გადავწყვიტოთ მიწის საკითხი მიწათმფლობელობისა და მიწათსარგებლობის ქართული წესით

qarTuli, miwa

ქართული სახელმწიფოს წინაშე დღეს არსებულ მრავალ გამოწვევას შორის უმთავარესი მიწის საკითხის გადაწყვეტაა. მიწის საკითხი ყველაზე არსებითად არის დაკავშირებული ქვეყნის ბედთან, რადგან ტერიტორიულ იდენტობა ეროვნული თვითცნობიერების ნიადაგია, ხოლო მისი შენარჩუნება წარმოუდგენელია  მიწათმფლობელობისა და მიწათსარგებლობის მოწესრიგებულობის გარეშე!

ქართული ტრადიციული სამართალი უწინარესად მიწის საკითხს აგვარებდა. მიწაზე კერძო და საზოგადოებრივი, ე.ი. სათემო საკუთრება მიწათმფლობელობის ქართული წესის ამოსავალ პრინციპს წარმოადგენდა. საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილად, პირველ ყოვლისა, სწორედ ამიტომ უნდა მივიჩნიოთ, რომ ისტორიულად არსებული მიწათმფლობელობის ქართული წესი ტიპოლოგიურად სწორედაც რომ ევროპულია.

სახელმწიფოებრიობის დაკარგვამ ქართული სამართლის უგულებელყოფა და მიწათმფლობელობის ქართული წესის მოსპობა განაპირობა. რუსეთის იმპერიის პირობებში საფრთხე მთლიანად ქართველთა ეროვნულ იდენტობას დაემუქრა.

მიწის, როგორც არა მხოლოდ ნივთის, არა ოდენ საკუთრების ობიექტის, არამედ როგორც ქართველთა ტერიტორიული იდენტობის განმსაზღვრელი მთავარი ღირებულების – საერთო მამულის დაცვა, ენისა და სარწმუნოების დაცვასთან ერთად, დიდი ილიას მიერ დარაზმული ეროვნული მოძრაობის მთავარი გეზი და ძირითადი სამოქმედო პროგრამა იყო.

საუბედუროდ, საბჭოთა იმპერიამ ერსაც და ქართულ თემსაც ნიადაგი  გამოაცალა, როდესაც კერძო საკუთრებასთან ერთად საერთოდაც მოსპო სათემო საკუთრებაც, ხოლო ქართული მიწა საბჭოეთის საერთო-სახალხო საკუთრებად გამოაცხადა!

საბჭოთა ოკუპაციის პირობებში „საერთო-სახალხო საკუთრების“  მიწას კონკრეტული პატრონი იურიდიულად აღარ ჰყავდა. საბჭოური მიწათმფლობელობა ტიპოლოგიურად აღმოსავლურ დესპოტიებში გავრცელებულ წესს წააგავდა, ოღონდ „ალაჰის“ მაგივრად, ყოველგვარი რელიგიურობისაგან დაცლილი იდეოლოგიური აბსტრაქცია – „საბჭოთა ხალხი“ იყო ფორმალურად მიწის მესაკუთრე.

კერძო და სათემო საკუთრების მოსპობამ და მიწაზე „საერთო-სახალხო საკუთრების“ ძალადობით დაწესებამ ყოფილ მესაკუთრეთა, ე.ი. როგორც კერძო, ასევე სათემო მიწათმფლობელთა თავისსავე ყოფილ მამულში უმიწაწყლო ხიზნებად გადაქცევა განაპირობა.

