დანერგე მომავალი-მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტი

ბაღების კომპონენტი:

სახელმწიფო პროგრამის “დანერგე მომავალის” მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტი (შემდგომში ბაღების კომპონენტი) ითვალისწინებს მრავალწლიანი კულტურების ახალი ბაღების გასაშენებლად პოტენციური ბენეფიციარებისათვის ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევას.

მრავალწლიანი კულტურების ბაღების პოტენციალი და გაშენების შესაძლებლობა  განსხვავდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, შესაბამისად ამ პროგრამაში განსაზღვრულია იმ მრავალწლიანი კულტურების სახეობები რომელიც შესაძლებელია გაშენდეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში:

კახეთი: ატამი, ქლიავი, ბალი, ტყემალი, ზეთის ხილი, ხურმა, ბროწეული, კაკალი, ნუში, თხილი.

შიდა ქართლი: ატამი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, მოცხარი, ხურტკმელი,   ჟოლო, კაკალი, ვაშლი.

ქვემო ქართლი: ატამი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, გარგარი, მოცხარი, ხურტკმელი,  ჟოლო,  კაკალი,  ნუში, ბროწეული.

მცხეთა მთიანეთი: ატამი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, მოცხარი, ხურტკმელი, ჟოლო, კაკალი, ვაშლი.

სამცხე ჯავახეთი: ატამი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, მოცხარი, ხურტკმელი, ჟოლო, კაკალი, ვაშლი.

იმერეთი: ქლიავი, ტყემალი, ბალი, მოცხარი, ხურტკმელი, ჟოლო, ხურმა, კაკალი, თხილი, ვაშლი.

რაჭა ლეჩხუმი – ქვემო სვანეთი: ქლიავი, ტყემალი, ბალი, ხურმა,კაკალი, თხილი, ვაშლი.

სამეგრელო ზემო სვანეთი: ქლიავი, ტყემალი, ლურჯი მოცვი, ხურმა,კივი, ფეიხოა, თხილი.

გურია: ქლიავი, ტყემალი, ბალი, ლურჯი მოცვი, ხურმა, კივი, ფეიხოა, თხილი, ვაშლი.

აჭარა: ქლიავი, ტყემალი, ბალი, ლურჯი მოცვი, ხურმა,კივი, ფეიხოა, თხილი,  ვაშლი.

ბაღების კომპონენტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს მრავალწლიანი კულტურების ბაღების გაშენების თანადაფინანსება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში და თვითმმართველ ქალაქში შემდეგი თვითმმართველი ქალაქების გარდა: ქ. თბილისი, ქ. რუსთავი, ქ, ქუთაისი, ქ. ბათუმი, ქ. ფოთი.

ფინანსური დახმარება:

  1. ბაღების კომპონენტის ფარგლებში ფინანსური დახმარება ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას თანადაფინანსების სახით, როგორც მრავალწლიანი კულტურების ნერგების შეძენის მიზნით, ასევე თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის მიზნით.
  2. ბაღების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულების მაქსმიმუმ 70 %, როგორც ნერგების ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე მათი იმპორტის შემთხვევაშიც. ამავდროულად დადგენილია თითოეულ ნერგზე თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა:
    ატამი – 3.5 ლარი; გარგარი – 3.5 ლარი; ხურმა – 3.5 ლარი; თხილი – 0.84 ლარი;
    ტყემალი – 3.5 ლარი; კივი – 3.5 ლარი; კაკალი – 7.0 ლარი; ფეიხოა – 2.8 ლარი;
    ლურჯი მოცვი – 3.5 ლარი; ნუში – 3.5 ლარი; ჟოლო – 1.05 ლარი; ბროწეული – 2.1 ლარი;
    მოცხარი – 1.05 ლარი; ვაშლი – 4.2 ლარი; ქლიავი – 3.5 ლარი; ბალი – 3.5 ლარი;
    ხურტკმელი – 1.05 ლარი;

  3. ბაღების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის ღირებულების მაქსიმუმ 50% (დღგ – ს ჩათვლით), მაგრამ არაუმეტეს 2 500 ლარისა (დღგ -ს ჩათვლით) 1ჰა-ზე.
  4. იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარი ფლობს ნერგებს, გააჩნია საკუთარი სანერგე მეურნეობა ან საკუთარი მიზნებისათვის გამოჰყავს ნერგები, მას შეუძლია მიიღოს მხოლოდ წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობისათვის თანადაფინანსება ამ მუხლის მე-3 პუნქტში დადგენილი ოდენობით.
  5. პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, მრავალწლიანი ბაღის გაშენების შემდგომ,  დამატებით  გადაეცემათ საკუთრებაში საწამლი აპარატები.

