საქონლის ხორცის ეტიკეტირება – სავალდებულო ხდება

ხორცი

2017 წლის 1 იანვრიდან, საქონლის ხორცისა და ხორცპროდუქტების ეტიკეტირება სავალდებულო ხდება, ამასთან დაკავშირებით გთვაზობთ, საქონლის ხორცისა და ხორცპროდუქტების ეტიკეტირების წესს, რომელიც მოცემულია ტექნიკურ რეგლამენტში.

ტექნიკური რეგლამენტი − საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ტექნიკური რეგლამენტი − საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესი (შემდგომში − ტექნიკური რეგლამენტი) განსაზღვრავს ბაზარზე განთავსებული საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე სავალდებულო ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებსა და ბიზნესოპერატორის ვალდებულებებს.

მუხლი 2. მიზანი და რეგულირების სფერო 

1. ტექნიკური რეგლამენტის მიზანია ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვა და საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე ეტიკეტირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა.

2. ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საქონლის ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე.

3. ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − სურსათის ეროვნული საააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) მიერ.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ხორცი − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) შესაბამისად, მსხვილფეხა საქონლის (მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის) ყველა სახის პროდუქტი, რომელიც მიეკუთვნება შემდეგ ჯგუფებს:

ა.ა) ჯგუფი 0201 − ხორცი მსხვილფეხა საქონლის, ახალი ან გაცივებული, ყველა პოზიცია;

ა.ბ) ჯგუფი 0202 − ხორცი მსხვილფეხა საქონლის, გაყინული, ყველა პოზიცია;

ა.გ) ჯგუფი 0206 10 95 − მსხვილფეხა საქონლის (ახალი ან გაცივებული) მსხვილი დიაფრაგმა და წვრილი დიაფრაგმა;

ა.დ) ჯგუფი 0206 29 91 − მსხვილფეხა საქონლის (გაყინული) მსხვილი დიაფრაგმა და წვრილი დიაფრაგმა;

ბ) ეტიკეტირება − ეტიკეტის მიმაგრება უშუალოდ ხორცის ცალკეულ ნაჭერზე ან ნაჭრებზე ან მათ შესაფუთ მასალაზე, ან შეუფუთავი ხორცის შემთხვევაში  − რეალიზაციის (გაყიდვის) პუნქტში მომხმარებლისათვის  სათანადო ინფორმაციის მიწოდება წერილობითი ან სხვა თვალსაჩინო, ადვილად აღსაქმელი ფორმით;

გ) ხორცის პროდუქტი − გადამუშავებული პროდუქტი, რომელიც მიიღება ხორცის გადამუშავებით ან გადამუშავებული ხორცის შემდგომი გადამუშავებით ისე, რომ ხორცის გადანაჭრის ზედაპირს აღარ ახასიათებს ახალი ხორცისათვის დამახასიათებელი  ნიშნები;

დ) ხორცის ანაჭერი (ტრიმინგი) − ტანხორციდან უშუალოდ შემოჭრით ან ჩამოჭრით, ტანხორციდან ძვლის მოცილებისას ან/და ხორცის დაჭრისას მიღებული ხორცის მცირე ზომის ნაწილები, რომლებიც ვარგისია ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის;

ე) გატარებული   ხორცი −ამ  პუნქტის  „ა“  ქვეპუნქტით  განსაზღვრული  ჯგუფების ძვლებგამოცლილი ხორცი,  რომელიც გატარებულ იქნა ან ფრაგმენტებად დაქუცმაცდა და შეიცავს 1%-ზე ნაკლებ მარილს;

ვ) დაჭრილი ხორცი − ხორცი, რომელიც დაჭრილია მცირე ზომის კუბებად, პატარა ნაჭრებად ან დანაწევრებულია ინდივიდუალურ ნაწილებად, უშუალოდ მიეწოდება საბოლოო მომხმარებელს და გამოყენებისათვის  არ    საჭიროებს    ბიზნესოპერატორის    მიერ    შემდგომ დაჭრას. დაჭრილ ხორცს არ მიეკუთვნება ხორცის ანაჭრები (ტრიმინგი) და გატარებული ხორცი;

