ჩუმი და მძლავრი Seaflute-ის ქარის ტურბინა

ქარის, ტურბინა, ენერგია

ბერნულის ეფექტზე დაფუძნებული ჩუმი და მძლავრი Seaflute-ის ქარის ტურბინა აერთიანებს მეცნიერებას, ხელოვნებას და ეფექტურობას.

ტრადიციული ქარის ტურბინები დიდი ხანია კრიტიკის საგანია მათი მოცულობითობის, ხმაურისა და გარემოზე ზემოქმედების გამო. მათი მასიური მბრუნავი პირები არა მხოლოდ ლანდშაფტს აზიანებს, არამედ მნიშვნელოვან ხმაურს იწვევს, რაც მათ საცხოვრებელ უბნებთან ახლოს არასასურველს ხდის. გარდა ამისა, ენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილი სითბოს სახით იკარგება ხახუნისა და მრავალი მოძრავი ნაწილის გამო. ეს ფაქტორები ამცირებს ქარის ტურბინების საერთო ეფექტურობას, რაც მათ განახლებადი ენერგიის განვითარებისთვის ნაკლებად მიმზიდველ ვარიანტად აქცევს.

თუმცა, აზიზ ხალილისა და მისი ვაჟების, იმანისა და პოუიას მიერ შექმნილი ახალი პროექტი, სახელწოდებით „Seaflute“, ამ ყველაფერს შეცვლის. ეს ინოვაციური ქარის ტურბინა აერთიანებს უახლეს ინჟინერიასა და ესთეტიკურ მიმზიდველობას, რაც არა მხოლოდ ეფექტურ ენერგიის წყაროს, არამედ ხელოვნების ნიმუშსაც ქმნის. „Seaflute“-ის დიზაინი მელბურნში გამართულ „Land Art Generator“-ის დიზაინის კონკურსზე წარადგინეს, სადაც მან მნიშვნელოვანი ინტერესი გამოიწვია.

ტრადიციული ქარის ტურბინებისგან განსხვავებით, Seaflute-ს შამპანურის ბოკალის ფორმა აქვს და იყენებს ბერნულის ეფექტს – ფიზიკურ პრინციპს, რომელიც თვითმფრინავს ამწევ ძალას აძლევს. ქარი მოწყობილობაში ვიწრო ღიობიდან შედის და მოდულის უკანა მხარეს დაბალი წნევის ზონას ქმნის. ეს ვაკუუმი სტრუქტურის შიგნიდან ჰაერს იზიდავს, რაც უწყვეტ ნაკადს უწყობს ხელს. ამგვარად კიდევ უფრო მეტ ჰაერი ხვდება, რომელიც ტურბინის სპეციალური, ელექტროსტატიკური იონების გენერატორის შემცველი „ყელის“ მეშვეობით მიემართება.

ამ გენერატორში ჰაერი, ელექტრული ველის გავლით, დამუხტული ნაწილაკების ნაკადს  – ერთგვარ „ელექტრონულ ღრუბელს“ ქმნის. ეს დამუხტული ელექტრონები მოდულის ფერომაგნიტური ბირთვისკენ იზიდება, რომელიც ელექტრომაგნიტური ინდუქციის გზით მუდმივ ელექტრულ დენს წარმოქმნის. წარმოქმნილი ენერგია ლითიუმის ბატარეებში ინახება შემდგომი გამოყენებისთვის.

მაღალი ეფექტურობის გარდა, Seaflute-ს უნიკალური აკუსტიკური თვისება აქვს. მუშაობისას ის გამოსცემს მელოდიურ ხმას, რომელიც ფლეიტას მოგვაგონებს. ტურბინის მიერ გენერირებული სიხშირეების დაპროგრამება შესაძლებელია მუსიკალური კომპოზიციების შესაქმნელად, რაც ამ ქარის ტურბინას არა მხოლოდ ტექნოლოგიურად განვითარებულს, არამედ ურბანული ლანდშაფტის ესთეტიურად სასიამოვნო ელემენტადაც აქცევს.

Ionics Research + BETTER-ის მონაცემებით, Seaflute-ს წელიწადში 1200 მგვტ.სთ-მდე ენერგიის გამომუშავება შეუძლია, რაც საკმარისია 120 ოჯახის ენერგომომარაგებისთვის. ესთეტიკური დიზაინისა და დაბალი ხმაურის დონის გათვალისწინებით, ეს პროექტი ტრადიციული ქარის ტურბინების სერიოზულ ალტერნატივად აქცევს. ფართოდ გამოყენების შემთხვევაში, Seaflute-ს შეუძლია შეცვალოს მომავლის განახლებადი ენერგიის იერსახე და ფუნქციონირება.

წყარო: building-tech.org

თქვენი რეკლამა