ძალადობაზე აშენებული საბჭოური ინდუსტრიალიზმი და მისი წესრიგი, მათ შორის საბჭოური მავნე მიწათმფლობელობაც, უნდა დანგრეულიყო და აკი დაინგრა კიდეც! ღვთის მადლით, საქართველომ სახელმწიფოებრიობა მე-20 საუკუნის მიწურულს კვლავ დაიბრუნა, რითიც შეიქმნა ის მთავარი პირობა, რომ თანამედროვე, რაციონალურად მოწყობილი ქართული სახელმწიფო, „ფრიად ქვეყანასაც“ და სათემო იდენტობასაც უკვე დემოკრატიული წეს-წყობილებით დაიცავდა, ხოლო მიწათმფლობელობის ქართული წესი ახალ ვითარებაში შეისხამდა ხორცს.

სამწუხაროდ, ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური პრობლემა, რაც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ საქართველომ დღემდე ვერ მოაგვარა, სწორედ მიწის საკითხია.

მართალია, 90-ანი წლების დასაწყისში აგრარული რეფორმის გასატარებლად პირველი ნაბიჯები გადაიდგა, როცა სასოფლო მიწა მის ნამდვილ პატრონებს, ქართველ გლეხებს საკუთრებაში დაუბრუნდათ, მაგრამ ამ რეფორმას განვითარება არ მოჰყოლია: მიწის ფონდის უდიდეს ნაწილს, რომელიც საბჭოთა ოკუპაციისას  აბსტრაქტულ საერთო-სახალხო საკუთრებას წარმოადგენდა, ჯეროვანი პატრონი დღემდე არ ჰყავს, გამოუყენებელი და უსარგებლოა, უარესიც: აღურიცხავი, დურეგისტრირებელი და მასადამე, იურიდიულადაც უპატრონოა!

უკანასკნელი მიწის ბალანსის მიხედვით, რომელიც 2004 წლის შემდგომ საერთოდ აღარც იწარმოება (?!), სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა შეადგენდა 3025,8 ათას ჰექტარს, მათ შორის, სახნავი – 802,1 ათას ჰექტარს, მრავაწლიანი ნარგავები – 263,5 ათას ჰექტარს, სათიბი – 143,5 ათას ჰექტარს და საძოვარი – 1796,6 ათას ჰექტარს. ხოლო საჯარო რეესტრის დღევანდელი მონაცემებით რეგისტრირებულია მხოლოდ 1070, 5 ათასი ჰა სასოფლო მიწა, ამ დარეგისტრირებული მიწიდან  სახელმწიფო საკუთრებაშია 380, 4 ათასი ჰა. როგორც ვხედავთ, ყველაზე ძვირფასი საუნჯის, რომელიც განუახლებად ბუნებრივ რესურსს წარმოადგენს და თანასწორად ეკუთვნის ქართველთა წარსულ, აწმყო და მომავალ თაობებს, უდიდესი ნაწილი, ე.ი. არსებული მონაცემებით 1955,3 ათას. ჰა მიწა, ანუ სასოფლო-სამეურნეო მიწის მთლიანი ფონდის 65% (ორი მესამედი!) აღურიცხავი, დაურეგისტრირებელი და იურიდიულად უპატრონოა!

საერთოდ მოუწესრიგებელი და აღურიცხავია მიწათსარგებლობა! გულსაკლავია, რომ გეორგიანული კულტურის უძველეს ქვეყანაში დღეს მიწის მიმართ ისეთი უდიერი დამოკიდებულებაა, რომელსაც ალბათ ანალოგიც კი არ მოეპოვება თანამედროვე მსოფლიოში!  დღეს არავინ უწყის, რეალურად რა მდგომარეობაშია საქართველოს მიწის ფონდი, სად, ვის ხელში და რამდენი გვაქვს მიწა, რისი პატრონები ვართ – რამდენი გვაქვს სახნავ-სათესი, საძოვარი და სათიბი, ბაღი, ვენახი, ბოსტანი, ტყე, წყლის ფონდის მიწა, სამრეწველო დანიშნულების, განაშენიანების, რეკრეაციის და სხვ. მიწები. აღარაფერს ვამბობთ მიწათ-მოწყობაზე, რომელიც  სსრკ-ს დაშლის მერე ფაქტობრივად საერთოდ მოიშალა; ანდა თუნდაც ქალაქგეგმარებასა და ზოგადად, ტერიტორიების სივრცით დაგეგმარებაზე, რაც სავალალო და კატასტროფულ მდგომარეობაშია!