ზ) დაჭრილი ხორცი, შეფუთული − საცალო ვაჭრობის პუნქტში განთავსებამდე წინასწარ ნაწილობრივ ან მთლიანად შეფუთული დაჭრილი ხორცის ნაჭერი, რომელიც მიეწოდება საბოლოო მომხმარებელს ან/და საცალო ვაჭრობის პუნქტს და რომლის შიგთავსის შეცვლა შეუძლებელია შეფუთვის გახსნის ან შეცვლის გარეშე;

თ) დაჭრილი ხორცი, შეუფუთავი − საცალო ვაჭრობის პუნქტში განთავსებამდე შეუფუთავი დაჭრილი ხორცი ან ხორცის ნებისმიერი ნაჭერი, რომელიც შეუფუთავი მიეწოდება საბოლოო მომხმარებელს და შესაძლებელია, მომხმარებლის თხოვნის საფუძველზე, დაექვემდებაროს დამატებით დაჭრას;

ი) პარტია − ძვალგამოცლილი ან ძვლიანი ხორცი (მაგ., ტანხორცი, ტანხორცის მეოთხედი ან ძვლისაგან გათავისუფლებული ხორცი), რომელიც დაიჭრა, გატარდა ან შეიფუთა ერთსა და იმავე დროს პრაქტიკულად ერთნაირ, მსგავს პირობებში;

კ) საცალო ვაჭრობა − ხორცის  შენახვა, დამუშავება ან/და გადამუშავება, რეალიზაციის ან საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდების ადგილზე და მოიცავს საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, საწარმოებში არსებულ სასადილოებს, ორგანიზაციების კვების ობიექტებს, რესტორნებსა და კვების სერვისთან  დაკავშირებულ სხვა მსგავს ობიექტებს,  სადისტრიბუციო ობიექტებს, მაღაზიებს, მათ შორის, საბითუმო მაღაზიებსა და სუპერმარკეტებს;

ლ) საბოლოო მომხმარებელი − დაჭრილი ხორცის საბოლოო მომხმარებელი, რომელიც მას არ იყენებს რეალიზაციისათვის ან სხვა სამეწარმეო საქმიანობისთვის.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ტერმინები.

მუხლი 4.  ეტიკეტირების ზოგადი მოთხოვნები

1. ბიზნესოპერატორი ვალდებულია, წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე ხორცისა და ხორცის პროდუქტის ეტიკეტირება განახორციელოს ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.

2. სავალდებულო ეტიკეტირების სისტემამ უნდა უზრუნველყოს კავშირის დადგენა, ერთი მხრივ, ტანხორცს, ტანხორცის მეოთხედს, ხორცის ნაჭრებსა და ცალკეულ ცხოველს შორის, მეორე მხრივ,  თუ შესაძლებელია, ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის სარწმუნოობის (უტყუარობის) შემოწმებით,  კავშირის დადგენა ტანხორცს, ტანხორცის მეოთხედს,  ხორცის ნაჭრებსა და  ცხოველთა ჯგუფს შორის.

3. ეტიკეტი დაცული უნდა იქნეს გარემო ფაქტორების ზემოქმედებისაგან.

4. ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაცია მომხმარებლისათვის უნდა იყოს სრული, გასაგები და ადვილად წასაკითხი.

5. დაუშვებელია ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის ნებისმიერი სახით გადაფარვა და მისი განმეორებით გამოყენება.

6. ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს ხორცის წარმოებასა და რეალიზაციას, ვალდებულია, დანერგილი ჰქონდეს მიკვლევადობის სისტემა, რითაც უზრუნველყოფილი იქნება კავშირის დადგენა ხორცსა და ცალკეულ ცხოველს ან/და ცხოველებს შორის.

