვლის ბუჩქს. ფოთოლი ძლიერ დანაკვთულია, მუქი მწვანე, ფოთლის ფირფიტის ზედაპირი სუსტად დანაოჭებულია. ნაყოფი მსხვილი – 120-140 გრამი, საუკეთესო გემური თვისებებით, ტრანსპორტაბელურია. ფორმით ბრტყელი ან მომრგვალო-ბრტყელია, ფერი წითელი, ზედაპირი გლუვი, ზოგჯერ მცირე წიბოიანი, მრავალბუდიანი და საშუალო თესლიანი.
კოლხიდელი გამოყვანილია ი. ლომოურის სახ. მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ქუთაისის სასელექციო საცდელი სადგურში.

დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია. შეიძლება ინახება კერძო კოლექციაში.

წყაროები: : ი. მაჭავარიანი ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მეთესლეობა, თბილისი, 1998 წ.

სახეობის სახელწოდება: Solanum lycopersicum L.

ჯიშის სახელწოდება: არაგვი – Solanum lycopersicum ‘Aragvi’

წარმოშობა: მცხეთა-მთიანეთის რეგიონი,წეროვანი.გავრცელება – შიდა ქართლის სარწყავი რაიონები,მე9 ზონა. დარაიონებულია 2003 წელს.

ჯიშის დახასიათება: ჯიში არაგვი, სამეურნეო და ბიოლოგიური თავისებურებების მიხედვით, საგვიანოა,აღმოცენებიდან სიმწიფის დაწყებამდე მცენარეს სჭირდება 131 დღე. მსხმოიარობის პერიოდი შეადგენს 84 დღეს. სიცივის ამტანია და მოსავალს იძლევა ნოემბრამდე. მცენარე ინდეტერმინანტულია, ღერო ძლიერ დატოტვილია, საშუალოდ შეფოთლილი, მუხლთაშორისების სიგრძეა 5-10 სმ, ხშირად შებუსული, გლუვი ზედაპირით, ფოთოლი სუსტადაა დაკბილული, მუქი მწვანე შეფერილობისაა, ყვავილედი რთული 3-4 ყვავილით. ბუტკოზე აღინიშნება ერთნაირი სიგრძის მტვრიანები. ნაყოფი მრგვალია, გლუვი ზედაპირით,პრიალა კანით, 4-5 ბუდით. წითელი შეფერილობის. მწიფე ნაყოფის საშუალო მასაა 130 გრ., 1000 თესლის მასა – 3,48 გრ. საყრდენის შემთხვევაში მცენარის სიმაღლე 128სმ., უსაყრდენოდ–123 სმ. სასაქონლო მოსავლიანობა საყრდენის შემთხვევაში 46,2 ტ/ ჰა. უსაყრდენოდ – 34,1 ტ/ჰა.

ბიოქიმიური მაჩვენებლების მიხედვით მწიფე ნაყოფში არის: მშრალი ნივთიერება – 5,24%; საერთო შაქარი – 3,64%, ასკორბინის მჟავა – 25,1%, საერთო მჟავიანობა – 0,38%.
გამოყვანილია ხალხური სელექციის ჯიშ „ჭოპორტულადან“, ინდივიდუალური გამორჩევის გზით.

დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია.

წყაროები: : მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის ოფიციალური ბიულეტენი, თბილისი, 2004 წ.

სახეობის სახელწოდება: Solanum lycopersicum L.

ჯიშის სახელწოდება: ვარდისფერი ჭოპორტულა – Solanum lycopersicum ‘Vardisperi Choportula’

წარმოშობა: მცხეთა-მთიანეთის რეგიონი, წეროვანი. გავრცელებულია IX ზონის რაიონებში. აგრეთვე I ზონაში, ზუგდიდისა და ხობის რაიონების დაბლობ ნაწილში და III ზონაში ვანისა და ტყიბულის რაიონების დაბლობ ნაწილში.

ჯიშის დახასიათება: ვარდისფერი ჭოპორტულა საშუალო–საგვიანო სიცივის ამტანი ჯიშია, მოსავალს იძლევა ოქტომბრის ბოლომდე. აღმოცენებიდან სიმწიფის დაწყებამდე მცენარეს სჭირდება 120 დღე. ნაყოფის მსხმოიარობის პერიოდი 75 დღე. მცენარე არის ინდეტერმინანტული, ღერო ძლიერ დატოტვილია. საშუალოდ შეფოთლილი. მუხლთაშორისების სიგრძე 5-8 სმ. შებუსული. ფოთოლი საშუალოდ დაკბილული, მწვანე შეფერილობის. ყვავილედი რთულია – 3-5 ყვავილით. ნაყოფი მრგვალია, გლუვი ზედაპირით, ვარდისფერი შეფერილობით, პრიალა კანით. 4–5 ბუდით. მისი ფორმირება შეიძლება როგორც საყრდენზე, ისე უსაყრდენოდ – ბაძოკვლებზე. მწიფე ნაყოფის საშუალო მასაა 140 გრ. 1000 თესლისა – 3,58 გრ. საყრდენზე მცენარის სიმაღლეა 135 სმ. უსაყრდენოდ -124 სმ. სასაქონლო მოსავლიანობა საყრდენის შემთხვევაში არის 50 ტ/ჰა. უსაყრდენოდ – 36ტ/ჰა.

ბიოქიმიური მაჩვენებლების მიხედვით, მწიფე ნაყოფში არის: მშრალი ნივთიერება 5,48%, საერთო შაქარი 3,68%, ასკორბინის მჟავა 26,2%, საერთო მჟავიანობა 0,40%.
ვარდისფერი ჭოპორტულა ძალიან მცირედ ავადდება ფიტოფტორით-0,4%, გამძლეობას იჩენს ვირუსული დავადებების მიმართ, მისი ნაყოფები გამოირჩევა განსაკუთრებული გემოთი. მოიხმარება, როგორც სასალათედ, ასევე საკონსერვო წარმოებაში.

დღევანდელი მდგომარეობა: ინახება აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში.

დამატებითი ინფორმაცია: ვარდისფერი ჭოპორტულას ნაყოფები გამოირჩევა საუკეთესო გემოთი. სტანდარტული ნაყოფები გამოიყენება უმად, სასალათედ, არასტანდარტული – საკონსერვო წარმოებაში.

წყაროები: მცენარეთა და ცხოველთა ახალი ჯიშების დაცვის ოფიციალური ბიულეტენი, თბილისი, 2010–2011 წ.
მასალა მოგვაწოდა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციამ „ელკანა“.

ამ დროისთვის საქართველოში მრავალი თანამედროვე ჯიში და ჰიბრიდია შემოტანილი.

თქვენი რეკლამა