განსაკუთრებით გულსატკენია, რომ ყველაფერთან ერთად ასევე კატასტროფულ მგომარეობაშია მიწის სამართალიც! დღეს მოქმედ უაღრესად ფრაგმენტულ და წინააღმდეგობრივ კანონმდებლობაში საერთოდაც არ არსებობს საზოგადო, მწყობრი და ერთიანი სამართლებრივი პრინციპები, რაც მიწასთან, როგორც ქვეყნის განუახლებად და უმთავრეს რესურსთან დაკავშირებულ საზოგადოებრივ ურთიერთობათა ფართო სპექტრს მოაწესრიგებდა.

მიწათსარგებლობის სამართლებრივ მოუწესრიგებლობაზე ნათლად მეტყველებს თუნდაც „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონი. ეს კანონისახელმწიფოს, როგორც მესაკუთრე სუბიექტს, მხოლოდ კერძო საკუთრების ჩამორთმევასა და მაღალმთიან რეგიონებთან დაკავშირებით, გაკვრით მოიხსენიებს; არადა, რეალურად, მიწის ყველაზე მსხვილი მესაკუთრე, ცხადია, დღეს სწორედაც რომ სახელმწიფოა!

მართალია, კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“, სახელმწიფოს მიიჩნევს სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრედ, მაგრამ ეს კანონი ზოგადადაც არა სახელმწიფო ქონებით სარგებლობას, მისი გამოყენების, მართვისა და დაცვის ჯეროვან რეჟიმებს, არამედ ოდენ სახელმწიფო ქონების განკარგვას, მის პრივატიზებას ანდაც სარგებლობის უფლებით გადაცემას აწესრიგებს! ასეთი „გამყიდველური“ დამოკიდებულების, რაც წინა ხელისუფლების დროს ჩამოყალიბდა (გავიხსენოთ იმ ხელისუფლების „საავტორო გამოგონება“: „ყველაფერი იყიდება, სინდისის გარდა!“) გამო, რაც კანონში აშკარადაა გამოხატული, იქმნება მყარი შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფოს მიწის პატრონობა ოდენ მის გასაყიდად თუ გაახსენდება! სწორედ ამიტომაც, დღემდე სრულიად უსისტემო და ქაოტური ხასიათი აქვს სახელმწიფოს მიერ მიწის გასხვისების პროცესს. შედეგად ტარდება- „პრივატიზება პრივატიზებისათვის“ და არა ეკონომიკური ეფექტიანობის, სოციალური მიზანშწონილობის ანდა რაიმე სხვა არსებითი საზოგადოებრივი სიკეთის მისაღებად.

უარესი კურიოზია, რომ არც „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონით, არც დღეს მოქმედი ტყის და წყლის კოდექსებით  მუნიციპალიტეტი საერთოდაც არ მოიხსენიება, როგორც მესაკუთრე სუბიექტი (?!).

სავალალოა, რომ მსგავსი კურიოზებით ძალზე „მდიდარია“ ჩვენი კანონმდებლობა.  თუნდაც მარტო „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ ის ნორმა რად ღირს (იხ. ამ კოდექსის 107-ე მუხლის მე-4 ნაწ.), რომლის თანახმადაც მიწაზე საკუთრების უფლება სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტს შორის „შეჯიბრზე“ ხდება დამოკიდებული: თურმე უპატრონო მიწა იმისი იქნება, ვინც მის რეგისტრაციას დაასწრებს (?!), ზუსტად ისე, როგორც ეს „ველურ დასავლეთში“, ამერიკის კოლონიზირების დროს ხდებოდა!