7. ბიზნესოპერატორის მიერ მიკვლევადობის განხორციელებისათვის ჩანაწერების წარმოებამ უნდა უზრუნველყოს კავშირის დადგენა ცხოველის ან ცხოველების მიღებას, ტანხორცის ან/და დაჭრილი ხორცის მიღებასა და გაგზავნას შორის.

მუხლი 5. მოთხოვნები ხორცის ეტიკეტირებისადმი

1. ხორცის ეტიკეტზე განთავსებული უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია:

ა) საცნობარო ნომერი ან საცნობარო კოდი, რომელიც ენიჭება ცხოველს ან ცხოველთა ჯგუფს სასაკლაოზე შესვლისას ბიზნესოპერატორის მიერ, რაც უზრუნველყოფს კავშირის დადგენას ხორცსა და ცხოველებს შორის. ეს შესაძლებელია იყოს ცალკეული ცხოველის საყურე ნიშანზე განთავსებული საიდენტიფიკაციო ნომერი, ან ბიზნესოპერატორის მიერ სასაკლაოზე ცხოველთა ჯგუფისათვის მინიჭებული ნომერი, რომლისგანაც მიღებულია ხორცი;

ბ) სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი, სადაც დაიკლა ცხოველი ან ცხოველთა ჯგუფი, იმ ქვეყნის მითითებით, სადაც მდებარეობს სასაკლაო (დაიკლა − (ქვეყნის დასახელება), სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი);

გ) თუ ხორცის დაჭრა არ ხორციელდება იმ სასაკლაოზე, სადაც დაიკლა ცხოველი, ცხოველთა ჯგუფი, მაშინ ეტიკეტზე უნდა განთავსდეს იმ ბიზნესოპერატორის აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი, სადაც განხორციელდა ცხოველის, ცხოველთა ჯგუფის ტანხორცის ან ტანხორცის ჯგუფის დაჭრა;

დ) თუ ხორცი მიღებულია იმ ცხოველისაგან ან ცხოველთა ჯგუფისაგან, რომელიც დაიბადა, გაიზარდა და დაიკლა საქართველოში („წარმოშობა − საქართველო“), ეტიკეტზე, გარდა ამ პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნებისა, მითითებულ უნდა იქნეს სასაკლაოზე ცოცხალი ცხოველის მიმყვანი პირის პირადი ნომერი, იმ შემთხვევაში, თუ ხორცი მიღებულია არაიდენტიფიცირებული ცხოველისაგან, რომელსაც არ გააჩნია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საყურე ნიშანი;

ე) თუ ცხოველის დაბადების, მოშენების, სუქებისა და დაკვლის ადგილი განსხვავდება ერთმანეთისგან, ეტიკეტზე მიეთითება ინფორმაცია თითოეული მათგანის შესახებ.

2. თუ ხორცი იმპორტირებულია ან მიღებულია საქართველოში იმპორტირებული ცოცხალი ცხოველისაგან, ცხოველთა ჯგუფისაგან, მაშინ ეტიკეტზე მითითებული უნდა იქნეს: „ცოცხალი ცხოველის იმპორტი“ იმპორტიორი ქვეყნის დასახელება“.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება ხორცის ეტიკეტზე, თუ ხორცი მიღებულია საქართველოში იმპორტირებული ცოცხალი ცხოველისაგან ან ცხოველთა ჯგუფისაგან, რომელიც დაიკლა იმპორტის განხორციელებიდან 30 დღის შემდეგ.

4. თუ სასაკლაოზე არ ხდება ტანხორცის დაჭრა, მაშინ ტანხორცზე უნდა განთავსდეს (დამაგრდეს) ერთი ეტიკეტი.

5. თუ ტანხორცი იჭრება, მაშინ ეტიკეტი უნდა განთავსდეს (დამაგრდეს) ყველა ნაჭერზე ისე, რომ ადვილად არ მოხდეს მისი მოცილება.

