ნიადაგი
ატამი ნიადაგების მიმართ არ არის ძალიან მომთხოვნი, თუმცა საუკეთესო პროდუქციას იძლევა კარგად დრენირებულ, მსუბუქ, ფხვიერ ღრმა ალუვიურ და კარბონატულ ნიადაგზე. ნიადაგის (pH) უნდა იყოს 6,0 – 7,0-ის ფარგლებში.
ნიადაგის მიმართ მოთხოვნილება დამოკიდებულია საძირეების ადაპტაციის უნარზე. ჭარბტენიან ნიადაგებზე ატამის ჯიშებისთვის იყენებენ საძირეებს, რომელებიც უკეთესად იტანს გრუნტის წყლის სიახლოვეს და დროებით დაჭაობებას (ტყემალი და ტყემლის კლონები – Mir 29 C, MRS და სხვ.).
ტემპერატურული რეჟიმი
კონტინენტური ხეხილოვანი კულტურებიდან ატამს სითბოს და სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობის მიმართ საკმაოდ დიდი მოთხოვნა აქვს. ნაყოფის ნორმალური მომწიფებისთვის საჭიროებს მინიმუმ 2500-2600°C აქტიურ ტემპერატურათა ჯამს (DD; ∑>+5°C).
ატმის ჯიშები ვეგეტაციას იწყებს 6–7°C. ყვავილობას – 10 -11 °C -ზე. ატამი საადრეო ყვავილობის გამო ხშირად ზიანდება გაზაფხულის წაყინვებით –4–5°C –ზე და უფრო ქვევით ტემპერატურების დროს ზიანდება ყვავილები, ხოლო ნასკვები ზიანდება უკვე –1–2°C-ზე. ატამი უნდა გაშენდეს იმ რეგიონებში, სადაც ყინვები არ ეცემა –20–22°C ქვევით. ფესვთა სისტემა შეიძლება დაზიანდეს –12–14°C.
ნალექები
ატამი წყალისადმი შედარებით ნაკლებმომთხოვნია. შედარებით გვალვაგამძლეა და ადვილად იტანს ხანმოკლე გვალვებს. მაგრამ ხარისხიანი მოსავლის მისაღებად ატამის ჯიშები მოითხოვს წყლის საკმარის რაოდენენობა.
მავნებელ-დაავადებები
ატამის კულტურას ყველაზე ხშირად აზიანებს შემდეგი მავნებელები: აღმოსავლური ნაყოფჭამია, ბუგრები, ტკიპები, ატმის დიდი ბუგრი, ატმის ჩრჩილი, ვაშლის ფოთოლხვევია, კალიფორნიის ფარიანა და სხვა.
დაავადებებიდან – ატმის ფოთლის სიხუჭუჭე, ნაცარი, ფოთლების დაფაცხავება (კლასტეროსპოროზი), მონილიოზი, კურკოვანთა ნაადრევი ხმობა (ვერტიცილიოზი) და სხვა. აღნიშნული მავნებლების და დაავადებების წინაღმდეგ იყენებენ მცენარეთა დაცვის ინტეგრირებულ მეთოდებს.
ავტორები: ზვიად ბობოქაშვილი; ელენე მაღლაკელიძე.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.