მიწათსარგებლობის მოუწესრიგებლობის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოვლინებაა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ქართულ თემს უმთავრესი უფლებები არ დაბრუნებია – იგი მესაკუთრე სამართალ-სუბიექტს დღემდე არ წარმოადგენს! ხოლო სათემო ქონებას მოკლებული სოფელი უკვე ქართული სოფელი კი არა, არამედ ბედისწერას მინებებული დასახლებაა, სადაც საბჭოთა დროიდან დღემდე საზოგადო მიწა-წართმეული, ე.ი. ხიზნებად ქცეული მოსახლეობა სახლობს და არა მკვიდრი თემი!სანამ თემი არ გახდება სათემო ქონების მესაკუთრე სამართალსუბიექტი, ძნელად სავარაუდოა, რომ მიწაზე საზოგადო საკუთრებამ კონკრეტული იურიდიული შინაარსი და მაშასადამე, მიწამაც ჯეროვანი პატრონი დაიბრუნოს!

მიწათმფლობელობისა და მიწათსარგებლობის ამჟამინდელ მოუწესრიგებლობას არ შეიძლება შეეგუოს და ვერც შეეგუება ქართული სახელმწიფო!

სასწრაფოდ უნდა დაიგეგმოს და დროის დაუკარგავად განხორციელდეს ფუნდამენტური აგრარული რეფორმა! ამ რეფორმამ ერთხელ და სამუდამოდ, პრინციპულად უნდა გადაწყვეტოს მიწის საკითხი. ამისათვის კი აუცილებლად მიგვაჩნია:

  1. მიწის რეფორმის ძირითადი მიზნების განსაზღრა;

ჩვენი აზრით, ეს მიზნებია:

ა) მიწაზე უფლებების რეგისტრაციის პროცესის მოწესრიგება და გარდამავალ პერიოდში სახელმწიფოს ორგანიზებითა და ხარჯით მიწაზე უფლებების პირველადი რეგისტრაციის პროცესის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება;

ბ) გარდამავალ პერიოდში ნორმატიული და ინსტიტუციური ბაზის შექმნა, ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა, რათა ქვეყანაში რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს მიწათსარგებლობის კადასტრის სისტემური წარმოება;

გ) გარდამავალ პერიოდში ქვეყნის სივრიცითი მოწყობის სქემაზე მუშაობის დასრულება და პირობების შექმნა, რათა რაც შეიძლება სწრაფად მომზადდეს და მიღებული იქნას ქვეყნის რეგიონების, მუნიციპალიტეტებისა და მსხვილი დასახლებების სივრცითი მოწყობის კანონით განსაზღვრული დოკუმენტები, უწინარესად – მიწათსარგებლობის გენერალური  გეგმები;

დ) მიწაზე საკუთრების დეცენტრალიზაცია -გარდამავალ პერიოდში ნორმატიული და ინსტიტუციური საფუძვლების მომზადება, რათა ის მიწა, რომელსაც არ იყენებს სახელმწიფო და არ არის საჭირო რომელიმე სახელმწიფო კომპეტენციის განსახორციელებლად, უსისტემოდ და ქაოტურად კი აღარ გაიყიდოს, არამედ შესაბამის მუნიციპალიტეტებს გადაეცეთ და მათ საკუთრებად უსასყიდლოდ დარეგისტრირდეს;

ე) მიწაზე სათემო მფლობელობის აღდგენა – გარდამავალ პერიოდში ნორმატიული, ინსტიტუციური და ტექნიკური საფუძვლების მომზადება, რათა დასახლებებში (ხოლო მსხვილი დასახლებების შემთხვევაში – დასახლებათა უბნებშიც) ადგილობრივი თემი ჩამოყალიბდეს, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირი – მესაკუთრეთა ამხანაგობა (კონდომინიუმი), რომელსაც მუდმივ მფლობელობაში და უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული არაპრივატიზებული მიწა;

