ბლის გლობალური წარმოება რეკორდულ 5,4 მლნ ტონას მიაღწევს

ბლის, გლობალური, წარმოება

მსოფლიოში ბლის რეკორდული მოსავალია მოსალოდნელი, რაც საერთაშორისო ბაზარზე კონკურენციის გამწვავებასა და საექსპორტო ფასების ცვლილებას გამოიწვევს. წარმოების ზრდა ძირითად მწარმოებელ ქვეყნებში ბაზრის ახალ ტენდენციებს აყალიბებს და ექსპორტიორებს შორის კონკურენციას აძლიერებს.

აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) საგარეო სოფლის მეურნეობის სამსახურის 2026 წლის სექტემბრის ანგარიშის თანახმად, 2026/27 წლების სეზონზე ბლის გლობალური წარმოება 17%-ით გაიზრდება და ისტორიულ მაქსიმუმს — 5,4 მლნ ტონას მიაღწევს.

გასული სეზონის ყინვებით გამოწვეული წარმოების შემცირების შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე ვითარება მკვეთრად იცვლება. პროგნოზის გამართლების შემთხვევაში, ბლის წარმოება ყველა დროის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს. ზრდის მთავარ წყაროდ ჩინეთში, თურქეთსა და ჩილეში მოსალოდნელი უხვი მოსავალი სახელდება. ამ ქვეყნების წარმოების მატება შეერთებულ შტატებში მოსალოდნელ შემცირებასაც დააბალანსებს.

ბლის წარმოება: მკვეთრი ზრდა და შემცირება

მიმდინარე სეზონზე წარმოების ყველაზე შთამბეჭდავი აღდგენა თურქეთშია მოსალოდნელი. წინა სეზონზე ძლიერი ყინვებით გამოწვეული ზარალის შემდეგ, ქვეყანაში ბლის მოსავალი თითქმის 250%-ით გაიზრდება და რეკორდულ 1 მლნ ტონას მიაღწევს.

წარმოების რეკორდული მაჩვენებლებია მოსალოდნელი ჩინეთშიც — 1,02 მლნ ტონა, ხოლო ჩილეში მოსავალი 727 ათას ტონას შეადგენს. ევროკავშირში კი წარმოება 800 ათას ტონამდე გაიზრდება.

საპირისპირო ვითარებაა შეერთებულ შტატებში, სადაც გაზაფხულის ყინვებმა და არახელსაყრელმა ამინდმა ბლის ბაღები მნიშვნელოვნად დააზიანა. ვაშინგტონის, ორეგონისა და მიჩიგანის შტატებში მოსავლის შემცირების გამო, აშშ-ში ბლის წარმოება 20%-ზე მეტით დაიკლებს და 317 ათას ტონას შეადგენს.

საექსპორტო და საიმპორტო ნაკადები

უხვი მოსავლის ფონზე, ბლის გლობალური ექსპორტი 15%-ზე მეტით გაიზრდება და დაახლოებით 900 ათას ტონას მიაღწევს.

მსოფლიოს უმსხვილესი ექსპორტიორის პოზიციას კვლავ ჩილე შეინარჩუნებს. ქვეყანა ექსპორტს 80 ათასი ტონით გაზრდის და მისი მოცულობა 650 ათას ტონას მიაღწევს.

მნიშვნელოვნად გააქტიურდება თურქეთიც. გასულ სეზონზე კრიზისის გამო ექსპორტის 6 ათას ტონამდე შემცირების შემდეგ, ქვეყანა საერთაშორისო ბაზრებზე 70 ათასი ტონა ბლის გატანას გეგმავს. ეს ევროკავშირსა და რუსეთში მიწოდების აღდგენასაც გულისხმობს.

იმპორტის მიმართულებით მთავარ მყიდველად კვლავ ჩინეთი რჩება. ქვეყანა შესყიდვებს 12%-ით გაზრდის და რეკორდულ 560 ათას ტონა ბალს შემოიტანს, ძირითადად ჩილედან. ექსპერტების შეფასებით, თურქული და ჩილეური ბლის მიწოდების ზრდა საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენციას კიდევ უფრო გაამწვავებს. ასეთ პირობებში მწარმოებლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდება პროდუქციის ხარისხის შენარჩუნება და წარმოების თვითღირებულების კონტროლი.

თქვენი რეკლამა