ტექნიკური დახმარება:

  • ინტენსიური ბაღის მოვლისათვის აუცილებელი ცოდნით აღჭურვისათვის იმ ბენეფიციარებს, რომლებიც მიიღებენ ფინანსურ დახმარებას, ჩაუტარდებათ ტრეინინგები შემდეგ საკითხებში:
    ა) გაშენებულ ბაღში ნერგების გასხვლის ტექნოლოგიების პრაქტიკული სწავლება;
    ბ) მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის სისტემების დანერგვა – IPM;
    გ) ბაღის მორწყვისა და მცენარეთა კვების უზრუნველყოფის საკითხები;
  • ტრეინინგებში მონაწილეობის მიღება წარმოადგენს ბენეფიციარის ვალდებულებას და აისახება ბენეფიციართან გასაფორმებელ ხელშეკრულებაში;

შეზღუდვები:

  • ბაღების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება ერთი ბენეფიციარის მიერ მინიმუმ 1 ჰა (ცვლილების შესაბამისად, მანამდე იყო 5 ჰა) და მაქსიმუმ 20 ჰა მრავალწლიანი კულტურის ბაღის გაშენება (გარდა გამონაკლისი მუნიციპალიტეტებისა).
  • თანადაფინანსების მოცულობა 1 ჰა-ზე არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ლარს, თანადაფინანსების ზედა ზღვარის გაანგარიშებაში არ მოხდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის დამატებით გადასაცემი საწამლი აპარატების ღირებულების გათვალისწინება.
  • ერთ ბენეფიციარზე გამოყოფილი თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს, თანადაფინანსების ზედა ზღვარის გაანგარიშებაში არ მოხდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის დამატებით გადასაცემი საწამლი აპარატების ღირებულების გათვალისწინება.
  • ბაღების კომპონენტის ფარგლებში, პირველ რიგში, დაფინანსდება შესასყიდი ნერგების ღირებულების 70%, ხოლო თანხის დარჩენილი სხვაობიდან – წვეთოვანი სარწყავი სისტემა.

სანერგეების კომპონენტი:

სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების კომპონენტი (შემდგომში სანერგეების კომპონენტი) ითვალისწინებს  სანერგე მეურნეობების შექმნის მსურველი პოტენციური ბენეფიციარებისათვის   ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას.

სანერგეების კომპონენტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს მრავალწლიანი კულტურების სანერგეების შექმნის თანადაფინანსება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში და თვითმმართველ ქალაქში შემდეგი თვითმმართველი ქალაქების გარდა: ქ. თბილისი, ქ. რუსთავი, ქ. ქუთაისი, ქ. ბათუმი, ქ. ფოთი.

ფინანსური დახმარება:

სანერგეების კომპონენტის ფარგლებში, ფინანსური დახმარება ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას თანადაფინანსების სახით სანერგე მეურნეობის მოსაწყობად.

თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს  50%-ს. მიწის ღირებულება, მიწის მოსამზადებელი სამუშაოები და მიწის ნაკვეთის შემოღობვის ღირებულების გათვალისწინება პროექტის ჯამურ ღირებულებაში არ განხორციელდება. სანერგე მეურნეობის შექმნის პროექტის ღირებულების დარჩენილი ნაწილის დაფინანსება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც საკუთარი სახსრებით, ასევე საბანკო კრედიტით.

ტექნიკური დახმარება:

  • სანერგე მეურნეობის  მოვლისათვის აუცილებელი ცოდნით აღჭურვისათვის იმ ბენეფიციარებს, რომლებიც მიიღებენ ფინანსურ დახმარებას, ჩაუტარდებათ ტრეინინგები შემდეგ საკითხებში:
    ა) სარგავი მასალის  გამრავლების ტექნოლოგიები;
    ბ) სარგავი მასალის  სერთიფიცირების  პრინციპები;
  • ტრეინინგებში მონაწილეობის მიღება წარმოადგენს ბენეფიციარის ვალდებულებას და აისახება ბენეფიციართან გასაფორმებელ ხელშეკრულებაში.

შეზღუდვები:

1. ერთ ბენეფიციარზე გამოყოფილი დაფინანსების მაქსიმალური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 150 000 ლარს.

2. სანერგეების კომპონენტის ფარგლებში გამოყოფილი თანადაფინანსების სახსრების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი მიზნობრიობით:

ა) უვირუსო  სადედე  ნერგების  შეძენა;

ბ) ინტენსიური ტიპის  უვირუსო საძირეების შეძენა;

გ) პორტატული ლაბორატორიული მოწყობილობების შეძენა;

დ) თანამედროვე ტიპის  სარწყავი სისტემების მოწყობა.

პროგრამაში შესულია, რიგი ცვლილებები, რომლებიც შეგიძლიათ იხილოთ სააგენტოს საიტზე, მოცემულია წყარო.
წყარო: სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო apma.ge
რედაქცია: agrokavkaz.ge

თქვენი რეკლამა