ვ)  მიწის პრივატიზების მოწესრიგება – გარდამავალ  პერიოდში ნორმატიული საფუძვლების მომზადება, რომლითაც რეალურ შინაარსს შეიძენს ჯერ კიდევ 1921წ. ქართული კონსტიტუციის 116-ე მუხლის ის პრინციპი, რომ „მიწის დამუშავება და გამოყენება შეადგენს მიწის მფლობელის მოვალეობას საზოგადოების წინაშე“; ამ პრინციპიდან გამომდინარე კანონმდებლობით მკაფიოდ განისაზღვრება წესები და პირობები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს მიწის შემძენი; კერძოდ, დადგინდება სათემო მფლობელობაში მოქცეული მიწის პრივატიზების ისეთი წესიც, როდესაც პრივატიზება დაიშვება მხოლოდ თემის თანხმობით და იმ პირობით, რომ კონკრეტული საზოგადოებრივი სარგებელი პრივატიზებიდან სწორედ თემმა უნდა მიიღოს; გარდა ამისა, მიწის პრივატიზებისას შემძენისათვის სავალდებულო უნდა გახდეს მიწათ-მოწყობისა და ტერიტორიის განვითარების გეგმების, რომლებიც უნდა შეესაბამებოდნენ მუნიციპალიტეტის მიერ მიღებულ ნორმატიულ დოკუმენტებს, წარდგენა.

  1. ზემოთ მოცემული მიზნების შესაბამისად ფუნდამენტური აგრარული რეფორმისათვის საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის შექმნა;

აუცილებელია რაც შეიძლება მოკლე დროში მიწის კოდექსის მომზადება და მიღება.

  1. მიწის შესახებ ახალი კანონმდებლობის მიღებისა და იმპლიმენტაციის, ფუნდამენტური აგრარული რეფორმის გასატარებლად მიწის რეფორმის სახელმწიფო კომისიის შექმნა;

კომისია უნდა შეიქმნას პრემიერ-მინისტრთან, კომისიამ უნდა შეიმუშაოს ფუნდამენტური აგრარული რეფორმის გატარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ძირითადი პოლიტიკური და მმართველობითი გადაწყვეტილებების პროექტები, პარლამენტში წარსადგენ სკანონმდებლო პაკეტის პროექტი, უზრუნველყოს რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთო-ეროვნული კონსენსუსის მიღწეევა, რეფორმის სწორად დაგეგმვა და განხორციელების კოორდინაცია;

  1. არა მხოლოდ მიწათმფლობელობის („საჯარო რეესტრი“) არამედ, მიწათსარგებლობის (მიწათსარგებლობის კადასტრი, რომელიც დღეს აღარ არსებობს) აღრიცხვიანობის სასწრაფოდ მოწესრიგება.

მიწათსარგებლობის კადასტრის სისტემული წარმოებისათვის, მიწათ-მოწყობისა და ტერიტორიული განვითარების პროცესების მართვისათვის  აუცილებელია ნორმატიული და ინსტიტუციური საფუძვლების მომზადება, რათა,რაც შეიძლება სწრაფად შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი ,,მიწის რესურსების მართვის, მიწათსარგებლობის მონიტორინგისა და ტერიტორიული განვითარების ეროვნული სააგენტო“.

დრო არ ითმენს. მიწის საკითხის გადაწყვეტა, მამულის ჯეროვანი პატრონობა, მაშასადამე-მიწათმფლობელობისა და მიწათსარგებლობის ქართული წესით მოწესრიგება,  ჩვენი თაობის უწინარესი ვალდებულებაა ერთმანეთის, ჩვენი წინაპრებისა და შთამომავლობის წინაშე!

პროფესორები: პაატა კოღუაშვილი, დავით ზარდიაშვილი, ანზორ მესხიშვილი, ჯუმბერ ფანჩულიძე

თქვენი რეკლამა