მუხლი 6. პარტიის შედგენილობა

1. ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს ხორცის დაჭრას ან ხორცის გატარებას, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ:

ა) ტანხორცის ან ტანხორცის მეოთხედის დაჭრისას, ერთ პარტიას წარმოადგენს ტანხორცის ან ტანხორცის მეოთხედის ის რაოდენობა, რომელიც არ აღემატება დამჭრელი საწარმოს დღიურ წარმადობას;

ბ) ხორცის შემდგომი დაჭრის ან ხორცის გატარებისას, პარტიას წარმოადგენს ტანხორცის ან ტანხორცის მეოთხედის ის რაოდენობა, რომელიც არ აღემატება იმ საწარმოს დღიურ წარმადობას, სადაც მოხდა ხორცის შემდგომი დაჭრა ან გატარება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პარტიის შედგენისას, ბიზნესოპერატორმა უნდა უზრუნველყოს, რომ:

ა) ტანხორცის ან ტანხორცის მეოთხედის დაჭრისას, ყველა ტანხორცი ან ტანხორცის მეოთხედი წარმოადგენს ერთ პარტიას, თუ იგი მიღებულია ცხოველებისაგან, რომლებიც დაიბადნენ იმავე ქვეყანაში, გაიზარდნენ იმავე ქვეყანაში ან ქვეყნებში და დაიკლნენ ერთსა და იმავე ქვეყანაში და ერთსა და იმავე სასაკლაოზე;

ბ) ხორცის შემდგომი დაჭრისას ყველა ტანხორცისათვის, სადაც ხდება ხორცის მიღება, დაცული უნდა იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობები;

გ) გატარებული ხორცის პარტიის ფორმირებისას ხორცი მიღებული უნდა იქნეს იმავე ქვეყანაში დაკლული ცხოველებისაგან.

3. ბიზნესოპერატორმა, რომელიც აწარმოებს დაჭრილ ხორცს, პარტიის ფორმირება უნდა მოახდინოს მხოლოდ ერთი სასაკლაოდან მიღებული ხორცის პარტიიდან, გამონაკლისის სახით, სააგენტოს თანხმობის შემთხვევაში, დასაშვებია დაჭრილი ხორცის პარტიის ფორმირება სამი სხვადასხვა სასაკლაოდან მიღებული ხორცის პარტიებიდან.

4. ხორცის ანაჭერის (ტრიმინგი) პარტიის ფორმირებისათვის გამოყენებული ხორცი მიღებული უნდა იქნეს ერთსა და იმავე ქვეყანაში დაკლული ცხოველებისაგან.

მუხლი 7. მოთხოვნები გატარებული ხორცის ეტიკეტირებისადმი

1. ბიზნესოპერატორი, რომელიც აწარმოებს გატარებულ ხორცს, ვალდებულია გატარებული ხორცის ეტიკეტზე განათავსოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ცხოველის საყურე ნიშნის ნომერი;

ბ) ცხოველის წარმოშობის ქვეყანა, თუ ცხოველის დაბადებისა და მოშენების ადგილი განსხვავდება ერთმანეთისგან, ეტიკეტზე მიეთითება ინფორმაცია თითოეული მათგანის შესახებ;

გ) სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი, სადაც დაიკლა ცხოველი ან ცხოველთა ჯგუფი, იმ ქვეყნის მითითებით, სადაც მდებარეობს სასაკლაო (დაიკლა − ქვეყნის დასახელება), სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი);

დ) ბიზნესოპერატორის აღიარების ან პირობით აღიარების ნომერი, სადაც ხორციელდება ხორცის გატარება;

ე) გატარებული ხორცის დამზადების თარიღი.

2. გატარებული ხორცის წარმოებისათვის ხორცი პარტიაში მიღებული უნდა იქნეს ცხოველებისაგან, რომლებიც ერთსა და იმავე ქვეყანაში დაიკლნენ.

