FAO-ს წინასწარი პროგნოზით, 2026/27 სეზონზე ზეითუნის ზეთის მსოფლიო წარმოება 3,7 მილიონ ტონას მიაღწევს.
მოსავლის ზრდის მოლოდინის პარალელურად, ბაზარზე უკვე შეინიშნება ფასების კლების ტენდენცია — ესპანეთში უმაღლესი ხარისხის ზეითუნის ზეთის ექსტრა ვირჯინის (Extra Virgin) საბითუმო ფასი წლიურად თითქმის მეხუთედით შემცირდა.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) 19 ნოემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის — Food Outlook-ის მიხედვით, 2026/27 სეზონზე ზეითუნის ზეთის მსოფლიო წარმოება შესაძლოა რეკორდულ 3,7 მილიონ ტონას გაუტოლდეს. ორგანიზაციის შეფასებით, ამავე პერიოდში მოხმარებაც გაიზრდება და 6%-იან მატებას მიაღწევს.
წარმოების ზრდის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ესპანეთში მოსავლის მნიშვნელოვანი მატებაა. ქვეყანა მსოფლიოში ზეითუნის ზეთის უმსხვილესი მწარმოებელია და 2026/27 სეზონზე მისი წარმოება, სავარაუდოდ, წინა სეზონთან შედარებით 22,7%-ით გაიზრდება და 1,6 მილიონ ტონას მიაღწევს.
საბითუმო ფასები ევროპაში მკვეთრად დაეცა
მოსავლის ზრდა უკვე აისახა საბაზრო ფასებზეც. FAO-ს მონაცემებით, 2026 წლის სექტემბერში, ესპანეთში უმაღლესი ხარისხის ზეითუნის ზეთის ექსტრა ვირჯინის (Extra Virgin) საბითუმო ფასი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18,3%-ით დაბალი იყო.
ფასების კიდევ უფრო მკვეთრი შემცირება დაფიქსირდა იტალიაში — ქალაქ ბარიში ზეითუნის ზეთის საბითუმო ღირებულება წლიურად 50%-ზე მეტით დაეცა.
როგორ შეიცვლება ბაზრის ბალანსი
მომდევნო სეზონისთვის გადამწყვეტი იქნება, რამდენად გამართლდება მოსავლის წინასწარი პროგნოზი და როგორ განვითარდება მოთხოვნა ძირითად ბაზრებზე. წარმოების ზრდა და ფასების შემცირება მწარმოებლებისთვის შემოსავლების მხრივ გამოწვევას ქმნის, მომხმარებლებისთვის კი შესაძლოა პროდუქტის უფრო ხელმისაწვდომობას ნიშნავდეს.
წყარო: FAO
ფოტო: აგროკავკასია / AI