მუხლი 8. მოთხოვნები ხორცის ანაჭერის (ტრიმინგი) ეტიკეტირებისადმი

1. ბიზნესოპერატორი, რომელიც აწარმოებს ხორცის ანაჭერს (ტრიმინგი), ვალდებულია ეტიკეტზე განათავსოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ქვეყნის დასახელება, სადაც ცხოველი დაიბადა და გაიზარდა;

ბ) ქვეყნის დასახელება, სადაც მოხდა ცხოველის დაკვლა;

გ) ქვეყანა და საწარმოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი, სადაც მოხდა ხორცის ანაჭერის (ტრიმინგი) წარმოება;

დ) ხორცის ანაჭერის (ტრიმინგი) დამზადების თარიღი.

2. თუ ცხოველის ჯგუფის დაკვლა და ხორცის ანაჭერის (ტრიმინგი) წარმოება მოხდა ერთსა და იმავე ქვეყანაში, ეტიკეტზე შესაძლებელია განთავსდეს ინფორმაცია − „წარმოშობის ქვეყანა − ქვეყნის დასახელება“.

მუხლი 9. მოთხოვნები დაჭრილი შეფუთული ხორცის ეტიკეტირებისადმი

1. დაჭრილი შეფუთული ხორცის ეტიკეტზე განთავსებული უნდა იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია.

2. თუ დაჭრილი შეფუთული ხორცი მიღებულია ორი ან სამი სხვადასხვა სასაკლაოდან და წარმოადგენს ერთ ჯგუფს, ეტიკეტზე უნდა განთავსდეს ყველა სასაკლაოს აღიარების ნომერი.

3. თუ ხორცი დაიჭრა ორ ან სამ სხვადასხვა დამჭრელ საწარმოში და წარმოადგენს ერთ პარტიას, დაჭრილი შეფუთული ხორცის ეტიკეტზე უნდა განთავსდეს ქვეყნის დასახელება და სამივე დამჭრელი საწარმოს აღიარების ნომერი.

მუხლი 10. მოთხოვნები დაჭრილი შეუფუთავი ხორცის ეტიკეტირებისადმი

1. ბიზნესოპერატორმა, რომელიც საცალო ვაჭრობაში ახორციელებს დაჭრილი შეუფუთავი ხორცის მიწოდებას საბოლოო მომხმარებლისათვის, ეტიკეტზე უნდა განათავსოს ინფორმაცია იმ ქვეყნის შესახებ, სადაც დაიბადა, გაიზარდა და დაიკლა ცხოველი და სადაც მოხდა ტანხორცის დაჭრა.

2. ხორცი, რომელიც მიღებულია სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოშობილი ცხოველისაგან, რომელიც დაბადებულია ან/და გაზრდილია ან/და დაკლულია სხვადასხვა ქვეყნაში, ბიზნესოპერატორის მიერ საცალო ვაჭრობაში გამიჯნულად უნდა იქნეს განთავსებული.

3. საცალო ვაჭრობაში ინფორმაცია განთავსებული უნდა იქნეს ხორცის ნაჭრებთან ახლოს იმგვარად, რომ საბოლოო მომხმარებელმა ადვილად განასახვაოს სხვადასხვა წარმოშობის ხორცი.

4. ბიზნესოპერატორი საცალო ვაჭრობაში ვალდებულია, ყოველდღიურად, თარიღის მითითებით, აწარმოოს ცხოველის სასაკლაოსა და ხორცის დამჭრელი საწარმოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომრის რეგისტრაცია და მიაწოდოს მომხმარებელს მოთხოვნისთანავე.

5. დაჭრილი შეუფუთავი ხორცისათვის, რომელიც უშუალოდ მიეწოდება საბოლოო მომხმარებელს, პარტიის ზომა შესაძლებელია აღემატებოდეს დამჭრელი საწარმოს დღიურ წარმადობას.

თქვენი რეკლამა